რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ერევანს 6 ოქტომბერს ეწვევა, რათა განიხილოს არაღიარებული მთიანი ყარაბაღიდან რუსული სამშვიდობო კონტინგენტის გაყვანის თარიღი. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო სააგენტო "ტასსი" იტყობინება დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით.
„დღეს ერევანს ეწვევა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია. სომხურ მხარესთან შეხვედრაზე განიხილება მთიანი ყარაბაღიდან რუსული სამშვიდობო კონტინგენტის გაყვანის კონკრეტული თარიღები“, - განუცხადა "ტასს" თანამოსაუბრემ.
რუსული სამშვიდობო კონტინგენტი მთიან ყარაბაღში განლაგებულია რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დეკლარაციის საფუძველზე, რომელსაც 2020 წლის ნოემბერში მოაწერეს ხელი აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა. რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ყოფნის ხანგრძლივობა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან ხუთი წლის ვადით, ყოველ ჯერზე 5-წლიანი განახლებით იმ შემთხვევაში, თუ ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე რომელიმე ერთი მხარე შეთანხმების შეწყვეტას არ მოითხოვს. შესაბამისად, სამშვიდობოები ყარაბაღში 2025 წლის ნოემბრამდე უნდა დარჩენილიყვნენ.
ასევე ნახეთ სომხეთმა უარი თქვა ყარაბაღის თაობაზე რუსეთის მიერ შეთავაზებულ კომპრომისზე - პუტინი- 2023 წლის 19-20 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა და აღდგენილად გამოაცხადა საკუთარი სუვერენიტეტი.
- 28 სექტემბერს არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, „რესპუბლიკა მთიანი ყარაბაღი“ (არცახი) არსებობას შეწყვეტს 2024 წლის 1 იანვრიდან.
- ხუთშაბათს, 5 ოქტომბერს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს აზერბაიჯანის არმიის 19 სექტემბრის სამხედრო ოპერაციას მთიან ყარაბაღში. ევროპარლამენტარები განცხადებაში აზერბაიჯანის ქმედებებს გაუმართლებელ და წინასწარ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ, სომხების მასობრივ წასვლას რეგიონიდან კი ეთნიკურ წმენდას ადარებენ.
ასევე ნახეთ გაერო: მთიან ყარაბაღში ათასამდე სომეხია დარჩენილი ადრე იქ მცხოვრები 120 ათასიდან
მთიანი ყარაბაღის 100 ათასზე მეტი მცხოვრები იძულებული გახდა სომხეთში წასულიყო. 34.5 ათასზე ცოტა მეტი ადამიანი უზრუნველყოფილია საცხოვრებლით.
ერევნის მონაცემებით, წლის დასაწყისში რეგიონის სომხური მოსახლეობა 120 ათას ადამიანს შეადგენდა.
მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად, თუმცა 1990-იანი წლების სეპარატისტული ომის შემდეგ ის დე ფაქტო დამოუკიდებელი იყო. 2020 წელს აზერბაიჯანმა დაიბრუნა დიდი ნაწილი იმ ტერიტორიისა, რომელსაც 1990-იანი წლებიდან ეთნიკური სომხები აკონტროლებდნენ ერევნის მხარდაჭერით.
ასევე ნახეთ სომხური კონიაკის შემოწმების მოტივით „ზემო ლარსზე“ გადამზიდავების ე.წ. საცობი წარმოიქმნა