Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმიის ცნობით, ღაზის სექტორში განადგურებულია 500-ზე მეტი სამიზნე


ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორი 8 ოქტომბერსაც დაბომბა
ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორი 8 ოქტომბერსაც დაბომბა

ისრაელის თავდაცვის არმიამ დღეს დილით განაცხადა, რომ გასული ღამის განმავლობაში, საავიაციო დარტყმებით და საარტილერიო შეტევით ღაზის სექტორში გაანადგურეს რადიკალური დაჯგუფებების, „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“, 500-ზე მეტი ობიექტი. მათ შორის 8 სამეთაურო ცენტრი, შენობა, რომელსაც „ჰამასის“ სამხედრო-საზღვაო ძალების მაღალჩინოსანი იყენებდა და 3 გვირაბი. ისრაელის არმიის თანახმად, „ჰამასის“ ერთ-ერთი ობიექტი მეჩეთში იყო განთავსებული.

ისრაელის არმიის ცნობითვე, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ისრაელის სამხრეთში, ღაზის სექტორთან მოსაზღვრე 7-8 დასახლებაში, სადაც „ჰამასის“ რაზმებმა 7 ოქტომბერს შეაღწიეს. ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ბევრი თავდამსხმელი მოკლულია, სხვები კი თავს სახლებს აფარებენ.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გასულ ღამით, სულ მცირე, 7 პალესტინელი დაიღუპა ისრაელის ავიაციის მიერ ორი სახლის დაბომბვის შედეგად. ისრაელის არმიის განცხადებით, ყველაფერს აკეთებენ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, თუმცა, „ჰამასმა“ თავისი სამხედრო ობიექტები ცინიკურად განათავსა იქ, სადაც სამოქალაქო მოსახლეობაა თავმოყრილი.

პალესტინის ადმინისტრაციის მიერ დღეს, 9 ოქტომბერს, დილით განახლებული მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან დაიღუპა 436 ადამიანი, მათ შორის 81 ბავშვი. დაჭრილია - 2271.

ისრაელის არმიის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ორ დღეში ისრაელში 700-ს გადააჭარბა „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. დაჭრილია 2 315 ადამიანი. ათეულობით დაკარგულად ითვლება.

საომარი მოქმედებები 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა.

8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

2023 წლის ოქტომბრის ესკალაცია ყველაზე მასშტაბურია ისრაელის სახელმწიფოსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტში, რომელიც მეოცე საუკუნის შუა პერიოდიდან გრძელდება და უკავშირდება სუვერენიტეტს ტერიტორიებზე, რომლებიც თავის დროზე პალესტინის ისტორიული ოლქის შემადგენლობაში შედიოდა.

„ჰამასის“ თავდასხმა დაგმეს და ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის სახელმწიფოებმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ და სხვა არაერთმა ქვეყანამ.

ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრეს და „ჰამასს“ მხარდაჭერა გამოუცხადეს ირანმა და სირიამ. საუდის არაბეთმა, კუვეიტმა, ერაყმა, კატარმა და ომანმა განაცხადეს, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ოკუპაციის და პალესტინელი ხალხისთვის კანონიერი უფლებების წართმევის შედეგია.

XS
SM
MD
LG