კრემლს არ აქვს ინფორმაცია ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამის შესახებ, როგორც რუსული სააგენტოები „ტასი“ და „ინტერფაქსი“ წერენ, მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. მისი განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ არის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობების გამცემი, ამიტომ სათქმელი არაფერი აქვთ.
შეკითხვას, იმყოფებოდა თუ არა გასულ კვირას კადიროვი მოსკოვში და შეხვდა თუ არა პრეზიდენტ პუტინს, პესკოვმა უპასუხა, რომ შეხვედრა არ ყოფილა.
ბოლო დღეებში მედიით გავრცელდა ცნობები კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების, კომაში ყოფნის და სიკვდილის შესახებაც კი.
17 სექტემბერს ჩეჩნეთის მეთაურის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა მოსეირნე კადიროვის ვიდეო და ტექსტი, რომლებშიც კადიროვი სუფთა ჰაერზე გასეირნებას ურჩევს მათ, ვინც ინტერნეტში სიმართლეს ტყუილისგან ვერ არჩევს. როდის და სად არის გადაღებული ვიდეოკადრები, გაურკვეველია.
გამოცემა „ვიორსტკა“ 17 სექტემბერს წერდა, რომ თვის დასაწყისიდან კადიროვის თვითმფრინავი მოსკოვში სამჯერ გაემგზავრა, ბოლო სამი დღის განმავლობაში კი, დიდი ალბათობით, მოსკოვში იმყოფებოდა.
ამ წლის დასაწყისიდან, მედიით პერიოდულად ვრცელდება ვერსია, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრე, 46 წლის რამზან კადიროვი მძიმედ ავადაა და შესაძლოა, კიბო ჰქონდეს.