პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სახელისუფლებო პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, სასამართლოში უჩივის. პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 11 ოქტომბერს, შეიტანა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.
"ჩვენ ვითხოვთ ირაკლი კობახიძისგან მის მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფას... ჩვენ მივყვებით ამ ყველაფერს სასამართლოს გზით და ველოდებით, რომ სასამართლო განიხილავს და დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას", - აცხადებს ადვოკატი.
სადავო განცხადება, რომელიც ირაკლი კობახიძემ 10 სექტემბერს გააკეთა, იყო ჟურნალისტების კითხვაზე პასუხი. კერძოდ, მას ჰკითხეს "ლელოს" ინიციატივაზე, დაწყებულიყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტის პროცედურა სამთავრობო ბორტის პირადი მიზნებით, შვილის ევროპაში ჩასაყვანად გამოყენებისთვის.
"ეს არის ცარიელი სპეკულაცია. მამუკა ხაზარაძეზე შეგახსენებთ, რომ ის ერთ-ერთი თანამონაწილე იყო ბიზნესის რეკეტის სქემაში, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იყო მაშინ დანერგილი. არაფერი სასპეკულაციო არ არის ამ ყველაფერში, როდესაც პრემიერი საკუთარი ხარჯით მიემგზავრება საზღვარგარეთ. არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტის ფული. დანაშაულზე და მსგავსი ტიპის სპეკულაციებზე საერთოდ არ ღირს კომენტარის გაკეთება", - თქვა 10 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ.
„რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა“, - განმარტა სტრატკომმა.
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილსა და მისი ოჯახის წევრებს სამთავრობო ბორტი 28 აგვისტომდე ანუ დაახლოებით ერთი კვირა უცდიდა გერმანიის ქალაქ მიუნხენში, საიდანაც საქართველოში ჩამოიყვანა აშშ-დან დაბრუნებული პრემიერი და მისი ოჯახის წევრები.
ასევე ნახეთ სტრატკომი უარყოფს "TV პირველის" ინფორმაციას პრემიერის ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით