Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში დაასახელეს მიზეზები, რის გამოც ვერ მოხერხდა "ჰამასის" იერიშის თავიდან აცილება - NYT


ღაზის სექტორის და ისრაელის საზღვრის გარღვევა. 7 ოქტომბერი, 2023 წ.
ღაზის სექტორის და ისრაელის საზღვრის გარღვევა. 7 ოქტომბერი, 2023 წ.

ისრაელის ანალიტიკოსებმა დაასახელეს ოთხი მიზეზი, რამაც ხელი შეუშალა არმიასა და სპეცსამსახურებს, თავიდან აეცილებინათ ისლამისტური დაჯგუფება "ჰამასის" ბოევიკების შეჭრა ისრაელის ტერიტორიაზე. ამის შესახებ წერს გაზეთი New York Times-ი, ისრაელის მთავრობის რამდენიმე ანონიმ წარმომადგენელზე დაყრდნობით.

გაზეთის წყაროების თანახმად, ისრაელის თავდასხმის მოუმზადებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ისრაელის სადაზვერვო სამსახურებმა ვერ შეძლეს "ჰამასის" წევრების საკომუნიკაციო ხაზების კონტროლი. თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე, დაზვერვა შეეცადა გაეფრთხილებინა არმიის ხელმძღვანელობა დაჯგუფების საკომუნიკაციო ხაზებზე უჩვეულო აქტივობის შესახებ, მაგრამ ეს გაფრთხილებაც შეუმჩნეველი დარჩა.

მეორე მიზეზი იყო ღაზის სექტორის საზღვარზე სიტუაციის მონიტორინგისთვის ელექტრონიკაზე გადაჭარბებული დამოკიდებულება. ბოლო წლებში ღაზის საზღვრის გასწვრივ დისლოცირებული ჯარისკაცების რაოდენობა შემცირდა. საზღვარზე დამონტაჟდა მრავალი სათვალთვალო კამერა, სენსორი და დისტანციურად მართვადი ტყვიამფრქვევი. თუმცა თავდასხმამდე ისლამისტებმა დრონების საშუალებით გაანადგურეს ფიჭური კავშირის კოშკები, მოუსპეს ისრაელის არმიას წვდომა ამ აღჭურვილობაზე, რამაც ბოევიკებს საშუალება მისცა, შეუმჩნევლად გადაელახათ საზღვარი ოცდაათ ადგილას.

მესამე მიზეზად დასახელდა სამხედრო სარდლობის ოპერატიული შეცდომა, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ სასაზღვრო დივიზიის მმართველობა განათავსა ერთ ბაზაზე, რომელიც თავდასხმის დაწყებისთანავე იგდო ხელთ "ჰამასმა".

მეოთხე მიზეზი იყო ის, რომ ისრაელის სარდლობამ ნამდვილად ჩათვალა "ჰამასის" ლიდერთა საუბრის ჩანაწერები, რომ თითქოს მათ არ ჰქონდათ ისრაელზე თავდასხმის გეგმა. სავარაუდოდ, "ჰამასის" წევრებმა იცოდნენ, რომ მათი საუბრები ისმინებოდა და შეცდომაში შეიყვანეს ისრაელის სპეცსამსახურები.

გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ ხაზს უსვამს, რომ ეს დასკვნები წინასწარია.

  • 2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. პასუხად ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
  • 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
  • 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. „ჰამასს“ მძევლად ჰყავს, სხვადასხვა მონაცემით, 100-დან 150-მდე ადამიანი.
  • ისრაელის არმიამ დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობა, რომ 1200-მდე გაიზარდა „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მოკლულთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. 10 ოქტომბრის ღამისთვის დადასტურებული იყო 1000 ადამიანის სიკვდილი.
  • 11 ოქტომბრის დილით მონაცემები განაახლა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრომაც. მისი ინფორმაციით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაღუპულია 950 ადამიანი. ერთი დღით ადრე ეს რიცხვი 900-მდე იყო.
XS
SM
MD
LG