მიშელი დადებითად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის მისწრაფებას ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი(მარცხნივ) შარლ მიშელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი (მარჯვნივ) ბრიუსელი 1 სექტემბერი 2023 წელი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 1 სექტემბერს ბრიუსელში შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან. შეხვედრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ფეისბუკის გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა.

ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი ლიდერებმა განიხილეს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები, ასევე რეგიონში განვითარებული მოვლენები და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის შედეგები საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისთვის.

პრეზიდენტმა მიშელმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის პირადი მისწრაფება საქართველოს ევროპული პერსპექტივის ხელშეწყობისთვის. როლი რომელიც მან ითამაშა კანონმდებლობის დაცვის ზედამხედველობის კუთხით, ცალკეულ პირთა შეწყალების უფლების გამოყენების კუთხით, რამაც ხელი შეუწყო დეპოლარიზაციას და მაღალი შეფასება მიეცა მის ძლიერ პოლიტიკურ ორიენტირებს ევროკავშირ-საქართველოს დღის წესრიგთან მიმართებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

შარლ მიშელმა ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, როგორც ისტორიულ შესაძლებლობას, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნეს გაშვებული.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მზაობა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლაში. მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყანისთვის საჭირო რეფორმების გაღრმავების აუცილებლობას, განსაკუთრებით მართლმსაჯულების, დეოლიგარქიზაციის, ანტიკორუფციული და მედიის პლურალიზმის სფეროებში, რომლებიც ახლა უკიდურესაც აუცილებელია. მიშელის თანახმად, დეპოლარიზაციასა და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას ასევე პრიორიტეტულად მნიშვნელობა აქვს.

შარლ მიშელმა დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს მდგრადობის გაძლიერების ერთგული.

შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ტვიტერზეც ეხმაურება:

"მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისწრაფებას ევროკავშირის გზაზე, თქვენ გაქვთ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა. ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე, ისტორიული შესაძლებლობაა.

საჭიროა შემდგომი რეფორმები – მართლმსაჯულება, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება”- წერს შარლ მიშელი ტვიტერზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრამდე სალომე ზურაბიშვილი 31 აგვის გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

ასევე ნახეთ ზურაბიშვილი შტაინმაიერთან შეხვედრაზე: გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება

საქართველო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, 31 აგვისტოს გერმანიის დედაქალაქში, ბერლინში შეხვედრებით დაიწყო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები.

დღეს, 1 სექტემბერს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ "ქართული ოცნება" დაიწყებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას. ვინაიდან პრეზიდენტის ევროპული ტურნე მთავრობის თანხმობის გარეშე მიმდინარეობს, რაც მმართველი გუნდის განცხადებით კონსტიტუციის დარღვევაა. ამასთან ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან საქართველოს ევროინტერგაციის მიზნის საზიანოდ მიიჩნევს.

ასევე ნახეთ "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მმართველი პარტიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშემშლელად და საბოტაჟად მიიჩნევს.

თავად სალომე ზურაბიშვილი, მმართველი პოლიტიკური ძალის გეგმას, დაიწყოს მისი იმპიჩმენტის პროცედურა ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.