„პედრო პარამო“: წიგნი, რომლის ნანგრევებშიც მამა-ბატონის მარადიული აჩრდილი დაძრწის

სალომე ასათიანის პოდკასტი

Your browser doesn’t support HTML5

„პედრო პარამო“: წიგნი, რომლის ნანგრევებშიც მამა-ბატონის მარადიული აჩრდილი დაძრწის

“კომალაში მაშინ გავემგზავრე, როცა შევიტყვე, რომ იქ ცხოვრობდა მამაჩემი, ვინმე პედრო პარამო. ეს ამბავი სიკვდილის წინ დედამ გამანდო. მეც აღვუთქვი, სადაც არ უნდა ყოფილიყო, დაუყოვნებლივ წავსულიყავი და მომენახა. ... ‘იცოდე, აუცილებლად ნახე’ - მარიგებდა დედა. ‘კარგად დაიმახსოვრე, სახელად პედრო ჰქვია, გვარად პარამოა. მჯერა, გაუხარდება შენი ნახვა’“.

ასე იწყება მექსიკელი მწერლის, ხუან რულფოს რომანი, „პედრო პარამო“, რომელიც პირველად 1955 წელს დაიბეჭდა მეხიკოში. თითქოს რადიკალურად სადა და არქეტიპული სიუჟეტით - კაცი უცხო მხარეში მამის საძებნელად მიდის. მაგრამ ამ წიგნში ნაცნობი, ადვილი, ან კომფორტული არაფერია. ეს არის „მრავალხმიანი მოგზაურობა ჯოჯოხეთშიო“, წერდა სიუზან ზონტაგი, რომელიც „პედრო პარამოს“ ლიტერატურულ შედევრად თვლიდა. სხვებს ამ წიგნის კითხვის პროცესი მოაგონებს გასაღების ძებნას ნაგებობაში, რომლის კედლებიც შენს გარშემო გამუდმებით და ხმაურით ინგრევა.

ფიქციური, რულფოს მიერ გამოგონილი კომალა, სადაც პერსონაჟთან ერთად ჩვენც ჩავალთ, უცნაურ, ჰალუცინაციურ სამყაროში ჩაგვითრევს. კომალა ხმებით, მოგონებებით, ჩურჩულით და აჩრდილებით მოცული ქალაქია, რომელიც სიყვარულის, ტკივილის, სისასტიკის, სიღარიბის, დამარცხებისა და ხელმოცარულობის ამბებით ფეთქავს. წარსულსა და აწმყოს, ზმანებასა და რეალობას, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ზღვარი აქ მუდმივად ინგრევა, ნანგრევებში კი მამა-ბატონის აჩრდილი დაძრწის. კომალას ყველა კუთხე ინახავს მოგონებას ძლიერ და ულმობელ პატრიარქზე, პედრო პარამოზე, რომელიც ქალაქს ფეოდალის ყაიდაზე მართავს.

ამ თხელტანიანი წიგნის ფორმა დღესაც რადიკალურია - 69 ფრაგმენტი, რომლებიც ერთმანეთს ხან ებმის, ხან არა, ამბები წყდება, ერთმანეთში გარდადის, სულ სხვა მონაკვეთში პოულობს გამოძახილს. სადღაც ვკარგავთ მთხრობელს, ხუან პრესიადოს, თავიდანვე გვეტყვიან, რომ მამამისი, პედრო პარამო რახანია მკვდარია. მაგრამ ტექსტურ ქაოსში ნელ-ნელა, თავისით გამოიკვეთება მარადიული ამბავი პატრიარქალურ ძალაუფლებაზე, რომელიც ანგრევს იმედს, სიყვარულს, მომავალს; ამ წიგნს თუ შევისმენთ, ამ ამბავს აქ წარსულის, მკვდრების ხმათა ექოები მოგვიყვებიან.

ილან სტავანსი

სწორედ ხმები - რადგან ამ წიგნს ინტენსიური სმენითი განზომილება აქვს, მისი სამუშაო სათაური „ჩურჩულები“ იყო. „ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდიც აუდიოექსპერიმენტივით გამოვიდა, მასში დიდ დროს ვუთმობთ ამ ხმების, საკუთრივ ტექსტის მოსმენას - რაშიც ჩვენი კუთხის გულშემატკივრები, ჩემი კოლეგები, ახლობლები, მათ შორის პროფესიონალი მსახიობები გვეხმარებიან.

„აჩრდილთა საზოგადოებაში ყოფნა ყოველთვის არაა შიშისა და პანიკის გამომწვევი მდგომარეობა - პირიქით, ეს ფიქრის, შეგრძნების წინაპირობაა. არ არსებობს შემეცნება მკვდრების მახსოვრობის გარეშე, რაოდენ არაცნობიერი, თუ ბუნდოვანიც უნდა იყოს ის“ - წერს კულტურის ისტორიკოსი, ნიკოლას როილი, რომელიც "ასათიანის კუთხეშიც" გვსტუმრობდა ერთხელ. ჩვენი ცოდნა, ჩვენი მოგონებები ყოველთვის მოცულია იმ ადამიანებით, ვინც აქ ჩვენამდე იყო და ახლა აღარ არის - ვისაც პირადად ვიცნობდით, ან ვისი აზრებიც სამყაროს აღქმაში, მნიშვნელობების პოვნაში გვეხმარება. და არც „პედრო პარამოა“ წიგნი უბრალოდ მოჩვენებებზე, ან მორიგი რომანი „საშინელებათა ჟანრიდან“. ესაა ტექსტი წარსულსა და მკვდრებზე, რომლებიც მუდმივ დიალოგში არიან აწმყოსთან და სიცოცხლესთან.

„პედრო პარამოს“ აკავშირებენ მითოლოგიასთან, ანტიკურობასთან - მამის საძებნელად წასულ ტელემაქესთან, ან ფრთიანი გველის, კეცალკოატლის მოგზაურობასთან საიქიოში, სადაც ღვთაება მამამისის ძვლებს დაეძებს. თუმცა ამ რომანში სიუჟეტი გამუდმებით იმსხვრევა, მასში მითებიც ექოები ხდებიან. რულფო ლიტერატურული მოდერნიზმის ოსტატია, „პედრო პარამოში“ ის უბადლოდ ქმნის სიურრეალისტურ, სიზმრისეულ ატმოსფეროს; მაგრამ მისი სამყარო და დაწრეტილი, სიტყვაძუნწი, ლამის ტელეგრაფიული ენა თან მუდამ გამოიხმობს რაღაც პირველყოფილს, ფოლკლორული თქმულებებივით პრიმიტიულს. მოდერნისტი რულფო თითქოს დროის სიღრმიდან ლაპარაკობს, გაუზავებელი მიწის არქაული, საზარელი ხმითო, წერენ ლიტერატურის ისტორიკოსები.

ამ რომანის გამოქვეყნებისას რულფო 38 წლის იყო, და ცოტა ხნით ადრე მხოლოდ მოთხრობების კრებული, „ცეცხლმოდებული დაბლობი“ ჰქონდა გამოცემული. როცა პირველად დაიბეჭდა, მის რომანს განსაკუთრებული ყურადღება არ მიაქციეს, მაგრამ წლებმა ამ წიგნის ბედისწერა შეცვალა. მწერალი თავადაც მოესწრო მისი რომანის აღიარებას ლეგენდარულ ტექსტად.

„პედრო პარამოთი“ შეპყრობილ მკითხველებს შორის იყო ხორხე ლუის ბორხესი, მისი კინოვერსიის გადაღება სურდა ლუის ბუნუელს. გარსია მარკესი ამბობდა, ეს წიგნი ხელში რომ ჩამივარდა, სანამ ორჯერ არ წავიკითხე ძილი არ მომეკარა, და ახლა თავიდან ბოლომდე ზეპირად ვიციო. რულფოს სიზმრისეულ კომალას ბევრი საერთო აქვს მარკესის ფიქციურ მაკონდოსთან; მეტიც - მარკესის „მარტოობის ასი წელიწადის“ ემბლემატური გამხსნელი სიტყვები: „ბევრი წლის შემდეგ, დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, როდესაც მამამისმა პირველად წაიყვანა ყინულის სანახავად", შესაძლოა სწორედ რულფოს რომანს მიაგებდეს ჩუმ პატივს. რადგან „პედრო პარამოში“ გვხვდება წინადადება - „ბევრი წლის შემდეგ, პადრე რენტერია გაიხსენებს იმ უძილო ღამეს...“

თუმცა, აღიარების მიუხედავად, რულფო სიჩუმეში ჩაიძირა და სიკვდილამდე, 30 წლის განმავლობაში ბევრი აღარაფერი გამოუქვეყნებია. მას იცნობდნენ მძიმე და კარჩაკეტილ კაცად, რაც მისი წარმომავლობითაც აიხსნებოდა - რულფო იყო ხალისკოდან, მექსიკის რთული, მთიანი რეგიონიდან, სადაც სიტყვაძუნწი და კუშტი ხალხი ცხოვრობს. რულფოს მოთხრობებშიც და „პედრო პარამოშიც“ სწორედ ასეთ ხალხს ვხვდებით - ადამიანებს წარსულისა და მომავლის გარეშე. მათ, ვისაც კოლონიალიზმმა ისტორია და ფესვები წაართვა, მაგრამ ვერც მოდერნულ და „პროგრესულ“ ქვეყანაში შეძლეს თავის დამკვიდრება.

ჯეისონ უილსონი

„ასათიანის კუთხეს“ რულფოს მემკვიდრეობის ორი ვეტერანი მკვლევარი სტუმრობს - ამჰერსტის უნივერსიტეტის პროფესორი, თავადაც მექსიკელი ილან სტავანსი და ლონდონის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, ჯეისონ უილსონი.

ჩვენი სტუმრები აგვიხსნიან ამ წიგნის უცნაურ ქსოვილს, მის სიზმრისეულ დრამატურგიას, მის ფრაგმენტიზებულ და სპეფიციკურ მიმართებას მოგზაურობის, ფესვების ძიების, შინ დაბრუნების არქეტიპულ, მითოლოგიურ სიუჟეტებთან; მოგვიყვებიან „პედრო პარამოს“ მიმართებაზე სხვა ტექსტებთან თუ ავტორებთან, მათ შორის მის იდუმალ კავშირზე მეოცე საუკუნის ეპოქალურ ტექსტთან, ტომას სტერნზ ელიოტის პოემასთან „The Waste Land” - „უნაყოფო მიწა“, რომელიც პირველად 1922 წელს დაიბეჭდა და როცა მექსიკაში ითარგმნა, მისი სათაური იყო „ელ პარამო“. რადგან ეს სიტყვა, „პარამო“, სწორედ უნაყოფო, სტერილურ, გახრიოკებულ მიწას ნიშნავს - სიკვდილით მოცულ ლანდშაფტს, რომელსაც ელიოტი პირველი მსოფლიო ომისშემდგომ ატმოსფეროში გამოიხმობდა.

„მამა“ - მამის ძიება, დაკარგული, გაუცხოებული, სასტიკი ან მკვდარი მამა - რულფოს იდუმალი მემკვიდრეობის თანმდევი სახეა, „პედრო პარამოს“ გარდა ის მის მოთხრობებშიც მუდამ იჩენს თავს. ამ სახეებზე ეპიზოდის მეორე ნახევარში ბევრს ვილაპარაკებთ - ჩვენი სტუმრები აგვიხსნიან იმ რთულ, ისტორიულ, კოლონიალიზმით დაღდასმულ კონტექსტს, რომელიც ლათინური ამერიკის კულტურულ წარმოსახვაში ობლობის, „ორფანდადოს“ მარადიულ ტკივილს განაპირობებს.