Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს


ფოტო არქივიდან: ირაკლი კობახიძე და სალომე ზურაბიშვილი
ფოტო არქივიდან: ირაკლი კობახიძე და სალომე ზურაბიშვილი

მმართველი პარტია, "ქართული ოცნება" საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა სპეციალურ ბრიფინგზე.

"პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. ნებისმიერი თვალის დახუჭვა საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს სამართლის უზენაესობას და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ.

გარდა ამისა, იმპიჩმენტის პროცედურა კიდევ ერთხელ გააშიშვლებს რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, მათ შორის საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ არის მიმართული", - თქვა კობახიძემ და დასძინა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში კონსტიტუციური წარდგინების მოსამზადებლად შეგროვდება ხელმოწერები.

საკონსტიტუციო სარჩელის შესატანად აუცილებელია მინიმუმ 50 დეპუტატის ხელმოწერა. საპარლამენტო უმრავლესობაში ამ ეტაპზე 84 დეპუტატია. ეს საკმარია საკონსტიტუციო წარდგინების გასაკეთებლად, თუმცა არა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის.

საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს, გადაწყვეტილების შემდეგ კი პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმაა საჭირო, რაც მმართველ პარტიას არ აქვს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილების გამიჯვნაზე საუბარი ელჩების დანიშვნა/გათავისუფლების საკითხს მოჰყვა. 2022 წლის 7 ივნისს გახდა ცნობილი, რომ მთავრობამ პრეზიდენტთან ელჩების დანიშვნაზე უფლებების გასამიჯნად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. 24 ივნისს სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი "საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ". რამდენიმე თვეში მთავრობამ სარჩელი უკან გაიხმო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიის დედაქალაქში, ბერლინში შეხვედრებით იწყებდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას.

30 აგვისტოს კი მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტს უარს ეუბნებოდნენ უკრაინაში, გერმანიაში, პოლონეთში, შვეიცარიაში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა საამიროებში, ისრაელში, ბულგარეთსა და ჩეხეთში ვიზიტებზე.

მთავრობა განმარტავს, რომ ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, "საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა" და "საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში".

XS
SM
MD
LG