სალომე ასათიანის პოდკასტი
„კორტასარს ვინც არ კითხულობს, ყველა განწირულია“– ეს სიტყვები პაბლო ნერუდას ეკუთვნის. ჩილელ პოეტს, რომელსაც 1971 წელს ნობელის პრემია მიენიჭა, როგორც მაშინ ითქვა „პოეზიისათვის, რომელიც ბუნების ძალის ამოქმედებით აცოცხლებს კონტინენტის ბედისწერასა და ოცნებებს“.
ასათიანის კუთხე
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ხულიო კორტასარს და მის 1963 წლის „კლასობანას“ ეძღვნება. ლიტერატურის ისტორიკოსები გვეტყვიან, რომ მარკესის „მარტოობის ას წელთან“ ერთად, „კლასობანა“ ყველაზე მნიშვნელოვანი ესპანურენოვანი რომანია, რომელიც სერვანტესის „დონ კიხოტის“ შემდეგ გამოქვეყნდა. „კლასობანა“ არის წიგნი, რომელიც ერთდროულად ბევრი წიგნია, რომლის წაკითხვაც მრავალნაირად შეიძლება და რომელიც შენთან, მკითხველთან ერთად მუდმივად იზრდება და იცვლება, რამდენჯერაც უნდა დაუბრუნდე მას. „’კლასობანა’ დავწერე იმიტომ, რომ მას ვერ ვიცეკვებდი, ვერ გადმოვაფურთხებდი, ვერ დავიყვირებდი, ვერ გამოვხატავდი რომელიმე სულიერი ან ფიზიკური აქტით, კომუნიკაციის რომელიმე არსებული მედიუმითო“, ამბობდა კორტასარი.
პოდკასტის სტუმარია ილან სტავანსი, შეერთებული შტატების ამჰერსტის კოლეჯის პროფესორი, მექსიკური წარმოშობის ამერიკელი ლიტერატურის კრიტიკოსი და ესპანურენოვანი, მათ შორის ლათინური ამერიკის ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტიანი მცოდნე.სტავანსი კორტასარს პირადად იცნობდა და მისი ლიტერატურის შესახებ მრავალი პუბლიკაციის ავტორია.
პროფესორ სტავანსთან ერთად ვსაუბრობთ კორტასარის ლიტერატურულ და პოლიტიკურ ტრაექტორიაზე, კვალზე, რომელიც მას და მის ტექსტებს დაატყო ქვეყნების და კულტურების ცვლამ და მუდმივად არგენტინასა და ევროპას შორის ყოფნის მდგომარეობამ. ილან სტავანსი გვიყვება„ლათინურ-ამერიკული ბუმის“ სახელით ცნობილ, 1960-იანი წლების ლიტერატურულ ფენომენზე, რომლის დროსაც მსოფლიო ასპარეზზე კორტასართან ერთად გამოვიდნენ გარსია მარკესი, კარლოს ფუენტესი, მარიო ვარგას ლიოსა და სხვა დიდი მწერლები, თავიანთ ლიტერატურულ მამასთან, არგენტინელ ხორხე ლუის ბორხესთან ერთად.
ცხადია, ვსაუბრობთ ამ მწერლების მახასიათებელ „მაგიურ რეალიზმზე“ - ლიტერატურულ სტრატეგიაზე, რომელიც ერთნაირი ინტენსივობით თუ ლეგიტიმურობით წარმოაჩენს ტრადიციულს და ავანგარდულს, ადგილობრივს და ევროპულს, მითებს და რაციონალობას. და, რასაკვირველია, ვიხსენებთ კუბის რევოლუციას - რომელიც პირველ ეტაპზე „ბუმის“ თაობის ავტორებს ერთიანი ლიტერატურული თუ პოლიტიკური მიზნის ქონის განცდას უჩენს, შემდეგ კი მათ შორის მწვავე და შეუქცევადი კონფლიქტის გამომწვევი მოვლენა ხდება.