Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში არ შეუშვეს ყოფილი "პრეზიდენტი" ედუარდ კოკოითი


ფოტო არქივიდან: ედუარდ კოკოითი
ფოტო არქივიდან: ედუარდ კოკოითი

რუსეთიდან ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არ შეუშვეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი. მან 29 აგვისტოს, გვიან ღამით სოციალური ქსელებით მხარდაჭერა გამოუცხადა ცხინვალში, ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს, 30 აგვისტოს კი ცხინვალისკენ გაემგზავრა.

რადიო თავისუფლების პროექტ „კავკაზ.რეალიი“-ს ინფორმაციით, კოკოითის და მისი თანმხლები პირების ავტომანქანები „საზღვრამდე“ არ მიუშვეს და გააჩერეს ჩრდილოეთ ოსეთის სოფელ ბურონთან, სადაც რუსეთის ეროვნული გვარდიის რაზმი იყო მობილიზებული. „კავკაზ.რეალიი“ სამართალდამცავ ორგანოებში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კოკოითის შეახსენეს კორონავიუსის გამო „სამხრეთ ოსეთში“ მოქმედი შეზღუდვები, რის შემდეგაც ის თანმხლებ პირებთან ერთად უკან გაბრუნდა.

30 აგვისტოს, ტელეგრამ არხი brief Незыгарь-ი იუწყებოდა, რომ კოკოითი პირადად ხელმძღვანელობდა რუსეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საზღვართან მდებარე ქვემო ზარამაგის რუსული გამშვები პუნქტის შტურმს, რის გამოც ადგილზე გამოიძახეს რუსეთის ეროვნული გვარდიის და სასაზღვრო სამსახურის დამატებითი ძალები, ხოლო „სამხრეთ ოსეთის“ მხრიდან მობილიზებული იყო ადგილობრივი „ომონი“ და ე.წ. უშიშროების კომიტეტის სპეცრაზმი.

ამ ინფორმაციის საპასუხოდ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებულმა სააგენტო „რეს“-მა გამოაქვეყნა ჩრდილოეთ ოსეთის ძალოვან სტრუქტურებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია, რომ „სამხრეთ ოსეთის საზღვართან“ ეროვნული გვარდიის და სასაზღვრო სამსახურის დამატებითი ძალების არანაირი მობილიზება არ ყოფილა.

ედუარდ კოკოითი ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტი" იყო 2001-2011 წლებში. შემდეგ ის რუსეთში გაემგზავრა. კოკოითის დე ფაქტო პრეზიდენტად კენჭისყრა სურდა 2017 წელსაც, თუმცა, ადგილობრივმა საარჩევნო კომისიამ ამის უფლება არ მისცა იმ მოტივით, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხინვალში მუდმივად არ ცხოვრობდა.

ოკუპირებულ ცხინვალში საპროტესტო გამოსვლები 28 აგვისტოდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელებით გავრცელდა ფოტოები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილობრივმა სამართალდამცავებმა წამებით მოკლეს დე ფაქტო შს მინისტრ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ინალ ჯაბიევი, რომლისგანაც აღიარებით ჩვენებას მოითხოვდნენ.

საპროტესტო აქცია ცხინვალში. 2020 წლის 29 აგვისტო
საპროტესტო აქცია ცხინვალში. 2020 წლის 29 აგვისტო

საპროტესტო გამოსვლების გამო დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იძულებული გახდა "მთავრობა" დაეთხოვა, თუმცა, ცხინვალში ბიბილოვის გადადგომასაც მოითხოვენ.

XS
SM
MD
LG