სალომე ასათიანის პოდკასტი
ზუსტად ერთი საუკუნის წინ, 1922 წელს, დასავლურ ლიტერატურაში ყველაფერი შეიცვალა - ძირეულად და შეუქცევადად. ეს ცვლილება მკითხველს მოდერნისტმა პოეტმა, ეზრა პაუნდმა ამცნო - ავტორმა მწერლების მიმართ გამოთქმული ცნობილი მოწოდებისა “make it new”, ანუ „სიახლე მოიტანე“. 1922 წელს პაუნდმა ლიტერატურულ ჟურნალში თავისი კალენდარი გამოაქვეყნა - თვეებს ბერძნული და რომაული ღვთაებების სახელები დაარქვა, ხოლო ახალ ეპოქას უწოდა „p.s. U, წელი პირველი“. ეს ასოები მიემართებოდა “post scriptum Ulysses”, ანუ ახალ ჟამს, რომელიც „ულისეს დაწერის შემდეგ დადგა“ - ჯეიმზ ჯოისის ეს რომანი პირველად სწორედ იმ წელს გამოქვეყნდა და პაუნდმაც, ამ წიგნის დასრულების შემდეგ, ჩვეულებრივი კალენდარი ფანჯრიდან მოისროლა და ახალი ეპოქის ათვლა 1922 წლიდან დაიწყო.
ლიტერატურამდე შეიცვალა სამყარო. პირველმა მსოფლიო ომმა დიდი ნგრევა, და ბევრი სიკვდილი მოიტანა - და ამ ნგრევით გამოწვეული ტრავმა, შფოთვა და გაუცხოება დაღად აჩნდა ცოცხლად დარჩენილთა ცნობიერებას. დრო და რეალობა უფრო და უფრო მექანიზებული და ფრაგმენტული ხდებოდა, მასშტაბური ინდუსტრიალიზაცია გარდამტეხ სოციალურ ცვლილებებს უკავშირდებოდა. ჯოისი, და მისი თანამედროვე, მოგვიანებით მასსავით „მოდერნისტებად“ გამოცხადებული სხვა მწერლები გრძნობდნენ, რომ ამ ახალ, მშფოთვარე სამყაროში მცხოვრებ ადამიანს თავისი ამბავიც ახლებური, შეცვლილი ფორმებით უნდა მოეთხრო, რომ ვიქტორიანული რომანი, ან, უფრო ზოგადად, ლიტერატურული რეალიზმი ვეღარ პასუხობდა ეპოქის სულს. რადგან ადამიანზე მწყობრი და დალაგებული ტექსტების წერა შეუძლებელი გახდა მას მერე, რაც ზიგმუნდ ფროიდმა არაცნობიერი გონების ძალასა და მნიშვნელობაზე მიგვითითა ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში; ტექსტის ტრადიციული დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული კი არასაკმარის სტრუქტურად იქცა იმ ფონზე, როცა, მაგალითად, ანრი ბერგსონისეულმა კონცეფციებმა გვაჩვენა, რომ დრო სუბიექტური ფენომენია - და არა კატეგორია, რომელსაც კონკრეტული ერთეულებით დაითვლი.
ლიტერატურული მოდერნიზმისთვის ამ, რუბიკონის წელიწადად მიჩნეულ, 1922 წელს „ულისეს“ გარდა დაიბეჭდა სხვა საეტაპო ტექსტებიც. ვირჯინია ვულფმა გამოაქვეყნა ექსპერიმენტული რომანი, „ჯეიკობის ოთახი“, პოეზიის სივრცეს კი მქუხარე და კოშმარული ხილვასავით მოევლინა ბრიტანეთში მცხოვრები ამერიკელი პოეტის, ტომას სტერნზ ელიოტის ტექსტი The Waste Land, „უნაყოფო მიწა“ - შემზარავი პოემა ხრწნითა და ნგრევით მოცულ სივრცეზე, სადაც ცხოვრება ჯოჯოხეთადაა გადაქცეული. “April is the cruellest month” - უთხრა ელიოტმა მკითხველს პირველივე სტრიქონებით. უნაყოფო მიწაზე, ანუ ომისშემდგომ, ფიზიკურ და სულიერ უდაბნოდ გადაქცეულ, მოდერნულ სამყაროში გაზაფხული და აპრილი ყველაზე დაუნდობელი დროა - რადგან ამ მიწაზე განახლება აღარ არსებობს, იმედი, სურვილი და ხსოვნა მხოლოდ უმოწყალო ილუზიაა.
The Waste Land არის უდიდესი ინგლისურენოვანი პოემა, რომელიც ბოლო საუკუნის განმავლობაში დაიწერა - გვეტყვის ლიტერატურის ბევრი ისტორიკოსი. ამ ტექსტმა დრამატულად შეცვალა პოეზიის წერაც და აღქმაც, დაამსხვრია ფორმისა და სტილის ნორმები, პოეტურ აზრს შესძინა სრულიად ახლებური მასშტაბი და უპრეცედენტო ძალით გამოააშკარავა ადამიანის ცნობიერების რთული და ქაოსური ბუნება.
თავისი რევოლუციური განზომილების მიუხედავად, „უნაყოფო მიწა“ მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს სამი ათასი წლის მომცველ ტრადიციასთან. ეს პოემა დასავლური ცივილიზაციის დატირებაცაა, რომელიც გამოიხმობს უამრავ ლიტერატურულ, რელიგიურ, მითოლოგიურ ტექსტს, მათ ავტორებს - ოვიდიუსიდან და ჰომეროსიდან ბიბლიის, ინდუისტური უპანიშადების, დანტეს, ჩოსერის, შექსპირის ჩათვლით. ინგლისურის გარდა, ელიოტი იყენებს ბევრ ენას - გერმანულს, ფრანგულს, იტალიურს, ლათინურს, ძველ ბერძნულს, სანსკრიტს, სიტყვიერ ანალოგიას უძებნის მუსიკასაც კი - მათ შორის რიხარდ ვაგნერის მუსიკას. მაგრამ მთელი ამ ინტელექტუალური, თუ ინტერტექსტუალური სირთულისა და ხმაურის მიღმა, ეს პოემა - თავისი მუსიკალურობით, ენის და სახეების ფანტასმაგორიული გადააზრებით - ასხივებს მძიმე, ძლიერ ენერგიას, აღძრავს ინტენსიურ, რაღაცნაირ ველურ ემოციას, რომელსაც მკითხველი ასი წლის შემდეგაც მყისიერად გრძნობს - იმის მიუხედავად, თუ რამდენი ალუზია, ან ციტატა ესმის.
შესაძლოა იმიტომაც, რომ ეს ლიტერატურული ტექსტი თავისი სახეებით, ხატოვნებით, ხმოვანი და ვიზუალური განზომილებითაა მომნუსხველი. „უნაყოფო მიწის“ კითხვა მომენტებში ემსგავსება სიზმრისეული კინოს ყურებას - რომელსაც მიჰყვები და არასოდეს იცი რას გიმზადებს ვირტუოზი, ეიზენშტეინისეული მემონტაჟე შემდეგ სცენაში. ლონდონის ხიდზე, ზამთრის მღვრიე ბურუსში, მთვარეულებივით მიირწევიან სამსახურებში მიმავალი უსიცოცხლო მასები, რომელიღაც სახლში ქალს ნერვული კოლაფსი აქვს, ლონდონის პაბში განიკითხავენ ქალს, რომელიც აკრძალული აბებით ცდილობს ორსულობის მოშორებას. აჩრდილქალაქის ლანდშაფტი უდაბნოს ლანდშაფტს დამსგავსებია, ბავშვისთავა ღამურები ლილისფერ შუქში დასისინებენ, ერთ დროს სუფთა და შეურყვნელ „ტკბილ ტემზას“ ახლა „ოფლი სდის, კუპრის და ნავთის“. აქ გაუდაბნოებული, ემოციური მნიშვნელობებისგან დაცლილია ადამიანთა ურთიერთობებიც - უსინათლო ტირესია, კლასიკური მითოლოგიის წინასწარმეტყველი, რომელსაც ოდესღაც ოდისევსი ქვესკნელში ესაუბრებოდა, ახლა ლონდონელი მბეჭდავი ქალის და მისი მუწუკებიანი შეყვარებულის მექანიკურ სექსს ადევნებს სევდიანად თვალს. ტაროზე მკითხავი მადამ სოზოსტრისი კი შარლატანია - უნაყოფო მიწაზე მომავლის ხედვა, წინასწარმეტყველებაც აღარ არსებობს.
„უნაყოფო მიწის“ შესახებ „ასათიანის კუთხეში“ სამი სტუმარი მოგვიყვება - გაბრიელ მაკინტაერი, კანადის კვინსის უნივერსიტეტის პროფესორი, რომლის რედაქტორობითაც რამდენიმე წლის წინ კემბრიჯის უნივერსიტეტმა დაბეჭდა გზამკვლევი The Waste Land-ის შესახებ, ოლივერ ტირლი, ბრიტანეთის ლაფბოროს უნივერსიტეტის პროფესორი, ავტორი წიგნისა „დიდი ომი: ‘უნაყოფო მიწა’ და მოდერნისტული გრძელი ლექსი“, და პოეტი ზვიად რატიანი - რომელსაც ელიოტის ამ პოემის ვირტუოზული ქართული თარგმანი ეკუთვნის.
ჩვენი სტუმრები მოგვიყვებიან The Waste Land-ის შექმნის ისტორიას, აგვიხსნიან იმ უნიკალურ მნიშვნელობას, რომელსაც ეს პოემა ლიტერატურის ისტორიისთვის ატარებს, გვამოგზაურებენ ამ ტექსტის კალეიდოსკოპურ ქსოვილში - რომელშიც ზოგი ფარულ ლოგიკას, მათ შორის გრაალის ლეგენდით შთაგონებულ ინტონაციებს ხედავს, სხვა მკვლევრები კი ამ ტექსტში ლოგიკის ილუზორულობაზე, წამიერებაზე წერენ წიგნებს. ეპიზოდში მიმოვიხილავთ „უნაყოფო მიწის“ ბევრ მნიშვნელოვან ფრაგმენტს და პერსონაჟს, წავიკითხავთ ბევრ ნაწყვეტს, და თავად ტომას სტერნზ ელიოტის ხმასაც მოვისმენთ.
„უნაყოფო მიწა“, ყველაფერთან ერთად, ერთ-ერთი პირველი პოეტური ჩვენებაა იმ ეკოლოგიურ კრიზისზე, რომლის წინაშეც ადამიანები ახლა ვდგავართ, ის სავსეა დაბინძურებული სივრცეებით, ჭუჭყიანი მდინარეებით, სმოგით, ნაგვით, სიკვდილით - რაც, 2022 წლის პერსპექტივიდან, ამ პოემას აპოკალიპტურ სიმწვავეს ანიჭებს. თუმცა „უნაყოფო მიწა“ - წამიერად, ფრაგმენტულად - ამ „დალეწილი სახეების ნაგავსაყრელის“ თუ „ნეშტის პეშვში დაგუბებული საშინელების“ მიღმაც გვახედებს. The Waste Land-ი ყველაზე იდუმალი და ამაღელვებელი ხდება იქ, სადაც ამ გაუდაბნოებულ სივრცეში ის ტრანსცენდენტულის, საკრალურის თუნდაც შესაძლებლობას უშვებს - გვეტყვიან ჩვენი სტუმრები. და სვამს შესაძლოა ყველაზე იდუმალ კითხვას პოეზიის ისტორიაში - „ვინ არის მესამე, ვინც ყოველთვის მოგყვება გვერდით?“.