საქართველოს პრეზიდენტი ტვიტერში ეხმაურება გერმანელ კოლეგასთან 31 აგვისტოს ბერლინში გამართულ შეხვედრას და წერს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტერგაციისთვის გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება.
„მადლობა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვედრისთვის, რომლითაც დაიწყო ჩემი ევროპული ტურნე, რომელიც ჩვენი ევროპული გზის უზრუნველსაყოფადაა. გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება. ქართველ ხალხს სჯერა თავისი ევროპული მომავლის“,- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, 31 აგვისტოს გერმანიის დედაქალაქში, ბერლინში შეხვედრებით დაიწყო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს, 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს უნდა შეხვდეს.
დღეს, 1 სექტემბერს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ "ქართული ოცნება" დაიწყებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას. ვინაიდან პრეზიდენტის ევროპული ტურნე მთავრობის თანხმობის გარეშე მიმდინარეობს, რაც მმართველი გუნდის განცხადებით კონსტიტუციის დარღვევაა. ამასთან ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან საქართველოს ევროინტერგაციის მიზნის საზიანოდ მიიჩნევს.
თავად სალომე ზურაბიშვილი, მმართველი პოლიტიკური ძალის გეგმას, დაიწყოს მისი იმპიჩმენტის საკითხი არ გამოხმაურებია. პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პრესკონფერენციიდან მალე, მან ინსტაგრამზე მხოლოდ მატარებელში გადაღებული ფოტო გამოაქვენა, რომელიც სავარაუდოდ, ბერლინიდან ბრიუსელში გზადაა გადაღებული.
საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს, გადაწყვეტილების შემდეგ კი პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმაა საჭირო, რაც ამჟამად მმართველ პარტიას არ აქვს.