ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, წუხანდელი, 8 ოქტომბრის გვიან ღამის მონაცემებით, ისრაელში 2 ქართველი ებრაელია დაღუპული, საქართველოს სხვა მოქალაქეების შესახებ კი ინფორმაცია უცნობია. ამაზე ლაშა ჟვანია ლაპარაკობს ვიდეოში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
„ჯერ კიდევ არ არის ისრაელის ჯარის მიერ აღებული კონტროლი ყველა იმ დასახლებაზე, სადაც ტერორისტები არიან შესული, ამიტომ ინფორმაციის მოპოვება კვლავ ჭირს. გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობიდან ყველას იდენტიფიკაცია ჯერ არ არის განხორციელებული. ასე რომ, არ არის ცნობილი, კონკრეტულად ვინ არის გატაცებული და ვინ არის გარდაცვლილი. საქართველოს მოქალაქეების შესახებ, ამ წუთამდე, ინფორმაცია არ შემოსულა. დაშავებულის ან დაკარგულის შესახებ არ არის ინფორმაცია. იმედი გვაქვს, რომ ასე დასრულდება ეს ყველაფერი, საქართველოს რომელიმე მოქალაქე დაშავებული ან გატაცებული არ იქნება. 2 დღის მანძილზე ასეთი დადასტურებული ინფორმაცია არ შემოსულა. დღეისათვის (8 ოქტომბერი.რედ) ორი ქართველი ებრაელია გარდაცვლილი. ჩვენი ნაწილია ესეც - [ისააკ] ბუზუკაშვილი, პოლიციის თანამშრომელი, რომელიც გმირულად ასრულებდა თავის მოვალეობას და არის კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი, ავი აბრაამ ქუბელაშვილი, რომელიც აქ შეტაკებების დროს გარდაიცვალა. ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი ძმების და დების ამ საშინელ ტრაგედიას და ტკივილს და მათთან ერთად ვართ ამ გასაჭირისა და ომის დროს“, - აცხადებს ლაშა ჟვანია.
საომარი მოქმედებები 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა.
8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
2023 წლის ოქტომბრის ესკალაცია ყველაზე მასშტაბურია ისრაელის სახელმწიფოსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტში, რომელიც მეოცე საუკუნის შუა პერიოდიდან გრძელდება და უკავშირდება სუვერენიტეტს ტერიტორიებზე, რომლებიც თავის დროზე პალესტინის ისტორიული ოლქის შემადგენლობაში შედიოდა.
„ჰამასის“ თავდასხმა დაგმეს და ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის სახელმწიფოებმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ და სხვა არაერთმა ქვეყანამ.
ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრეს და „ჰამასს“ მხარდაჭერა გამოუცხადეს ირანმა და სირიამ. საუდის არაბეთმა, კუვეიტმა, ერაყმა, კატარმა და ომანმა განაცხადეს, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ოკუპაციის და პალესტინელი ხალხისთვის კანონიერი უფლებების წართმევის შედეგია.