გამაფრთხილებელი აპლიკაცია, რომელიც უკვე ათასობით ადამიანმა გადმოიწერა, საფრთხის მომლოდინე ადგილებს ყოველ წამს აწითლებს. სისხლის ჩამბარებელ პუნქტებში რიგებია - ისრაელის ქალაქებში მცხოვრები ქართველები რადიო თავისუფლებას უყვებიან, რომ ყველა ცდილობს გარეთ მხოლოდ აუცილებელი საჭიროების გამო გავიდეს.
ქართველები ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციას სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში - ზოგს საქართველოში დაბრუნება უნდა, ზოგს ქალაქიდან ქალაქში გადასვლა.
ისრაელში მცხოვრებ ებრაისტთან, როტშილდების ფონდის მკვლევარ ლაშა შაყულაშვილთან ინტერვიუ რადიო თავისუფლებამ სწორედ მაშინ ჩაწერა, როცა ის თავშესაფრიდან სულ რამდენიმე წუთის ამოსული იყო - მორიგი გამაფრთხილებელი სირენის ხმა კი ცოტა ხნის შეწყვეტილი.
"უკვე ითქვა, რომ ასეთი რამ ისრაელს არ ახსოვს ჰოლოკოსტის შემდეგ - ერთ დღეში ამდენი ებრაელის დახოცვის ფაქტი ბოლოს 78 წლის წინ მოხდა“, - გვეუბნება ლაშა შაყულაშვილი.
ლაშა ჰყვება, რა ვითარებაა ახლა თელ- ავივსა და მის ფარგლებს გარეთ, რა გაფრთხილებებს იღებს მოსახლეობა ხელისუფლებისგან, როგორ ემზადებიან რეზერვისტები ომში წასასვლელად.
თავის ფეისბუკგვერდზე ლაშა დღეში რამდენჯერმე აახლებს ინფორმაციას მიმდინარე მოვლენების შესახებ ქართულად, ისრაელში დროებით მყოფი თუ იქ მცხოვრები ქართველებისათვის და ამას აკეთებს "ჰამასის" მხრიდან ისრაელზე შეტევის პირველივე დღიდან, 7 ოქტომბრიდან.
ახლა თელ-ავივშია ლაშას მეგობარი თამთა თოდაძეც, რომელიც ისრაელში ამ ზაფხულს ჩავიდა სასწავლებლად და თელ-ავივის უნივერსიტეტში ზაფხულის სემესტრის დასრულების შემდეგ ისრაელის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გააგრძელა სტაჟირება. თამთასაც, სხვების მსგავსად, დღეში რამდენჯერმე უწევს თავშესაფარში ჩასვლა.
ის რამდენიმე წუთით გავიდა თელ-ავივის ქუჩებში და დაგვანახა, თუ რა ხდებოდა იმ წუთებში იმ უბანში, სადაც თამთა იმყოფება.
„ძალიან გვეშინია გარეთ გასვლა, რადგან ამბობენ, რომ ტერორიტების თავდასხმის საფრთხე ქუჩაშიც არსებობს“, - ამბობს ის.
ამ ვიდეოში კი თამთა გვაჩვენებს იმ ადგილსაც, სადაც აფარებენ თავს მოსალოდნელი დაბომბვის დროს.
კიდევ ერთი ქართველი, ეკა ქურხული, რომელიც უკვე შვიდი წელია ისრაელშია და ქალაქ ხულონში ცხოვრობს და მუშაობს, გვიზიარებს თავისი ქალაქის ფოტოებს - მაღაზიებს, ცარიელ ავტობუსს, დაცარიელებულ სკვერს.
ეკა ქურხულიც გვიყვება, რომ სურსათის მაღაზიებში, რომლებიც ჯერ ღიაა, ხალხს თითქმის ვერ ნახავ. მოსახლეობა ტრანსპორტს ერიდება.
როცა ეკას დავურეკეთ, ის ქალაქ რიშონ ლეციონის ერთ-ერთი დიდი სავაჭრო ცენტრის მიწისქვეშა სართულზე, სისხლის ჩაბარების მოსურნეთა რიგში იდგა უამრავ ადამიანთან ერთად, ვისაც ამ ფორმით სურს დაჭრილი ისრაელი ჯარისკაცების დახმარება.
ეს სწორედ სავაჭრო ცენტრის სარდაფში მოწყობილი სისხლის ჩაბარების ერთგვარი პუნქტია. ეკას რიგი რამდენიმე საათის ლოდინის შემდეგ მოვიდა.
„ყველა რეზერვისტი გაწვეულია. ყველა ემზადება საბრძოლველად. ზოგი ოჯახიდან სამი-ოთხი ჯარისკაციც კია წასული“, - გვიყვება ეკა.
ისრაელში საომარი მოქმედებები 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა.
8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
2023 წლის ოქტომბრის ესკალაცია ყველაზე მასშტაბურია ისრაელის სახელმწიფოსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტში, რომელიც მეოცე საუკუნის შუა პერიოდიდან გრძელდება და უკავშირდება სუვერენიტეტს ტერიტორიებზე, რომლებიც თავის დროზე პალესტინის ისტორიული ოლქის შემადგენლობაში შედიოდა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა დღეს, 9 ოქტომბერს, გამოაცხადა, რომ გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. როგორც გალანტმა თქვა, „ებრძვიან ბარბაროსებს“, ამიტომ პასუხიც „შესაბამისი იქნება“. ისრაელი აკონტროლებს ღაზის სექტორის საჰაერო სივრცეს და სანაპიროს და ისრაელის სასაზღვრო პუნქტების მხრიდან საქონლის შეტანას. მეორე მხრიდან ღაზის სექტორი, სადაც 2 მილიონ 300 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, ეგვიპტეს ესაზღვრება. გაეროს მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 123 ათასზე მეტმა ადამიანმა.
ისრაელის არმიამ კონტროლი აღადგინა ქვეყნის სამხრეთში, ღაზის სექტორთან მდებარე ყველა დასახლებულ პუნქტზე.