საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის საკითხს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქართულმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა" უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და ბილეთის ფასი ხელოვნურად არ უნდა გაზარდოს.
„ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ხალხისათვის დამატებით ბარიერებისა და ფრენებზე ფასების ხელოვნურად გაზრდის ნაცვლად, ამ მძიმე ვითარებაში დაეხმაროს და საშუალება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ", - ვკითხულობთ პრეზიდენტის განცხადებაში.
ისრაელში, ქალაქ თელ-ავივში, მყოფი საქართველოს მოქალაქე ლაშა შაყულაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს სურს სამშობლოში დაბრუნება, თუმცა ვერ ახერხებს ავიაბილეთების დეფიციტისა და მაღალი ფასის გამო.
ისრაელიდან საქართველოში ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ გარდა, რეისებს ისრაელის რამდენიმე კომპანია ასრულებს.
„ჯორჯიან ეარვეისის" ვებსაიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 12 ოქტომბერს ავიაბილეთების ფასი თელ-ავივის ბენ გურიონის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით 1663 ლარია.
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ ფეისბუკის გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ეკონომკლასის ბილეთებზე ფასი არ გაზრდილა, ორიათასლარიანი ბილეთები კი, რომლის შესახებაც ვრცელდებოდა ცნობები სოციალურ ქსელებში, ბიზნესკლასის ბილეთები იყო.
„ჩვენ არ გვაქვს ფიქსირებული ფასი ბილეთებზე და არც ბოლო პერიოდში გაგვიზრდია არც ერთ მიმართულებაზე ღირებულება, ყველა რეისზე სხვადასხვა ფასია, დატვირთვიდან გამომდინარე. ერთი დღით ადრე ბილეთის ყიდვისას, შესაძლოა არა იაფიანი, არამედ საერთოდ აღარ იყოს ბილეთი, ამიტომ გთხოვთ, წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი“, - წერს ავიაკომპანია ფეისბუკის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
კითხვაზე, ხომ არ იგეგმება ისრაელიდან სპეციალური რეისის განხორციელება საქართველოს მოქალაქეების წამოსაყვანად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლების უთხრეს, რომ „სრულდება რეგულარული რეისები, რითაც გამომგზავრების მსურველები სარგებლობენ. საელჩო ხაზზეა იქ მყოფ ქართველებთან და ყველა მათი საჭიროება დაცულია, იქნება ეს თავშესაფარი თუ სხვა. რაც შეეხება ფრენებთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს, გთხოვთ იხელმძღვანელოთ „აირზენას” მიერ გავრცელებული განცხადებით“.
ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ გუშინ, 8 ოქტომბერს, თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით 5 რეისი შესრულდა. მისი თქმით, ამ რეისებზე, ძირითადად, საქართველოს ის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ვერ შეძლეს 7 ოქტომბერს გამომგზავრება.
როგორც ლაშა ჟვანია ამბობს, დღეს, 9 ოქტომბერს, ისრაელიდან თბილისის მიმართულებით 4 რეისი არის დანიშნული.
ასევე ნახეთ ლაშა ჟვანია: დღეს ისრაელიდან თბილისის მიმართულებით 4 რეისი არის დანიშნულიდიპლომატის თქმით, თბილისის მიმართულებით რეისებზე ბილეთები არის: „ბილეთები (როგორც ჩვენც თავად შევამოწმეთ, რადგან ინტერესი დიდია, ჩვენც ვცდილობთ, ინფორმაცია მივიღოთ მაქსიმალურად) სხვადასხვა ავიაკომპანიაზე არის. მაგალითად, 12, 13, 14 ოქტომბრის ბილეთები ჯერ კიდევ თავისუფალია".
ასევე ნახეთ ისრაელმა ღაზის სექტორის ბლოკირება დაიწყოისრაელში საომარი მოქმედებები 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა.
8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
2023 წლის ოქტომბრის ესკალაცია ყველაზე მასშტაბურია ისრაელის სახელმწიფოსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტში, რომელიც მეოცე საუკუნის შუა პერიოდიდან გრძელდება და უკავშირდება სუვერენიტეტს ტერიტორიებზე, რომლებიც თავის დროზე პალესტინის ისტორიული ოლქის შემადგენლობაში შედიოდა.
„ჰამასის“ თავდასხმა დაგმეს და ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის სახელმწიფოებმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ და სხვა არაერთმა ქვეყანამ.
ასევე ნახეთ „გარეთ გასვლის გვეშინია, ახლაც სირენა ჩაირთო“, - ისრაელში მყოფი ქართველებიესკალაციაზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრეს და „ჰამასს“ მხარდაჭერა გამოუცხადეს ირანმა და სირიამ. საუდის არაბეთმა, კუვეიტმა, ერაყმა, კატარმა და ომანმა განაცხადეს, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ოკუპაციის და პალესტინელი ხალხისთვის კანონიერი უფლებების წართმევის შედეგია.
ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი "ჯორჯიან ეარვეისს" ბოიკოტს უცხადებს ასევე ნახეთ "ჯორჯიან ეარვეისი" სალომე ზურაბიშვილს პერსონა ნონ გრატად აცხადებს და ბოდიშის გარეშე ბორტზე არ დაუშვებს - მედია