როგორ დაიწყო ისრაელ-ჰამასის ომი – აგიხსნით მარტივად

ღაზის სექტორის დაბომბვა. 9 ოქტომბერი, 2023 წ.

"ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობის" - პალესტინის რადიკალური სამხედრო დაჯგუფების, "ჰამასის" მებრძოლები უცაბედად შეიჭრნენ ისრაელში, დაიკავეს ებრაული დასახლებები, დახოცეს ასობით ადამიანი და აიყვანეს ათობით მძევალი. აი, რა უნდა იცოდეთ.

როგორ დაიწყო თავდასხმა?

ეს იყო "ჰამასის" მოულოდნელი, უპრეცედენტო თავდასხმა და, როგორც უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, ისრაელის დაზვერვის მძიმე მარცხი. შაბათს დილით "ჰამასის" მებრძოლებმა გაარღვიეს სასაზღვრო ბარიერები ხმელეთით, ზღვიდან და ჰაერიდან, ისტორიაში პირველად შეაღწიეს და დაიკავეს 9 ებრაული დასახლება ღაზის სექტორის მახლობლად.

პალესტინელები არღვევენ საზღვარს და იჭრებიან ისრაელში. 7 ოქტომბერი, 2023.

მალე მათ დაიწყეს მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვა და მძევლად აყვანა. ბევრი მათგანი შეიყვანეს უკან ღაზაში, გაატარეს ქუჩებში და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მხოლოდ ერთ მუსიკალურ ფესტივალზე სამხრეთ ისრაელში "ჰამასის" მოკლული 260 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

როგორ უპასუხა თავდასხმას ისრაელმა?

ისრაელმა "ჰამასს" ომი გამოუცხადა.

გამოიძახეს არმიის რეზერვისტები, ამბობენ, რომ 300 ათასი რეზერვისტის მობილიზაცია გამოცხადდა და დაიწყო ღაზაზე საჰაერო შეტევა. დაარტყეს რამდენიმე შენობას ქალაქ ღაზის ცენტრში, მათ შორის პალესტინის კოშკს, 11-სართულიან შენობას, სადაც "ჰამასის" რადიოსადგურები იყო განთავსებული.

ისრაელმა ღაზას ელექტროენერგიისა და საწვავის მიწოდებაც შეუწყვიტა.

რამდენი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა და ჩავარდა მძევლად?

სულ მცირე, 700 ისრაელელი დაიღუპა და დაახლოებით 2000 მკურნალობს საავადმყოფოებში, რომელთაგან 19 მძიმე მდგომარეობაშია.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, "ჰამასმა" 100-მდე ისრაელელი აიყვანა მძევლად - როგორც ჯარისკაცები, ისე მშვიდობიანი მოქალაქეები, ცოცხლებიც და მკვდრებიც.

ისრაელის განცხადებით, 1500 პალესტინელი მებრძოლი მოკლეს (განახლებული მონაცემები: 10 ოქტომბერი) და ათობით მათგანი ტყვედ აიყვანეს.

პალესტინის განცხადებით, ღაზაში ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 700-ს აღწევს (განახლებული მონაცემები: 10 ოქტომბერი).

მსხევრპლია დასავლეთ სანაპიროზეც, სადაც ისრაელის არმიის გახსნილმა ცეცხლმა შვიდი ადამიანი შეიწირა, მათ შორის ერთი ბავშვი.

რატომ იყო თავდასხმა მოულოდნელი ისრაელისთვის?

"ჰამასის" შეტევას ისრაელის დაზვერვის კატასტროფულ მარცხად აფასებენ ანალიტიკოსები.

"ჰამასს" ამ თავდასხმის მომზადებისთვის რამდენიმე თვე მაინც დასჭირდებოდა. ისრაელის დაზვერვას კი, ჩანს, ამაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა. არადა, ის ინტენსიურად აკონტროლებს ღაზას - აკვირდება ყოველდღიურ ცხოვრებას უახლესი სათვალთვალო აღჭურვილობით და მონიტორინგს უწევს ტერიტორიას თვითმფრინავებით.

რატომ წამოიწყო თავდასხმა "ჰამასმა"?

ამის ზუსტი მიზეზები უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა მოულოდნელი იყო, ისრაელ-პალესტინელებს შორის ურთიერთობა დიდი ხანია ძალიან დაძაბულია. უკვე თვეებია, მუდმივი ძალადობაა ისრაელელ ჯარისკაცებსა და დასავლეთ ნაპირზე ჩასახლებულ ისრაელელებს და პალესტინელებს შორის.

შეიარაღებული ჩასახლებულები თავს დაესხნენ პალესტინურ სოფლებს, პალესტინელი მებრძოლები - ჩასახლებულებსა და ჯარისკაცებს. ისრაელის არმიამ არაერთი რეიდი ჩაატარა პალესტინურ ქალაქებში.

სავარაუდოდ, როლი ითამაშა ისრაელის მემარჯვენე კოალიციური მთავრობის წარმომადგენლების რადიკალურმა, ნაციონალისტურმა მოწოდებებმაც პალესტინური ტერიტორიების ანექსიისკენ.

ასევე, არსებობს ვარაუდი, რომ შეტევა შესაძლოა წახალისებული ან მხარდაჭერილი იყოს ირანის მიერ, საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საწინააღმდეგოდ.

უფრო ღრმა კონტექსტი კი ისრაელისა და ეგვიპტის მიერ ღაზის 16-წლიანი ბლოკადაა, რომელსაც საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები უწოდებენ „მსოფლიოს უდიდეს ღია ციხეს“ და რის გამოც ჩამოშლილია შიდა ეკონომიკა და უკიდურეს გაჭირვებაში ამყოფებს ადგილობრივებს.

რა არის ღაზის სექტორი?

ესაა 41 კმ სიგრძის და 10 კმ სიგანის ტერიტორია ისრაელს, ეგვიპტესა და ხმელთაშუა ზღვას შორის. ღაზის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილია, სადაც დაახლოებით 2,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ისრაელი აკონტროლებს ღაზის საჰაერო სივრცეს და მის სანაპიროს. აკონტროლებს იქ შემავალ და გამომავალ საქონელს. ანალოგიურად, ეგვიპტეც მკაცრად აკონტროლებს ღაზასთან საზღვარს.

ტერიტორია, უსაფრთხოების არგუმენტით, ბლოკადაშია 2007 წლის შემდეგ, რაც ღაზაში ხელისუფლებაში მოვიდა "ჰამასი".

რა არის "ჰამასი" და რისი მიღწევა სურს?

"ჰამასი" პალესტინელების მიერ შექმნილი ძალადობრივი ჯგუფია, რომლის გაცხადებული მიზანი ისრაელის განადგურება და მისი ისლამური სახელმწიფოთი ჩანაცვლებაა.

"ჰამასს" მთლიანობაში, ან ზოგიერთ შემთხვევაში მის სამხედრო ფრთას, ტერორისტულ დაჯგუფებად მოიხსენიებენ ისრაელი, შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი. მას მხარს უჭერს ირანი, რომელიც აფინანსებს და აწვდის იარაღს.

როგორია კონფლიქტის ისტორია?

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი ხანგრძლივი და ღრმად ჩახლართული პოლიტიკური და ტერიტორიული დავაა. ხშირად ამ კონფლიქტის ფესვებს რომაულ პერიოდამდეც მივყავართ. მაშინ დღევანდელი ისრაელი და პალესტინური ტერიტორიები ცნობილი იყო პალესტინის სახელით. ბიბლიის თანახმად, აქვე იყო ებრაული სამეფოებიც, რის გამოც ებრაელები ამ მიწას უძველეს სამშობლოდ მიიჩნევენ. რეგიონი ისტორიის მანძილზე სხვადასხვა იმპერიის ნაწილი იყო, მათ შორის - რომის, ბიზანტიის, ოსმალეთისა და ბრიტანეთის იმპერიების.

თუმცა რეალურად, დღევანდელი კონფლიქტის ისტორია დაახლოებით ერთი საუკუნის წინ იწყება. მაშინ, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი, რომელსაც ახლა ისრაელ-პალესტინას ვუწოდებთ, ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა საუკუნეების განმავლობაში. აქ მეტწილად მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ ძირითადად მუსლიმები და ქრისტიანები, და მცირე რაოდენობით, ებრაელებიც.

როცა ადგილობრივ არაბებში პალესტინური ეროვნული იდენტობა ყალიბდებოდა, ევროპაში ფეხს იდგამდა სიონიზმი, ებრაელთა მოძრაობა, რომელიც მრავალწლიანი დევნისა და შევიწროების შემდეგ, გადარჩენისთვის ებრაული სახელმწიფოს შექმნას ქადაგებდა.

მეოცე საუკუნის დასაწყისში, ათასობით ათასი ევროპელი ებრაელი გადასახლდა ახლო აღმოსავლეთში, რომელსაც თავიანთ სამშობლოდ მიიჩნევდნენ.

შემდეგ იყო ჰოლოკოსტი, რამაც გამოიწვია კიდევ უფრო მეტი ებრაელის ემიგრაცია ევროპიდან. ამ დროს არსებობდა განსაკუთრებული თანაგრძნობა ებრაელთა მდგომარეობის მიმართ მთელ მსოფლიოში.

წინააღმდეგნი იყვნენ პალესტინელები და მათ გარშემო ახლად დამოუკიდებლობამოპოვებული არაბული სახელმწიფოები, რომლებიც ისრაელის შექმნას დასავლური იმპერიალიზმის მორიგ გამოვლინებად აღიქვამდნენ.

რა არის "ნაკბა"?

1947 წელს გაერომ მხარეებს შესთავაზა პალესტინის დაყოფის გეგმა, რომლითაც ებრაელებსა და არაბებს ცალ-ცალკე სახელმწიფოები ექნებოდათ. იერუსალიმს კი - საერთაშორისო ქალაქის სტატუსი. ებრაელი ლიდერები თანახმა იყვნენ, არაბები - არა.

1948 წელს ისრაელმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც მოჰყვა მეზობელი არაბული სახელმწიფოების თავდასხმა. მათ შორის იყო ეგვიპტე, იორდანია, სირია და ერაყი. ომის შედეგად ასობით ათასი პალესტინელი არაბი იქცა ლტოლვილად. ეს მოვლენა ცნობილია როგორც „ნაკბა“, რაც არაბულად კატასტროფას ნიშნავს.

1967 წელს, ისრაელმა შეუტია ეგვიპტეს, იორდანიასა და სირიას და ექვსდღიან ომში სწრაფი გამარჯვება მოიპოვა - დაიკავა დასავლეთი სანაპირო, ღაზის სექტორი, გოლანის სიმაღლეები და სინაის ნახევარკუნძული, რომელიც მოგვიანებით ეგვიპტეს დაუბრუნა.

მას შემდეგ პალესტინელები არაერთხელ აჯანყდნენ. ისინი მოითხოვენ თვითგამორკვევის უფლებას, ავტონომიასა და დასავლეთ ნაპირზე ისრაელელების ჩასახლების შეჩერებას.

რა შეიძლება მოხდეს ახლა?

"ჰამასის" მებრძოლთა მეთაურმა მოჰამედ დეიფმა მოუწოდა პალესტინელებს და სხვა არაბებს, შეუერთდნენ ოპერაციას "ისრაელის] ოკუპაციის დასასრულებლად". გაჰყვებიან თუ არა ამ მოწოდებას პალესტინელები დასავლეთ ნაპირზე, აღმოსავლეთ იერუსალიმში თუ სხვა არაბული ქვეყნები, ყველაზე დიდ კითხვად რჩება.