Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის ინიციატივას


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ არ დაუჭერენ მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ინიციატივას სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე და ამბობენ, რომ თუ ვინმეს ლუსტრაცია მოხდება იმპიჩმენტის წამოწყების პროცესით, ეს „ქართული ოცნება“ იქნება.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრი, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ თავის მიერ არჩეულ პრეზიდენტს იმპიჩმენტს უპირებს მხოლოდ იმის გამო, რომ მან საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მიმართ მხარდაჭერა ღიად დააფიქსირა. ეს იმას ნიშნავს, ამბობს მანჯგალაძე, რომ პრეზიდენტს და სხვა ყველა პროდასავლურად განწყობილ ოპოზიციას არ აძლევენ შესაძლებლობას, რომ ქართველი ხალხის რეალიზება მოხდეს.

მმართველი პარტიის ინიციატივას იმპიჩმენტის თაობაზე მხარს არც პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დაუჭერს, - ამის შესახებ განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემაც.

„ხელისუფლებას არ სურს რეალური ნაბიჯების გადადგმა, პირიქით, ისინი ახლა ალბათ ელოდებიან რუსეთისგან შექებას, რომელსაც აუცილებლად დაიმსახურებენ“, - ასე აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი წერეთელი „ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.

საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი წარდგინებისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვება, უახლოეს დღეებში დაიწყება, რისთვისაც 50 დეპუტატის თანხმობაა საჭირო.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე კი აცხადებს, რომ „ორშაბათს უმრავლესობის სხდომაზე ისინი 50-ზე მეტი ხელმოწერით იქნებიან“.

საკონსტიტუციო სასამართლომ, ერთი თვის ვადაში პარლამენტს დასკვნა უნდა წარუდგინოს, ამის შემდეგ კი პარლამენტმა პოლიტიკური ვერდიქტი უნდა გამოიტანოს და გადაწყვიტოს, დააყენებს თუ არა კენჭისყრაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს.

ამ პროცესის პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის დედაქალაქებში შეხვედრებს აგრძელებს.

პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტში 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. დღევანდელი მოცემულობით, 150-წევრიან საქართველოს პარლამენტს 140 მოქმედი დეპუტატი ჰყავს. მათგან საპარლამენტო უმრავლესობაში 84 დეპუტატი შედის, საპარლამენტო ოპოზიციაში კი - 56.

XS
SM
MD
LG