ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად

ფოტო არქივიდან: ირაკლი კობახიძე და სალომე ზურაბიშვილი

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ დაწყებული იმპიჩმენტის მიზანია, სალომე ზურაბიშვილმა თანამდებობა დატოვოს. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზნებზე მას კითხვა დაუსვა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ.

"პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მას შემდეგ მიღებული, რაც სისტემური ხასიათი შეიძინა პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევამ. როდესაც იმპიჩმენტს აღძრავ, მათ შორის ჩვენი გადმოსახედიდან ნიშნავს, რომ პრეზიდენტს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად...

ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ ასეთი თეორიული ვერსია, რომ თქვენ მხარს არ უჭერთ ამ წარდგინებას, ამ შემთხვევაში საერთოდ თავდაყირა დგება საპარლამენტო მმართველობის სისტემა. კონსტიტუციის თანახმად, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა და შესაბამისად, იცავს მთავრობის ექსკლუზიურ უფლებას, განახორციელოს საგარეო პოლიტიკა. თქვენ თუ არ წარმოადგენთ დადებით დასკვნას, გამოდის, რომ მთავრობა არასდროს იქნება დაცული მის ექსკლუზიურ უფლებაში", - თქვა ირაკლი კობახიძემ და ასე ახსნა პარტიის მიერ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების სამართლებრივი და პოლიტიკური მხარე.

ასევე ნახეთ დაარღვია პრეზიდენტმა კონსტიტუცია? - რა არგუმენტებით განიხილეს იმპიჩმენტის საკითხი საკონსტიტუციოში

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა 3 ოქტომბერს დაიწყო.

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტები საზღვარგარეთის ქვეყნებში. საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუცია ანიჭებს ამ უფლებამოსილებას.

საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინებას საპარლამენტო უმრავლესობის 80-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი (საჭირო იყო მინიმუმ 50 დეპუტატის თანხმობა). 11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა, რაც აუცილებელი წინაპირობა იყო დოკუმენტის სასამართლოში გასაგზავნად.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიმართვიდან ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგინოს პარლამენტს დასკვნა. ამის შემდეგ კი პარლამენტმა პოლიტიკური ვერდიქტი უნდა გამოიტანოს და გადაწყვიტოს, დააყენებს თუ არა კენჭისყრაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს.

ამ პროცესის პარალელურად, სალომე ზურაბიშვილი ევროპის დედაქალაქებში შეხვედრებს განაგრძობს.

პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტში 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. დღევანდელი მოცემულობით, საქართველოს 150-წევრიან პარლამენტს 140 მოქმედი დეპუტატი ჰყავს. მათგან საპარლამენტო უმრავლესობაში შედის 80-ზე მეტი დეპუტატი, საპარლამენტო ოპოზიციაში კი - 56.

ასევე ნახეთ რაც არ უნდა ეცადოთ, ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, მიჩივლოთ... ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით - ზურაბიშვილი "ოცნებას"