ისრაელის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სკოლები სწავლების დისტანციურ ფორმატში გადავლენ.
„ონლაინ სწავლება ძირითადად მიმართული იქნება ემოციურ და სოციალურ ასპექტებზე, რათა გააძლიეროს მოსწავლეთა მდგრადობა, ასევე - სიტუაციის შესაბამის საგანმანათლებლო შინაარსზე“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შაბათს პალესტინური რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ისრაელის ბევრი სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე.
ისრაელის ცენტრალურ ნაწილში დროდადრო ისმის საჰაერო თავდასხმის მანიშნებელი სირენების ხმა.
ასევე ნახეთ ისრაელში დაასახელეს მიზეზები, რის გამოც ვერ მოხერხდა "ჰამასის" იერიშის თავიდან აცილება - NYT
დღეს, 11 ოქტომბრის დილით, ქალაქ აშკელონზე „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა.
ბოლო მონაცემებით, ისრაელის არმიის ცნობით, „ჰამასის“ თავდასხმას ისრაელში, სულ მცირე, 1 200 ადამიანი შეეწირა, 2 800 კი დაშავდა.
ღაზის სექტორში ისრაელის საპასუხო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 055-მდე გაიზარდა, 5 184 ადამიანი კი დაშავდა, ამის შესახებ აცხადებენ ღაზის „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ჯანდაცვის სამინისტროში.
ასევე ნახეთ სიწმინდეები, რომლებსაც ებრაელები და პალესტინელები ვერ იყოფენ
- 2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. პასუხად ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
- 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
- 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.
- „ჰამასს“ მძევლად ჰყავს, სხვადასხვა მონაცემით, 100-დან 150-მდე ადამიანი.
რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელს მიიჩნევს არალეგიტიმურ და ოკუპანტ სახელმწიფოდ, რომელსაც დაპყრობილი აქვს პალესტინის ტერიტორია.
„ჰამასისთვის“ კონკურენტია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ნაწილობრივ აღიარებული პალესტინის სახელმწიფოს სათავეში მყოფი, პარტია „ფათაჰის“ ეროვნული ადმინისტრაცია, რომელსაც მაჰმუდ აბასი ხელმძღვანელობს. ეს ადმინისტრაცია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს აკონტროლებს.
.