Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვაგნერის“ ლიდერის, პრიგოჟინის თვითმფრინავი „განზრახ მოწყობილმა აფეთქებამ“ ჩამოაგდო - AP


აშშ-ის დაზვერვის წინასწარი შეფასებით, ავიაკატასტროფა, რომელმაც, სავარაუდოდ, რუს დაქირავებულთა სარდალი ევგენი პრიგოჟინი მოკლა, განზრახ მოწყობილმა აფეთქებამ გამოიწვია.

ამ წინასწარი შეფასების შესახებ „ასოშეიტედ პრესს“ ერთმა ამერიკელმა და დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა აცნობეს. მათი თქმით, დოკუმენტის თანახმად, "ძალიან სავარაუდოა", რომ პრიგოჟინი მიზანში იყო ამოღებული, ხოლო აფეთქება შეესაბამება პუტინის ხაზს, რომელიც „მრავალი წლის განმავლობაში ესწრაფვის თავისი კრიტიკოსების გაჩუმებას”.

ოფიციალურმა პირებს, რომლებმაც გამოცემასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, არ დაუკონკრეტებიათ, თუ რას შეეძლო გამოეწვია 23 აგვისტოს მომხდარი აფეთქება, რომელსაც, პრიგოჟინის გარდა, თვითმფრინავში მასთან ერთად მყოფი რამდენიმე მაღალი რანგის „ვაგნერელიც“ შეეწირა.

23 აგვისტოს საღამოს ტვერის რეგიონში ჩამოვარდა „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი. ბიზნესჯეტი მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა. მასში იმყოფებოდა 10 ადამიანი, მათ შორის, ეკიპაჟის სამი წევრი. ტვერის მახლობლად, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე, სამძებრო ოპერაცია დასრულდა, ნაპოვნია თვითმფრინავში მყოფი ათივე ადამიანის გვამები.

24 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ირიბად დაადასტურა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი ტვერის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფაში.

„პრიგოჟინს ვიცნობდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, 90-იანი წლების დასაწყისიდან. ის იყო რთული ბედის ადამიანი. სერიოზულ შეცდომებსაც უშვებდა და საჭირო შედეგებსაც აღწევდა საკუთარი თავისთვისაც და მაშინაც, როცა მას ამაზე ვთხოვდი ხოლმე, როგორც ამ ბოლო თვეებში. იყო ნიჭიერი ადამიანი, ნიჭიერი ბიზნესმენი“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

  • რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პეტერბურგელი ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის მიერ შექმნილ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ კრემლი აქტიურად იყენებდა აფრიკაში, სირიასა და უკრაინაში. ამ კომპანიის მიერ დაქირავებულთა „დამსახურებად“ ითვლებოდა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღება. 2023 წლის ივნისში პრიგოჟინმა ამბოხება მოაწყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელების წინააღმდეგ.
  • რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ღალატი და ზურგიდან დარტყმა.

XS
SM
MD
LG