რამზან კადიროვის სიკვდილის უარმყოფელი პოსტი გამოჩნდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის ტელეგრამ-არხზე. პოსტს თან ერთვის ვიდეო, რომელშიც კადიროვი წვიმაში სეირნობს.
"ყველას, ვინც ვერ განასხვავებს სიმართლეს სიცრუისგან ინტერნეტში, ძალიან ვურჩევ, გაისეირნოს სუფთა ჰაერზე და მოიწესრიგოს აზრები. წვიმა საოცრად გამამხნევებელია", - ნათქვამია რამზან კადიროვის პოსტში. თუმცა გადაღების დრო და ადგილი მითითებული არ არის.
ბოლო დღეებში ზოგიერთ საჯარო გვერდსა და მედიაში გავრცელდა ჭორები კადიროვის მძიმე ავადმყოფობისა და სიკვდილის შესახებ. კერძოდ, Visegrad 24-მა X-ზე (ყოფილ twitter) დაწერა, რომ რუსული მედიის ცნობით, „კადიროვი გარდაიცვალა მოსკოვის საავადმყოფოში, კომაში ჩავარდნის შემდეგ გონზე მოუსვლელად“.
იმაზე, რომ რამზან კადიროვი ავადაა, მედია დიდი ხანია წერს. ასევე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია მისი კომაში ჩავარდნისა და გარდაცვალების შესახებ.