„სააკაშვილი დაპროგრამებული იყო ომზე“, - ამბობს კოკოითი და ომის დაწყებაში ქართულ მხარეს და მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ადანაშაულებს. დამნაშავედ მიიჩნევს ის საერთაშორისო თანამეგობრობასაც [ეუთო, გაერო, აშშ, ნატო], რომლებსაც, მისი თქმით, „ამ საკითხის“ მშვიდობიანი გადაწყვეტა არ სურდათ.
„სანამ ინტერვიუს დავიწყებდეთ, მინდოდა მეთქვა, რომ მე ვგმობ რადიო თავისუფლებას და მსგავს [მედიასაშუალებებს], ვისაც მტრული დამოკიდებულება აქვს რუსეთის ფედერაციის მიმართ. მე, როგორც რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქე, პატრიოტი, ვგმობ მათ ქმედებებს, ვინც ცდილობს რუსეთს წაართვას უფლება, დაიცვას თავი“, - ასე დაიწყო ინტერვიუ ედუარდ კოკოითიმ რადიო თავისუფლების პროგრამა "ეხო კავკაზას" ცხინვალელ კორესპონდენტთან.
შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აშორება?
„რა თქმა უნდა, შეიძლებოდა“, - პასუხობს ედუარდ კოკოითი "ეხო კავკაზას" შეკითხვას და ყველაფერს საქართველოს ხელისუფლებას აბრალებს:
„სამწუხაროდ, [საქართველოს] ხელისუფლებაში მოვიდა ადამიანი, რომელთანაც შეუძლებელი იყო შეთანხმება. ის თავიდანვე დაპროგრამებული იყო ომზე. ჩვენ, მოძმე აფხაზეთი და რუსეთის ხელისუფლება აკეთებდნენ ყველაფერს დაძაბულობის აღმოსაფხვრელად. მაგრამ, მეტად სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ, სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ქართველ ხალხს უბიძგა ისეთი ნაბიჯის გადადგმისკენ, რომლის შედეგადაც ჩვენს მცდელობებს აზრი დაეკარგა“.
ასევე ნახეთ სააკაშვილის პასუხი კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა 2008 წელს ომის თავიდან აცილება
კოკოითი ამბობს, რომ დაძაბულობის განსამუხტად სააკაშვილთან შეხვედრას ცდილობდა, ამისთვის „მთვარეზე წასასვლელადაც“ კი იყო მზად და იყენებდა „ყველა შესაძლებლობას“, რის შესახებაც „არ იცის ფართო საზოგადოებამ“.
ერთი ამბავი, რომელსაც ცხინვალის ყოფილი ლიდერი ჰყვება, მისი თქმით, ომამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა - როცა არ შეუშინდა ქართულ სპეცრაზმს და „ერთი მცველის თანხლებით, იარაღის გარეშე“, ქართულ სოფლებში გადავიდა.
„როცა ადგილობრივ ქართველებს ველაპარაკებოდი, მოვიდნენ ქართველი ჟურნალისტები...ადგილობრივები ამბობდნენ, რომ ყველაფერი შესანიშნავად ესმოდათ... ერთმა ქალმა თქვა, რომ პრეზიდენტი მე ვიყავი მათთვის და ამ სიტყვებისთვის მას ჟურნალისტისგან მიკროფონი მოხვდა სახეში. „დემოკრატიის შუქურას“ უმაღლესი ფორმაა საქართველოში, დაარტყა სახეში უბრალო გლეხს, რომელსაც არ უნდა ომი და მე მთვლის თავის პრეზიდენტად“, - ამბობს კოკოითი.
„ტყუილია ეს“, - ამბობს ამ ვერსიის შესახებ რადიო თავისუფლების გორელი კორესპონდენტი გოგა აფციაური, რომელიც კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებს უკვე წლებია, აშუქებს - აგვისტოს ომამდეც და ომის შემდეგაც.
„ასეთი შემთხვევა არ ყოფილა... ადგილზე მეც რომ არ ვყოფილიყავი, გამორიცხულია, რომ ეს ამბავი დამალულიყო - რას ჰქვია ჟურნალისტმა მოქალაქეს დაარტყა მიკროფონი სახეში?! არ გადმოსულა კოკოითი ქართულ სოფლებში“, - ამბობს გოგა აფციაური და იხსენებს, რომ 2004 წლის შემდეგ, როცა კოკოითიმ გზა ჩაეკეტა, დიდი ლიახვის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა დაიტანჯა.
„წვერიახოს მთის გავლით უწევდათ სიარული. ცხინვალს მიღმა, ჩრდილოეთ მხარეს მდებარე 9 ქართული სოფლის მოსახლეობა გორთან და დარჩენილ საქართველოსთან დაკავშირებას მხოლოდ შემოვლითი გზით ახერხებდა. ცხინვალის შესასვლელ-გასასვლელებს სამშვიდობო კონტინგენტი აკონტროლებდა“.
გოგა აფციაური ასევე ტყუილს უწოდებს კოკოითის მიერ აღწერილ კიდევ ერთ შემთხვევას, რომ თითქოს ქართულმა მხარემ ცხინვალში ამერიკელი ჟურნალისტი მიატოვა და ის ოსების საპატრონო გახდა.
„სავარაუდოდ, ის ლაპარაკობს 2008 წლის შემთხვევაზე, როცა დაჭრილი ამერიკელი ჟურნალისტი ტყვედ აიყვანეს. ზუსტად იმ დროს მათ დახოცეს ქართველი ჟურნალისტები - გიგა ჩიხლაძე და საშა კლიმჩუკი“, - იხსენებს გოგა აფციაური.
ქართული სოფლებში კოკოითის ჩასვლის ამბავს არც გენერალი მამუკა ყურაშვილი ადასტურებს - იმხანად ქართული სამშვიდობო ძალების სარდალი. „კოკოითი ვერც ოსურ სოფლებში ჩადიოდა, ეშინოდა“, - გვეუბნება ის.
ზოგადად, კოკოითის მიერ დასახელებული ფაქტების უმრავლესობას ყურაშვილი "დეზინფორმაციას" უწოდებს. მაგალითად, კოკოითი ამბობს, რომ ომის წინა დღეებში ამბის მისატანად გოგა ხაინდრავა - ყოფილი სახელმწიფო მინისტრი - „სააკაშვილთან გაიქცა“. ყურაშვილი აღნიშნავს, რომ ხაინდრავა ამ დროს უკვე ოპოზიციაში იყო.
„სააკაშვილს მოვუგე“
„სააკაშვილს მოვუგე, როგორც სკოლის მოსწავლეს“, - ამბობს კოკოითი ინტერვიუს ერთ ეპიზოდში, როდესაც, აგვისტოს ომის წინა პერიოდში [2008 წლის ივლისი], ეუთოს ელჩების ცხინვალში ვიზიტზე ჰყვება.
მისი თქმით, სტუმრები სადილად ისეთ ადგილას მიიწვია, სადაც მათთან თბილისი კავშირზე ვერ გადიოდა. „ამან დიდი როლი ითამაშა“, - ამბობს კოკოითი და ამტკიცებს, იმის გამო, რომ თბილისი თავის ელჩს ეუთოში 2 საათის მანძილზე მობილურით ვერ უკავშირდებოდა, ქართულმა მხარემ „ცეცხლი გაუხსნა სამხრეთ ოსეთს.“
მაგრამ როდესაც დელეგაცია ოსეთს ტოვებდა, ისინი ისეთი გზით გავიყვანეთ, რომ ენახათ, ვინ ისროდა. „ვუთხარი...ესეც თქვენი ქართული სტუმართმოყვარეობა-მეთქი“, - ჰყვება კოკოითი.
„მე ვეტყოდი კოკოითის - როგორ შეიძლება სააკაშვილი დამარცხებულად და მოტყუებულად ჩაითვალოს, როცა რუსეთმა სწორედ საქართველოსთან ომის შემდეგ სამუდამოდ დაკარგა სამშვიდობო მანდატი, მსაჯულის მანტია... თუკი 7 აგვისტოს მდგომარეობით [რუსეთს] ყველა ბერკეტი ეჭირა ხელში, უკვე ვეღარასდროს იქნება მშვიდობისმყოფელის როლში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მამუკა ყურაშვილი, რომელიც კოკოითის რუსეთის პოლიტიკის განუყოფელ მარიონეტად თვლის.
ასევე ნახეთ ცხინვალში არ შეუშვეს ყოფილი "პრეზიდენტი" ედუარდ კოკოითირუსეთის „სამხედრო რეაგირების გეგმა“
კოკოითი უდასტურებს ჟურნალისტს, რომ ის აგვისტოს ომის წინა პერიოდში ფაქტობრივად „მოსკოვსა და ცხინვალს შორის ცხოვრობდა“. ამბობს, რომ ამას მშვიდობისთვის აკეთებდა, თუმცა ასევე აღიარებს, რომ რუსეთი ომისთვის მზადებაში იყო ჩართული. კონკრეტულად:
- მოსკოვმა ცხინვალს სამხედრო ინსტრუქტორები გაუგზავნა და ისინი წვრთნიდნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს;
- მოსკოვს წინასწარვე ჰქონდა მომზადებული საქართველოს წინააღმდეგ „სამხედრო რეაგირების გეგმა“ და ამ გეგმის ფარგლებში სამხედრო წვრთნებიც ტარდებოდა;
- ომის წინ, ივლისში, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავდნენ საქართველოს ცაზე და „ეს იყო გამაფრთხილებელი ფრენა“.
კოკოითი ამბობს, რომ სროლის დაწყების ბრძანების გაცემის შემდეგ, 8 აგვისტოს, მოსკოვში დარეკა და ФСБ-ს დირექტორის მოადგილის გარდა, რუსეთის გენშტაბის უფროსს ელაპარაკა. მას უთხრეს, რომ რუსეთის სამხედრო კოლონა 30-40 კმ/სთ-ის სიჩქარით დაიძრა ცხინვალისკენ.
ასევე ნახეთ კრემლს მიზეზი არ სჭირდება - აგვისტოს ომი, გენერალური რეპეტიცია უკრაინის წინ„ჩამოყალიბდეს კოკოითი - სამშვიდობო იყო რუსეთის მისია თუ ომის მხარე იყო?! ამბობს თავად [კოკოითი ინტერვიუში], რომ სეპარატისტებს ომისთვის ამზადებდა რუსეთი, რომელსაც სამშვიდობო მანდატი ჰქონდა და, წესით, დაზავებაზე უნდა ემუშავა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ყურაშვილი.
რუსეთს საქართველოსთან ომი რომ სურდა, ყურაშვილისთვის ის ფაქტიც მიუთითებს, რომ რუსეთმა სროლა განაგრძო და არ გაითვალისწინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ 7 აგვისტოს გახმოვანებული ცალმხრივი გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლების შესახებ.
„7 აგვისტოს ორი ქართველი სამშვიდობო დაგვეღუპა, როცა მათ ესროლეს. ქართულ მხარეს თავის დაცვის უფლება დაგომისის ხელშეკრულების მიხედვითაც ჰქონდა, მაგრამ ბოლო წამამდე ვიცავდით ჩვენს სამშვიდობო მანდატს. ჰააგის ტრიბუნალზე გამოკითხვისას ეს ყველაფერი ნათლად გამოჩნდა... არც 7 აგვისტოს, არც 8-ში, 9-ში თუ 10-ში ქართველ სამშვიდობოებს თავისი საგუშაგოდან ნაბიჯი არ გადაუდგამთ“, - გვეუბნება გენერალი.
ედუარდ კოკოითიმ კი, როგორც „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში ამბობს, სწორედ სააკაშვილის ეს ინიციატივა მიიჩნია ფართომასშტაბიანი ომის დაწყების უტყუარ ნიშნად.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც მოგვიანებით რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გახდა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ივლისში მისთვის უკვე ნათელი იყო რუსეთის გეგმები - რომ საქართველოსთან ომს აპირებდა.
„31 ივლისს მე უკვე ვამბობდი, რომ რუსეთის ტანკები იდგა ცხინვალის რეგიონში. მირეკავდნენ ცხინვალიდან - საშინელება ხდებაო, ომი მზადდებაო. ახლა რომ ამბობენ, რუსეთის არმია საქართველოს ტერიტორიაზე 7 აგვისტოს შემოვიდაო, ჯერ კიდევ ივლისში მოხდა ეს და ცალსახად იგრძნობოდა, რომ რუსეთი ომისთვის ემზადებოდა. რამდენიმე წლის შემდეგ პუტინმაც აღიარა, რომ ისინი დიდხანს ემზადებოდნენ ომისთვის“, - გვეუბნება პაატა ზაქარეიშვილი. მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთს მოსკოვი წლების განმავლობაში აწვდიდა იარაღს.
- 2004 წელს რუსეთმა ცხინვალის რეგიონში შეიტანა: 70 ტანკი Т-72, 20 ერთეული „გრადი“, 30 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, ნაღმმტყორცნების, იარაღისა და ტყვია-წამლის დიდი მარაგი და დაიწყო ბაზის მშენებლობა ჯავასთან.
- 2008 წლის 15 ივლისს რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიური სამხედრო ოლქის ორგანიზებით დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები „კავკაზ-2008“, რომელშიც 8000 სამხედრო მონაწილეობდა, მათ შორის - ФСБ-ს წარმომადგენლები.
- 2008 წლის 25 ივლისს რუსეთმა პოლიგონ „ტარსკოეზე“ საველე ჰოსპიტალი გაშალა, რომელსაც დღეში 300 დაჭრილის მიღება შეეძლო.
- მანამდე, 2008 წლის მარტში, უკვე დაიწყო ლაპარაკი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე და ამისაკენ კრემლს რუსეთის დუმა მოუწოდებდა.
ვინ ზრდიდა სამხედროების რიცხვს?
კოკოითი ამბობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა თვალს ხუჭავდა საქართველოს შეიარაღებისა და სამშვიდობო ოპერაციების ფორმატის დარღვევაზე - „[საქართველო] კონფლიქტის ზონაში აგზავნიდა სულ უფრო მეტ ადამიანს, რომელთა რაოდენობა რამდენჯერმე აღემატებოდა, გათვალისწინებულს“ და თუკი „საქართველოს მხრიდან [სამშვიდობო კონტინგენტში] უნდა ყოფილიყო 500 ადამიანი“, ზოგჯერ სამხედროთა რიცხვი 2000-საც აღწევდა.
„ეს არის კიდევ ერთი დეზინფორმაცია. მონიტორინგის პროცესი გამოაჩენდა ამას, რადგან შეუფერხებლად ტარდებოდა... რუსეთის პასუხისმგებლობის ზონა იყო ეს და იქ ქართული მხარე 2000 სამხედროს ფიზიკურად ვერ დამალავდა... ეს გააკეთეს თავად მათ - ე.წ. ჩრდილოოსური ბატალიონის რაოდენობა გაზარდეს და რუსეთის კონტინგენტთან ერთად 2000 კაცს შეადგენდა. ჩვენ გვყავდა 560 სამხედრო სამშვიდობო ბატალიონში“, - ეუბნება მამუკა ყურაშვილი რადიო თავისუფლებას.
გმირად წარმოჩენა
ინტერვიუს კიდევ ერთ ეპიზოდში კოკოითი ამბობს, რომ არ სურდა რუსი დედების გამწარება და ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, ცხინვალში რუსებზე წინ ოსი სამხედროები შეეშვა.
პაატა ზაქარეიშვილს რჩება შთაბეჭდილება, რომ კოკოითი ახლა საკუთარი თავის "გმირად წარმოჩენას" ცდილობს, რადგან ყველამ იცის, რომ "ომის დროს ის დაიმალა და ეძებდნენ". "უნდა, რომ შექმნას განცდა - ქართველებს ჩვენც ვეომებოდითო. მაგრამ იქ ომობდა მხოლოდ რუსეთის ჯარი", - ამბობს კონფლიქტოლოგი.
ედუარდ კოკოითი ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი იყო 2001-2011 წლებში. შემდეგ ის რუსეთში გაემგზავრა. დე ფაქტო პრეზიდენტად კენჭისყრა სურდა 2017 წელსაც, თუმცა ადგილობრივმა საარჩევნო კომისიამ მას ამის უფლება არ მისცა იმ მოტივით, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხინვალში მუდმივად არ ცხოვრობდა.