საქართველო-რუსეთის საზღვარზე, საბაჟო-გამშვებ პუნქტ "ზემო ლარსთან", სომხეთიდან რუსეთის მიმართულებით მოძრავ საავტომობილო გადამზიდავებს პრობლემები ექმნებათ. ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაან ქერობიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მომხდარს რუსული მხარე რუსეთის ფედერაციაში მიწოდებული კონიაკის ხარისხის შემოწმებით ხსნის. შედეგად, „ზემო ლარსთან“ ათობით სატვირთო ავტომანქანა დაგროვდა.
"არმენპრესის" თანახმად, რუსეთში სომხეთის საელჩოს სავაჭრო ატაშემ ვაან აკობიანმა განაცხადა, რომ ადგილზე 60 ავტომანქანა დგას.
„რუსეთში კონიაკზე კონტროლი ძალიან ადრე დაიწყო. მარტ-აპრილიდან რუსეთის საბაჟო სამსახურმა სომხეთიდან შეტანილი კონიაკების საბაჟო კონტროლი დაიწყო. ეს აიხსნება იმით, რომ დარღვევები აღმოჩნდა - ყალბი კონიაკები და ა.შ. რამდენიმე დღის წინ ზედამხედველობა გამკაცრდა. თუ ადრე კონკრეტულ ექსპორტიორებს ან იმპორტიორებს ამოწმებდნენ, ახლა სომხეთიდან შესული ყველა კონიაკი საბაჟო კონტროლს ექვემდებარება“, - აღნიშნა აკობიანმა.
პრობლემები საზღვარზე სომხური კონიაკის მიმწოდებლების მიმართ შესაძლოა, გამოწვეული იყოს რუსეთის ალკოჰოლზე ზედამხედველობის სამსახურის პრეტენზიებით. მანამდე უწყების უფროსის მოადგილის, ელენა აფანასენკოს განცხადება გამოაქვეყნა რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, სერგეი ალექსაშენკომ.
დოკუმენტში ლაპარაკი იყო იმ სამი მარკის კონიაკის მიმოქცევისა და შესყიდვის შეჩერების აუცილებლობაზე, რომლებშიც ექსპერტიზამ არომატიზატორები, ფენოლური ნაერთები, ასევე „არაკონიაკური წარმოშობის“ სპირტები აღმოაჩინა.
გამოცემა The Moscow times-ი წერს, რომ კონიაკის მიმწოდებლებთან პრობლემები წარმოიშვა სომხეთის მიერ "რომის სტატუტის" რატიფიცირების ფონზე, დოკუმენტისა, რომელიც ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მუშაობას არეგულირებს - სასამართლომ მარტში პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.
გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "რომის სტატუტის" შესახებ ერევნის გადაწყვეტილებას მტრული და "ტოქსიკური" უწოდა. ითქვა ასევე, რომ სომხეთი დიპლომატიური არხებით გააფრთხილეს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებებთან მიერთება "მიუღებელია" იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს პუტინის წინააღმდეგ ორდერი აქვს გაცემული.
მოსკოვი განაგრძობს სომხეთის პარტნიორად და მოკავშირედ განხილვას, განაცხადა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა სამშაბათს. მან დასძინა, რომ რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი „უმნიშვნელო" და "უკანონოა".
სომხეთის პარლამენტმა გუშინ, 3 ოქტომბერს, მოახდინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების, იგივე "რომის სტატუტის", რატიფიცირება.