ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზის განთავსების გეგმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში შეაფასა „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" უფროსმა მკვლევარმა შოთა ღვინერიამ. ის მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ფლოტის განთავსება, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ბევრ რამეს შეცვლის.
როგორც ღვინერია ამბობს, საკითხი, პირველ რიგში, ორად უნდა დაიყოს - პოლიტიკურად და პრაქტიკულად.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი ოჩამჩირეში რუსეთის ფლოტის განთავსების გეგმაზე: ეს არის ოკუპაციის შედეგი„ერთი მხრივ, კრემლს გაჩაღებული აქვთ პოლიტიკური ფლირტი საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან, რაზეც ღელავენ ოკუპირებული ტერიტორიის ხელისუფლების წარმომადგენლები, ამით შეშინებულები არიან. ამიტომ, ამ ნაბიჯით შეეცადა ბჟანია, რაღაც გარანტიების მიღებას, რომ ე.წ. აფხაზეთის ინტერესების ხარჯზე არ მოხდეს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება. ამასთან, ეს რუსეთისგან იყო სიგნალი, რომ არ აპირებს ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას, მიუხედავად იმისა, რომ ვიზები და ვაჭრობის საკითხები შეიძლება, დათმოს", - გვითხრა შოთა ღვინერიამ.
პრაქტიკული თვალსაზრისით კი, როგორც ღვინერია განმარტავს, რუსეთს ძალიან სჭირდება შავ ზღვაზე ყველანაირი ინფრასტრუქტურა. მისი თქმით, ამჟამად უკრაინასთან ომის შედეგად, რუსეთს ერთადერთი, რაც შეუძლია, ეს არის სავაჭრო გემების დაბლოკვა და უკრაინული ხორბლის ექსპორტისთვის პრობლემის შექმნა.
„საზღვაო უპირატესობა დათმობილი აქვს რუსეთს და მას არავითარი საფრთხის შექმნა არ შეუძლია შავ ზღვაზე, მხოლოდ გრძელვადიან დაბომბვას თუ დაიწყებს. მათ უწევთ ყირიმიდან გამოქცევა. ვერ იქნება უსაფრთხოდ, რადგან უკრაინელებმა გამოაძევეს. ის, რაც რუსეთის ფლოტისგან დარჩა, საჭიროებს ბაზირებას. აფხაზეთში კი ადვილია ამის გაკეთება, - აღნიშნა ღვინერიამ და დაამატა, - 2014 წლის ანექსიამდე, მუდმივად განიხილებოდა ყირიმში რუსული ფლოტის დარჩენის თემა. რეალურად, აფხაზეთი ვერ ჩაანაცვლებს მას, თუმცა სხვა ალტერნატივა და არჩევანი რუსეთს არ აქვს".
შოთა ღვინერია აცხადებს, რომ ოჩამჩირეში რუსული ფლოტის ბაზირება საქართველოსთვის უსაფრთხოების თვალსაზრისით ბევრ რამეს შეცვლის.
„ეს ტერიტორიები დროებით არის ოკუპირებული. რეალურად, საქართველოს ტერიტორიაზე ხდება რუსეთის ბაზის განლაგება და ეს სერიოზული პრობლემა იქნება. ხოლო, მოკლევადიან პერსპექტივაში, თუ რუსეთი გადაწყვეტს, 2008 წლის მსგავსად, მორიგ ოკუპაციას, ოჩამჩირეში ფლოტის განთავსება მას შავ ზღვაზე ექსკლუზიურ უპირატესობას მისცემს", - თქვა მან.
ღვინერიამ გაიხსენა 2008 წელს ჰუმანიტარული მიზნით ამერიკის სამხედრო ფლოტის ხომალდების ბათუმში შემოსვლა და აღნიშნა, რომ თუკი ოჩამჩირეში განთავსდება რუსეთის ფლოტი, ეს უკვე შეუძლებელი იქნება.
„ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო ფლოტის განთავსება ნიშნავს, რომ რუსეთი შავ ზღვაზე ჩამოაყალიბებს წვდომის ხელშეშლისა და მანევრის შეზღუდვის ახალ ძლიერ ზონას („Anti-access/Area denial bubble“) (A2/AD), როდესაც შენი მოწინააღმდეგე შენთან პირდაპირი შეხების გარეშე ვერ შემოვა. ამერიკულმა გემმა, რომელიც მოდის ჰუმანიტარული მიზნით, უნდა გამოიაროს რუსეთის დაფარვის სფერო, - თქვა მან და დაამატა, - რეალურად, ფოთის პორტში შემოსული სავაჭრო გემებიც საფრთხის ქვეშ იქნებიან და ეკონომიკური მიმართულებითაც გაიზრდება საფრთხე. შავი ზღვის ჩვენი პორტების დაცულობის ხარისხიც დაიკლებს. რუსეთს შეეძლება დაბლოკოს და ხელი შეუშალოს სავაჭრო მიმოსვლას".
შოთა ღვინერია მიიჩნევს, რომ ინვესტორებისთვის ბევრად საფრთხის შემცველი იქნება მსხვილი ინვესტიციების დაბანდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტშიც.
ასევე ნახეთ საქართველოს საგარეო უწყება შეშფოთებულია ოჩამჩირეში რუსეთის ფლოტის ბაზის განთავსების გეგმითსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზის განთავსების გეგმასთან დაკავშირებულ ცნობას. საქართველოს საგარეო უწყება შეშფოთებულია ამ გეგმით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მსგავს ქმედებებს აფასებს „მორიგ პროვოკაციულ მცდელობად“, რომელიც მიმართულია „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ“.
ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის განთავსების შესახებ შეთანხმებაზე დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა და უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილება.
2008 წლიდან რუსული სამხედრო ბაზა დგას გალში. ქალაქის გარდა, რუსეთის ბაზებია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში ლეკუხონაში, საბერიოსა და ჭუბურხინჯშიც. ამ სოფლებში უსაფრთხოებას ძირითადად რუსი ჯარისკაცები აკონტროლებენ.
სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ნატო შეშფოთდა, როდესაც 2009 წელს ოჩამჩირეში რუსული ბაზის შესახებ საუბარი დაიწყეს. გამოცემის თანახმად, ოჩამჩირეში (სადაც საბჭოთა კავშირის პერიოდში საბჭოთა საზღვაო ბაზა იყო) რუსული ბაზის ხელახლა განთავსების შესახებ ცნობები შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ რუსეთი, ერთი მხრივ, სევასტოპოლის ალტერნატივას ეძებს და ასევე ცდილობს, გააფართოოს თავისი სამხედრო ყოფნა თურქეთის სიახლოვეს შავი ზღვის სანაპიროზე.
ასევე ნახეთ რუსეთი ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ფლოტის განთავსებას აპირებს - ბჟანიაგაზეთმა Wall Street Journal-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდასხმების გამო რუსეთმა თავისი შავი ზღვის ფლოტის უმეტესი ნაწილი ანექსირებულ ყირიმში მთავარი ბაზიდან გაიყვანა.
ოთხშაბათს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან, შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არაფერი უთქვამს საზღვაო ბაზაზე. თუმცა ბჟანიამ განაცხადა, რომ მას სურს მონაწილეობა მიიღოს „რუსული მხარის მიერ ინიციირებულ ინტეგრაციულ პროცესებში“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით საქართველო ერთგულია „კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი.“
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. ამას წინ უძღოდა ცხინვალის რეგიონიდან (სამხრეთი ოსეთი) დაწყებული რუსეთ-საქართველოს ომი. მოსკოვმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად ცნო „სამხრეთი ოსეთიც".
ასევე ნახეთ ლავროვი ბჟანიას დაჰპირდა, რომ გააფართოებს მაღიარებელი ქვეყნების წრეს