Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეპარატისტთა განცხადებით, სომეხი მოსახლეობა დატოვებს მთიან ყარაბაღს


დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების მრჩეველი
დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების მრჩეველი

მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების მრჩეველი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის მიერ მიმდინარე კვირაში წარმოებული სწრაფი სამხედრო ოპერაციის შემდეგ, რეგიონს დატოვებს და სომხეთში გადასახლდება რეგიონის, ფაქტობრივად, მთელი სომხური მოსახლეობა.

"ჩვენს ხალხს არ სურს აზერბაიჯანის ნაწილად ცხოვრება. 99.9 პროცენტს ურჩევნია, დატოვოს ჩვენი ისტორიული მიწები", - უთხრა სააგენტო "როიტერსს" დავით ბაბაიანმა, სეპარატისტული მთავრობის დე ფაქტო ლიდერის, სამველ შაჰრამანიანის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

ბაბაიანს არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რა დროს წაიღებს სომეხი მოსახლეობის გამოსვლა რეგიონიდან. სომხურენოვანი მოსახლეობის შესაძლო მასობრივ გამოდინებაზე არც ოფიციალური პოზიცია გამოცხადებულა. თუმცა გაეროსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ სულ უფრო ხმამაღლა ისმის მოწოდებები ჰუმანიტარული დახმარების გაწევის თაობაზე მას მერე, რაც სომეხი სეპარატისტები დასთანხმდენ რუსეთის შუამავლობით გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ბაქოს მხრიდან 19-20 სექტემბერს წარმოებული სამხედრო ოპერაციის ფონზე.

ბაქო აცხადებს, რომ დაცული იქნება ეთნიკური სომხების უფლებები - მოსახლეობის, რომელიც, სომეხთა თქმით, 120 000-მდე ადამიანს შეადგენს, აზერბაიჯანის მხარე კი ამ მონაცემს ანახევრებს.

23 სექტემბერს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, აზერბაიჯანმა მიანიშნა გამარჯვებაზე მთიან ყარაბაღში, სომხეთმა კი საერთაშორისო დახმარება ითხოვა რეგიონის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. პარალელურად, მიმდინარე კვირაში ბაქოს მიერ ჩატარებული სწრაფი სამხედრო ოპერაციის შემდეგ, რეგიონში გრძელდება ევაკუაციის და განიარაღების პროცესები.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროში გამოსვლა გამოიყენა იმის სათქმელად, რომ ორმა პოსტსაბჭოთა მეტოქე ქვეყანამ ვითარება "მოაწესრიგა" და ახლა დადგა "ურთიერთნდობის" შენების დრო.

მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად, თუმცა 1990-იანი წლების სეპარატისტული ომის შემდეგ ის დე ფაქტო დამოუკიდებელი იყო. 2020 წელს აზერბაიჯანმა დაიბრუნა დიდი ნაწილი იმ ტერიტორიისა, რომელსაც 1990-იანი წლებიდან ეთნიკური სომხები აკონტროლებდნენ ერევნის მხარდაჭერით.

XS
SM
MD
LG