ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პრემიერის მამის კომპანიასთან ხელშეკრულება გაუქმებულია

ფოტოილუსტრაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის კომპანიის, შპს „ქართული ფესვების" შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა ღვინის ეროვნული სააგენტო.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ღვინის ეროვნული სააგენტო, აცხადებს, რომ სახელმწიფო საწარმომ, შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ", იმ ყურძნის შეძენის მიზნით, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იქნებოდა მოთხოვნა, 2023 წლის 29 აგვისტოს ხელშეკრულება გაუფორმა შპს „ქართულ ფესვებს" [რომლის 50%-იანი წილის მესაკუთრე ტარიელ ღარიბაშვილია]. როგორც ამავე განცხადებაშია ნათქვამი, კერძო სექტორის აქტიურობიდან გამომდინარე, არ გახდა საჭირო პროცესში „ქართული ფესვების” ჩართვა და 1 სექტემბერს მას გაუუქმდა ხელშეკრულება.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, „მოსავლის მართვის კომპანიაში" აცხადებენ, რომ „ქართულ ფესვებს" არცერთი კილოგრამი ყურძენი არ ჩაუბარებია, არ მიუღია არანაირი თანხა და ამ ეტაპზე, შესაბამისად, არ არსებობს არც ხელშეკრულება.

12 სექტემბერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, თბილისი-მიუნხენი-თბილისის ჩარტერული ფრენის ხარჯი მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა, გადაუხადა. ჯაფარიძე დაინტერესდა თანხის წარმომავლობით და დაწერა:

„ფული საიდან?

ეკონომიკის სამინისტროს აქვს სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტო". სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს" აქვს შპს „მოსავლის მართვის კომპანია". შპს „მოსავლის მართვის კომპანია"-მ წელს, 29 აგვისტოს, გამარტივებული წესით გაუფორმა ხელშეკრულება შპს „ქართული ფესვები"-ს. შპს „ქართული ფესვები" არის ტარიელ ღარიბაშვილის. 150,000 ლარს უხდიან წლის ბოლომდე რომ ყურძენი გადაამუშაოს (კილო 10 თეთრი). ტარიელმაც აიღო და ბორტი #1 უქირავა შვილს რომ შვილიშვილი წაეყვანა პენსილვანიაში".

ასევე ნახეთ პრემიერს ჩარტერული ფრენის საფასური ტარიელ ღარიბაშვილმა გადაუხადა - ჩუბინიძე

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამა, ტარიელ ღარიბაშვილი, ფლობს მხოლოდ ერთი კომპანიის (შპს "ქართული ფესვები") 50-პროცენტიან წილს. პრემიერის მამამ კომპანიის ნახევარი 2023 წლის თებერვალში 200 ათას ლარად იყიდა.

რეესტრის მიხედვით, კომპანიის საქმიანობის სფეროებია მევენახეობა, ღვინის წარმოება და რეალიზაცია და სხვა. კომპანიის დირექტორი ნათია ლობჟანიძეა. მან რადიო თავისუფლებას მხოლოდ ის უთხრა, რომ ღვინის წარმოებით არ არიან დაკავებული, შემოსავლებსა და სხვა დეტალებზე საუბარი კი არ ისურვა.

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში გაემგზავრა თავის ვაჟთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა. ირაკლი ღარიბაშვილსა და მისი ოჯახის წევრებს სამთავრობო ბორტი 28 აგვისტომდე, ანუ დაახლოებით ერთი კვირა უცდიდა გერმანიის ქალაქ მიუნხენში, საიდანაც საქართველოში ჩამოიყვანა აშშ-იდან დაბრუნებული პრემიერი და მისი ოჯახის წევრები.

ასევე ნახეთ სტრატკომი უარყოფს "TV პირველის" ინფორმაციას პრემიერის ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით

ბოლო დეკლარაცია პრემიერმა 2022 წლის ოქტომბერში შეავსო, რომლის მიხედვითაც, მისი წლიური ანაზღაურება დაახლოებით 45 ათასი ლარი იყო. ამავე დეკლარაციაში წერია ისიც, რომ მას მშობლებმა 150 ათასი ლარი აჩუქეს.