სამეგრელოში, ბალდის კანიონზე, მიმდინარე „ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის“ მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, მარტვილში დღეს, 11 სექტემბერს, საპროტესტო აქცია გაიმართა. მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა აქციაზე განაცხადეს, რომ თავიანთი მოთხოვნის შესასრულებლად ხელისუფლებას 5-დღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი „სხვა ზომებს“ მიმართავენ, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ სამოქმედო გეგმა. აქციის დასასრულს, ბალდელებმა ავტომანქანებით გამაფრთხილებელი მსვლელობაც მოაწყვეს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართულებით.
„მდინარე ეკუთვნის ხალხს“, „ოდაბადე არ იყიდება“, „შეჩერდეს მშენებლობა“, „ვიცავთ დაცულებისგან“, - ამ შინაარსის ბანერებით მივიდნენ სოფელ ბალდის მცხოვრებლები აქციაზე, რომელიც მარტვილის კანიონის მიმდებარედ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადგილობრივ ოფისთან გაიმართა.
აქციის მონაწილეების თქმით, დაცული ტერიტორიების სააგენტომ დაარღვია კანონი, როცა საერთო სარგებლობის ქონება 40 წლით იჯარით გასცა კერძო კომპანია „კანიონ 350-ზე“, მოსახლეობასთან შეუთანხმებლად და მათი ჩართულობის გარეშე.
ასევე მიაჩნიათ, რომ ბუნების ძეგლის სტატუსის მქონე ტერიტორიაზე არა ეკოტურისტული, როგორც ამას სააგენტო ირწმუნება, არამედ „სათავგადასავლო ინფრასტრუქტურა“ ეწყობა. კანონით კი სახელმწიფომ ბუნების ძეგლი კერძო მესაკუთრეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გადასცეს, თუ მეპატრონე მას ეკოტურისტულ და რეკრეაციულ ფუნქციას შესძენს.
ამასთან ბალდელების უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტიც, რომ მშენებლობის მიმდინარეობისას სოფლის მცხოვრებლებს მდინარით სარგებლობა ეკრძალებათ, პროექტის დასრულების შემდეგ კი კანიონზე შესვლა ფასიანი გახდება.
აქციაზე სიტყვით გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო მოსახლეობას ატყუებს, როცა ამბობს, რომ მიმდინარე მშენებლობა სოფელში მეტი ტურისტის მოზიდვას და ხეობის განვითარებას ემსახურება. მათი თქმით, რეალურად კი ცდილობენ „ჩააბეტონონ ხელუხლებელი ბუნება“ იმისთვის, რომ რამდენიმე ადამიანმა ფინანსური მოგება მიიღოს:
„ამბობდნენ, რომ ახალგაზრდების მცირე ჯგუფია [მშენებლობის] წინააღმდეგიო, მაგრამ დღეს რწმუნდებიან, რომ აქ ახალგაზრდაც არის, ხანდაზმულიც და საშუალო ასაკის ადამიანიც. ყველა დგას ერთად და უკვე აღარ აქვთ იმის საშუალება, რომ თქვან, თითქოს, 1-2 ადამიანია. ასევე ამბობდნენ, რომ ჩვენ ვიღაც გვაფინანსებს ან რამე მსგავსი. არ სჯერათ იმის, რომ ადამიანმა შეიძლება რაღაც დაიცვას მარტო იმიტომ, რომ უყვარს და ჩვენ ამ ადგილს ვიცავთ, რადგან ამ ადგილის ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს. არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ, ვერავინ წაგვართმევს. ვიბრძოლებთ ბოლომდე. თუ ერთად ვიქნებით ბოლომდე, ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. თუ ჩვენი მოთხოვნა არ იქნება გათვალისწინებული, აუცილებლად სხვა ზომებს მივიღებთ. ვაძლევთ ვადას - თუ 5 დღეში მშენებლობა არ შეჩერდება, უკვე სხვა ზომებს მივმართავთ“, - განაცხადა აქციაზე მშენებლობის ერთ-ერთმა მოწინააღმდეგემ, ცოტნე თვარაძემ.
პროტესტის მონაწილეების თქმით, ბალდის კანიონზე მშენებლობის უკანონოდ დაწყების გამო დავას სასამართლოში გააგრძელებენ. აქციაზე სიტყვით გამოვიდა იურისტი კახა ურიადმყოფელი, რომელიც, მშენებლობის მოწინააღმდეგეების თქმით, მათ სამართლებრივ ბრძოლაში უანგაროდ ეხმარება:
იურისტის სიტყვებით, ყველა ნორმალური და დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრესი პრინციპია ისეთი საკითხის გადაწყვეტა, როგორიც არის ბალდის კანიონის იჯარით გაცემა და მშენებლობის დაწყება მოხდეს მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით და მათი ჩართულობით:
„პირდაპირ გვიწერია კანონმდებლობაში, რომ მხოლოდ ეკოტურიზმისთვის შეიძლება მსგავსი ტერიტორიის გადაცემა. ეკოტურიზმის განმარტებაში ასევე გვიწერია, რომ ეკოტურიზმის განვითარება წარმოუდგენელია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გარეშე. უფრო მეტიც, პირდაპირ გვიწერია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა უნდა ეწეოდეს იქ ძირითადად სამეწარმეო საქმიანობას. ასე რომ, თქვენ 100%-ით მართლები ხართ და სწორ საქმეს აკეთებთ“, - უთხრა კახა ურიადმყოფელმა პროტესტის მონაწილეებს.
სოფელ ბალდის კანიონზე „ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები დაცული ტერიტორიების სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ. მათ დავის სასამართლოში გაგრძელების გადაწყვეტილება ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ მიიღეს.
ასევე ნახეთ ბალდის კანიონზე მშენებლობის შესაჩერებლად მოქალაქეები სასამართლოს მიმართავენთავის მხრივ, დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ კანიონზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით „გარკვეული ჯგუფები“ შეცდომაში არიან შეყვანილი. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თომა დეკანოიძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბალდის კანიონის ტერიტორია აუქციონში გამარჯვებულ კომპანია „კანიონ 350-ზე“ კანონის დაცვით გაიცა იჯარით. ის ირწმუნება, რომ მშენებლობის დაწყებამდე მოსახლეობასთან პროექტის დეტალებიც განიხილეს. როგორც დეკანოიძე ამბობს, იჯარის ვადა 20 წელია, თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგ კომპანიასთან ხელშეკრულება გაგრძელდება, თუ მას შესრულებული ექნება ყველა ვალდებულება.
ასევე ნახეთ ბალდის კანიონზე მშენებლობა 2 კვირით შეჩერდება - ახალგაზრდები დახურული შეხვედრის შესახებოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კომპანია „კანიონ 350-მა“ ბალდის კანიონი, 3 მილიონამდე ლარის ინვესტიციით, ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად უნდა აქციოს.
ასევე ნახეთ “შეიძლება კანონიერია, მაგრამ უსამართლო” - “ბალდის კანიონი” ინვესტორის ხელში გადავიდაკანიონზე სამშენებლო სამუშაოები აპრილიდან მიმდინარეობს. ტერიტორია შემოღობილია და იქ მხოლოდ მუშები შედიან. ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარე კომპანია ვალდებულია, ბალდის კანიონის ბუნების ძეგლზე მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის - ვიზიტორთა ცენტრი, 350 მეტრი სიგრძის როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი.