Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის პასუხი კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა 2008 წელს ომის თავიდან აცილება


ფოტო არქივიდან: მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე
ფოტო არქივიდან: მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, რომლის პრეზიდენტობის დროსაც ჰქონდა საქართველოს ომი რუსეთთან, პასუხობს კითხვას, შესაძლებელი იყო თუ არა 2008 წელს ომის თავიდან არიდება. მისი თქმით, ამისთვის საქართველოს უნდა შეესრულებინა რამდენიმე პირობა.

"რა უნდა გაგვეკეთებინა ამისათვის: აჭარაში ასლანი [აბაშიძე] დაგვეტოვებინა და ხელი აგვეღო ბათუმის განვითარებაზე; ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებად მათი აგენტები უნდა დაგვენიშნა, როგორც ამას პირდაპირ მთხოვდა პუტინი; არ უნდა შევბრძოლებოდით კორუფციას, რადგან ძირითადად მათ ეყრდნობოდა რუსული გავლენა საქართველოში; არ უნდა გაგვეტარებინა არც ერთი რეფორმა, ვინაიდან რეფორმებს რუსეთი განიხილავს საშიშ პრეცედენტებად; არ უნდა გვევლო ევროკავშირისა და ნატოსკენ; არ უნდა გვეთქვა უარი ენერგეტიკაში რუსულ სქემებზე და შესაბამისად, სიბნელეში დაგვეტოვებინა საქართველო; არ უნდა შეგვექმნა ქართული არმია და სამხედრო წარმოება", - წერია სააკაშვილის სახელით ფეისბუკში გამოქვეყნებულ პოსტში.

მისივე სიტყვებით, "დავჩენილიყავით ჩამორჩენილ, გაუბედურებულ, კრიმინალურ, კორუმპირებულ ქვეყნად, რომლის ბედი მსოფლიოში არავის დააინტერესებდა და რომელსაც რუსეთი ნებისმიერ დროს დამართებდა ყველაფერს, რასაც მოისურვებდა".

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომიდან მე-15 წლისთავზე იმეორებს, რომ რუსეთთან ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა.

"ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. ვიცი რა ეს ინფორმაცია, რაც ხდებოდა და როგორც ვითარდებოდა მოვლენები, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მას ჟურნალისტმა დაუსვა დამაზუსტებელი კითხვა, როგორ შეიძლებოდა ომის თავიდან არიდება, რასაც პრემიერ-მინისტრმა ასე უპასუხა:

"ძალიან გთხოვთ, ნუ მაწყვეტინებთ. თუ არ მისმენთ, მიბრძანდით აქედან, რომ აღარ შემაწყვეტინოთ".

7 აგვისტოს 15 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან.

2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალები, რომლებსაც არ ჰქონდათ მშვიდობისმყოფელთა სტატუსი, უკვე საქართველოს ტერიტორიაზე აწარმოებდნენ სამხედრო იერიშს, რასაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 7 აგვისტოს, 23:35 საათზე, ცხინვალის რეგიონისკენ გადაადგილებითა და ცეცხლის გახსნით უპასუხეს. რუსეთის მიერ დაწერილი ისტორიის მიხედვით, 7 აგვისტოს ღამით თბილისი ესხმის თავს "მძინარე ცხინვალს" და კრემლი მშვიდობისმყოფელთა დასაცავად უპასუხებს სრულმასშტაბიანი ომით.

2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა

XS
SM
MD
LG