საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 12 სექტემბერს, დილით, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე წარდგინება შეიტანა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მიაწოდეს სასამართლოს პრესსამსახურში.
სასამართლო ბათუმში მდებარეობს და წარდგინებაც უმრავლესობის წარმომადგენელმა იქ შეიტანა.
ასევე ნახეთ რაც არ უნდა ეცადოთ, ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, მიჩივლოთ... ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით - ზურაბიშვილი "ოცნებას"საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ახლა წარდგინება დარეგისტრირდება და შემდეგ დაიწყება სამართლებრივი პროცედურები.
გუშინ, 11 სექტემბერს, პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა სხდომაზე თქვა, რომ დაადასტურეს წარდგინების 80-ვე დეპუტატის ხელმოწერის ნამდვილობა.
ასევე ნახეთ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს 80 დეპუტატი მიმართავს80 დეპუტატს შორის ერთ-ერთი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილია. მისი თქმით, პრეზიდენტს ედავებიან ქვეყნის კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევას, რომლის მიხედვითაც:
"[პრეზიდენტი] მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან..."
„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.
ასევე ნახეთ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის ინიციატივასსაკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი წარდგინებისთვის საჭიროა მინიმუმ 50 დეპუტატის თანხმობა.
მიმართვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგინოს პარლამენტს დასკვნა, ამის შემდეგ კი პარლამენტმა პოლიტიკური ვერდიქტი უნდა გამოიტანოს და გადაწყვიტოს, დააყენებს თუ არა კენჭისყრაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს.
გასულ კვირაში საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა გერმანიის, ბელგიისა და საფრანგეთის დედაქალაქებში.
პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტში 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. დღევანდელი მოცემულობით, საქართველოს 150-წევრიან პარლამენტს 140 მოქმედი დეპუტატი ჰყავს. მათგან საპარლამენტო უმრავლესობაში შედის 80-ზე მეტი დეპუტატი, საპარლამენტო ოპოზიციაში კი - 56.