პესკოვმა ჟურნალისტებს მიმართა, კადიროვის შვილზე შეკითხვები არ დაესვათ

დმიტრი პესკოვი, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ყოველდღიური პრესკონფერენციის დაწყებისას ჟურნალისტებს მიმართა, ნუ დაუსვამდნენ შეკითხვებს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ვაჟის, ადამის შესახებ, რომელიც, როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა, ყურანის დაწვაში ეჭვმიტანილს სცემდა.

„ახლავე გეტყვით, ამ ამბავზე კომენტარს არ გავაკეთებ“, - ციტირებს პესკოვს „ინტერფაქსი“. დამაზუსტებელ კითხვაზე, რატომ არ გააკეთებს კომენტარს, პესკოვმა უპასუხა: „არ მსურს“.

ასევე ნახეთ პესკოვი კადიროვზე: პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ არის ჯანმრთელობის ცნობის გამცემი

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ ასევე რუსეთის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელებს: რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ვლადიმირ კოლოკოლცევს; პროკურორ იგორ კრასნოვს; საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს, ალექსანდრ ბასტრიკინს; სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის უფროსს, ალექსანდრ კალაშნიკოვს.

ვიდეოს გამოჩენის შემდეგ, 26 სექტემბერს, ნაშუადღევს, გამოქვეყნდა პუტინის განკარგულება ბასტრიკინისა და კრასნოვის ხელფასების 5,5 პროცენტით გაზრდის შესახებ.

25 სექტემბერს რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, როგორც სცემდა მისი 15 წლის ვაჟი ეჭვმიტანილ ნიკიტა ჟურაველს. ჟურაველმა აგვისტოს შუა რიცხვებში თქვა, რომ მას სცემეს. ამას ადასტურებდნენ ჩეჩენი ჩინოვნიკები, რომლებიც კადიროვის შვილის ქმედებებს მართებულად მიიჩნევდნენ.

ასევე ნახეთ კადიროვმა შეაქო თავისი შვილი, რომელმაც ყურანის დაწვაში ეჭვმიტანილ ნიკიტა ჟურაველს კაბინეტში სცემა

რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრმა ევა მერკაჩევამ განაცხადა, რომ ვიდეოს გამოქვეყნებასთან დაკავშირებით მიმართვას გაუგზავნის სამართალდამცავ ორგანოებს. კადიროვმა ტელეწამყვან ქსენია სობჩაკთან საუბარში თქვა, რომ მისი შვილი „დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით“, თუ სასამართლო მას დამნაშავედ ცნობს. ცემის ფაქტზე საქმის აღძვრის ან გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მაისში ნიკიტა ჟურაველმა ვოლგოგრადის საკათედრო მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ყურანი დაწვა და ამის ამსახველი ვიდეო გადაიღო. ეს ვიდეო მოგვიანებით ტელეგრამის ერთ-ერთ არხზე გამოქვეყნდა.

ასევე ნახეთ რატომ აღმოჩნდნენ რამზან კადიროვის თინეიჯერი შვილები ყურადღების ცენტრში?

ჟურაველი დააკავეს და შემდეგ გაავრცელეს "აღიარება", რომ ყურანის დაწვისას უკრაინის სპეცსამსახურების მითითებით მოქმედებდა, 10 ათასი რუბლის საფასურად.

26 მაისს ნიკიტა ჟურაველი ჩაიყვანეს გროზნოში, ამ საქმეზე სასამართლო გამოძიების ჩასატარებლად. როგორც ის ჰყვებოდა, სწორედ გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში სცემა ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის 15 წლის ვაჟმა.