სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავისი ქვეყნის მოქალაქეებს უთხრა, რომ მთიან ყარაბაღში ეთნიკური სომხების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ბაქოსა და რუსეთის სამშვიდობო ძალებს, თუმცა მისი მთავრობა, საჭიროების შემთხვევაში, "მთიანი ყარაბაღიდან ჩვენს ძმებს და დებს ზრუნვით მიიღებს". ფაშინიანის გამოსვლის ფონია მიმდინარე კვირაში აზერბაიჯანის მიერ წარმოებული სწრაფი სამხედრო შეტევა მთიან ყარაბაღზე.
ერევანმა 24 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ყარაბაღიდან ლტოლვილებმა უკვე დაიწყეს ჩასვლა სომხეთში და რომ ფაშინიანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, 5 ოქტომბერს ესპანეთში, გრენადაში შეხვდება.
მოქალაქეების წინაშე სატელევიზიო გამოსვლაში, ფაშინიანმა კრიტიკული განცხადება გააკეთა, როგორც ჩანს, რუსეთის და რეგიონულ უსაფრთხოებაზე მოსკოვის ძალისხმევის მიმართ. მან თქვა, რომ ბოლო წლებში განხორციელებულმა შეტევებმა "მკაფიოდ აჩვენა, რომ გარე უსაფრთხოების სისტემები, რომლებშიც ვმონაწილეობთ, არ არის ეფექტიანი სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის".
ფაშინიანი და სომხეთის ბევრი მოქალაქე რუსეთს ბრალს სდებენ, რომ მან არ გამოიყენა თავისი სამშვიდობო ძალები ყარაბაღში ეთნიკური სომხების დასაცავად.
რუსეთი ტრადიციულად წარმოადგენდა სომხეთის დამცველ სახელმწიფოს რეგიონში. მიმდინარე კვირაში მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული ხელისუფლება დამარცხდა აზერბაიჯანის მხრიდან წარმოებულ სწრაფ ბრძოლაში, რომლის შემდეგაც ბაქომ გამოაცხადა გამარჯვება და ამ ტერიტორიაზე თავისი სუვერენიტეტის აღდგენა.
დაახლოებით იმ დროს, როცა ფაშინიანი ერს მიმართავდა, მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების მრჩეველმა განაცხადა, რომ რეგიონს დატოვებს და სომხეთში გადასახლდება რეგიონის, ფაქტობრივად, მთელი სომხური მოსახლეობა.
"ჩვენს ხალხს არ სურს აზერბაიჯანის ნაწილად ცხოვრება. 99.9 პროცენტს ურჩევნია დატოვოს ჩვენი ისტორიული მიწები", - უთხრა სააგენტო "როიტერსს" დავით ბაბაიანმა, სეპარატისტული მთავრობის დე ფაქტო ლიდერის, სამველ შაჰრამანიანის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში.
ასევე ნახეთ სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღსმთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად, თუმცა 1990-იანი წლების სეპარატისტული ომის შემდეგ ის დე ფაქტო დამოუკიდებელი იყო. 2020 წელს აზერბაიჯანმა დაიბრუნა დიდი ნაწილი იმ ტერიტორიისა, რომელსაც 1990-იანი წლებიდან ეთნიკური სომხები აკონტროლებდნენ ერევნის მხარდაჭერით.
ასევე ნახეთ ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს