ომბუდსმენი NAEC-სგან აბიტურიენტისთვის გამოცდის დაუყოვნებლივ დანიშვნას მოითხოვს

სოფო გორგოძე, "გამოცდების ეროვნული ცენტრის" ხელმძღვანელი

საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვს აბიტურიენტს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო ტესტირებას, გამოცდა დაუნიშნოს. რეკომენდაციით ომბუდსმენმა საგამოცდო ცენტრს დღეს, 16 აგვისტოს, მიმართა.

"ადმინისტრაციულ ორგანოს ჯერ კიდევ აქვს დრო უზრუნველყოს აბიტურიენტის უმაღლესი განათლების მიღების უფლება და აღასრულოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივლისს გამოცემული დროებითი განჩინება. აღნიშნული ქმედების დამაბრკოლებელი ობიექტური ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ არსებობს", - წერია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

27 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა იმ აბიტურიენტის სარჩელი, რომელიც მოითხოვდა დანიშნულიყო დამატებითი გამოცდა. ამის მიუხედავად, NAEC არ ნიშნავს გამოცდას და გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ასევე ნახეთ NAEC-ი განმარტავს, რატომ ეუბნება აბიტურიენტს ტესტირებაზე უარს, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად

საგამოცდო ცენტრში განმარტავენ, რომ დამატებითი გამოცდის უფლებით სარგებლობა შეეძლოთ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებაში გაატარეს არანაკლებ 24 საათი და მათაც, ვინც ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო ვერ შეძლო ტესტირებაზე მისვლა.

ასევე ნახეთ NAEC-ი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, აბიტურიენტს გამოცდას არ უნიშნავს - PHR-ი

"გამოცდების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია ყველა საგამოცდო წესისა და კანონის დაცვა, რაც უზრუნველყოფს ყველასთვის თანაბარი გარემოს შექმნას და ათი ათასობით აბიტურიენტს აძლევს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.