საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს უარს ეუბნება უკრაინაში, გერმანიაში, პოლონეთში, შვეიცარიაში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა საამიროებში, ისრაელში, ბულგარეთსა და ჩეხეთში ვიზიტებზე. ინფორმაცია ჟურნალისტებს მიაწოდა მთავრობის პრესსამსახურმა.
გერმანიაში ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობას 2023 წლის 12 ივლისს მიმართა, რაზეც 2023 წლის 3 აგვისტოს წერილობით უთხრეს უარი.
გარდა ამისა, პრეზიდენტს უარი უთხრეს:
სამუშაო ვიზიტები:
- 22-24 აგვისტოს უკრაინაში;
- 16 სექტემბერს შვეიცარიის კონფედერაციაში;
- 2-3 ოქტომბერს პოლონეთის რესპუბლიკაში;
- 4-6 ოქტომბერს ბელგიის სამეფოში;
- 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით დანიის სამეფოში;
- 1-2 დეკემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
ოფიციალური ვიზიტები:
- 27-29 სექტემბერს ბულგარეთის რესპუბლიკაში;
- 10-12 დეკემბერს ჩეხეთის რესპუბლიკაში;
- 18-20 დეკემბერს ისრაელში.
პრესსამსახურის განმარტავს, რომ ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, "საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა" და "საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში".
პრეზიდენტისთვის ოფიციალურ ვიზიტებზე უარის თქმის შესახებ მედიასთან მთავრობის ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ისაუბრა პარტია "ქართული ოცნების" წევრმა, მამუკა მდინარაძემ.
"სულ რომ ეს ქვეყანა და მისი ხელისუფლება რეკომენდაციებს შესაბამისად არ და ვერ ასრულებდეს, საქართველოს გულშემატკივარმა, საქართველოს მოქალაქემ, სტატუსის მიუხედავად, უნდა თქვას, რომ რეკომენდაციები სრულდება და საქართველო სტატუსს იმსახურებს, მითუმეტეს, როდესაც ეს მართლაც ასე ხდება... როდესაც საქართველოს მოქალაქე, ჟურნალისტი, პრეზიდენტი, თუ ნებისმიერი მოქალაქე, ამბობს, რომ არა არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს, რეკომენდაციები არ არის შესრულებული, არ ვდგავართ ჩვენ სწორ გზაზე, ჩვენ ვადგავართ რუსეთის გზას, ეს არის საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, ეს არის საბოტაჟი და სწორედ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან დაკავშირებულ რისკებთან არის საქართველოს მთავრობის დაუთანხმებლობა დაკავშირებული", - თქვა მდინარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტს ბოლო საპარლამენტო მოხსენება 2023 წლის 31 მარტს ჰქონდა. მან ამ დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა:
„რაც არ უნდა ეცადოთ - ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, ხან საკონსტიტუციო სასამართლოში მიჩივლოთ, ხან რომელ ძალას და [ხან] რომელს მიმაწებოთ; ხან ეცადოთ და ამიკრძალოთ საერთაშორისო ვიზიტები; ხან ეცადოთ და შემიზღუდოთ რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა; ხან ქართული დამიწუნოთ, ხან ცილი დამწამოთ მე და ჩემს ოჯახს... მაინც ვერ შემცვლით ვერც მე, ვერც ჩემს მიზანს; ვერ შემცვალეთ და ასეც იქნება მომავალში“, - თქვა პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 31 აგვისტოს ქალაქ ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ვიზიტით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იწყებს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად.
საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალურ ვიზიტებში წასასვლელად მთავრობის დასტური სჭირდება. უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 2022 წლის 14 მარტს სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მას უარი უთხრეს პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში ვიზიტებზე.