კადიროვი: პრიგოჟინის დაღუპვა მთელი სახელმწიფოსთვის დიდი დანაკარგია

ფოტო არქივიდან. ევგენი პრიგოჟინის(მარცხნივ) და რამზან კადიროვის შეხვედრა გროზნოში

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ამბოხების შემდეგ, მისი დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მოქმედებას „საზიზღარ ღალატს“ უწოდებდა, განაცხადა, რომ პრიგოჟინის „დაღუპვა დიდი დანაკარგია მთელი სახელმწიფოსთვის“.

მას შემდეგ, რაც 24 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და თქვა, რომ პრიგოჟინი „ნიჭიერი ადამიანი და ნიჭიერი ბიზნესმენი იყო“, კადიროვმა ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა პოსტი პრიგოჟინის მიმართ საქებარი სიტყვებით და „სახელმწიფოებრივი მასშტაბის მნიშვნელოვანი პერსონა“ უწოდა.

ამასთან, ჩეჩნეთის მეთაური წერს, რომ ბოლო დროს ევგენი პრიგოჟინი „ვერ ხედავდა ან არ უნდოდა დაენახა სრული სურათი იმის, რაც ქვეყანაში ხდება“.

ასევე ნახეთ „ვაგნერის“ ლიდერის, პრიგოჟინის თვითმფრინავი „განზრახ მოწყობილმა აფეთქებამ“ ჩამოაგდო - AP

რუსეთის ტვერის ოლქში 23 აგვისტოს, საღამოს, ჩამოვარდა თვითმფრინავი Embraer Legacy, რომელშიც ოფიციალური სიის მიხედვით იმყოფებოდა 10 ადამიანი, მათ შორის „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ინტერფაქსის" ცნობით, კატასტროფის რაიონში ნაპოვნია ათივე დაღუპულის ნეშტი და ამჟამად მათი ექსპერტიზა მიმდინარეობს.

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ.

ასევე ნახეთ „კრემლის სიგნალი გაგზავნილია“ - რა ელით პუტინის „მტრებს“ და „ვაგნერს“?
ასევე ნახეთ პრიგოჟინი მოკლეს? რა იცვლება პუტინისთვის, რუსეთისთვის...

რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პეტერბურგელი ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის მიერ შექმნილ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ კრემლი აქტიურად იყენებდა აფრიკაში, სირიასა და უკრაინაში. ამ კომპანიის მიერ დაქირავებულთა „დამსახურებად“ ითვლებოდა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღება. 2023 წლის ივნისში პრიგოჟინმა ამბოხება მოაწყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელების წინააღმდეგ.

  • ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა 23 ივნისს, საღამოს, გამოაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რასაც მრავალათასიანი „სამართლიანობის მარშით“ უპასუხებენ.
  • 24 ივნისს „ვაგნერელების“ ნაწილმა, პრაქტიკულად, წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა რუსეთის ქალაქი დონის როსტოვი და ვორონეჟის ოლქშიც შევიდა, ნაწილი კი, მოსკოვისკენ დაიძრა.
  • რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ღალატი და ზურგიდან დარტყმა.
  • 24 ივნისს, ღამით, ბელარუსის ავტორიტარ მმართველ ლუკაშენკასთან მოლაპარაკების შემდეგ, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, ამიტომ საველე ბანაკებში ბრუნდებიან.
  • 24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ამბოხების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და პრიგოჟინი ბელარუსში წავა.
ასევე ნახეთ ბელარუსში იხურება „ვაგნერის“ სამხედრო ბანაკი

ტვერის ოლქში 23 აგვისტოს მომხდარ კატასტროფამდე ორი დღით ადრე, 21 აგვისტოს, „ვაგნერთან" კავშირის მქონე ტელეგრამ-არხებით გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ევგენი პრიგოჟინი მიანიშნებდა, რომ აფრიკაში იმყოფება.