ნინო თანდილაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, 9 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შოვში სტიქიის განვითარებამდე ხეობაში წყალი არ დაგუბებულა. „ფაქტობრივად ვერტიკალური ვარდნა მოხდა უდიდესი მასის, რომელიც წამოვიდა ხეობაში", - თქვა მან.
თანდილაშვილმა განაგრძო: „ხეობაში სტიქიის განვითარებამდე არანაირ შეგუბებას ადგილი არ ჰქონია. წყლის მასების დაგუბებას ნამდვილად არ ჰქონია ადგილი. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია წყლის დონის ზომის სადგურიდან მიღებული, სადაც არ ფიქსირდებოდა არც სტიქიამდე, არც სტიქიის პროცესში, ასე ვთქვათ, სტიქიამდე, წყლის დონის კლება. ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, საზოგადოებისთვის ის სატელიტური მონაცემები, რომლებიც ასახავს სტიქიის დღევანდელ მდგომარეობას, სტიქიის დღის მდგომარეობას".
როგორც თანდილაშვილი აცხადებს, უცხოელი პარტნიორებიდან მიღებულ სატელიტურ მონაცემებში მკაფიოდ ჩანს, რომ იქ არ იყო არანაირი დიდი წყლის მასის და ტბის დაგუბება.
„ეს იყო ძალიან მყისიერი, ტყე-ზვავური მასის ჩამოშლა. ნახევარი მილიონი კუბური მეტრი მასა დაეჯახა მყინვარულ მასას, გარღვევა მოხდა და ჩამოიტანა დაბლა, კურორტ შოვში ძალიან უმოკლეს ვადებში, შეიძლება, ასე ითქვას. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასეთი სტიქიური მოვლენების განვითარებაზე, საქმე გვაქვს ძალიან კომპლექსურ პროცესებთან", - თქვა მან.
მინისტრის პირველი მოადგილე ამტკიცებს, რომ ამ ტიპის სტიქიის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასეთი მასშტაბის სტიქიის განვითარებაზე, ასეთი კომპლექსური სტიქიის განვითარებაზე, ჩვენი სპეციალისტების მოსაზრებით, მსგავსი მასშტაბის სტიქიის წინმსწრებით პროგნოზირება არის პრაქტიკულად შეუძლებელი. ეს მინდა, რომ ყველამ იცოდეს ძალიან კარგად", - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
ერთ-ერთი ვერსიით, მდინარე ბუბის ზედა ხეობაში ჩამოწვა მეწყერი, რამაც გამოიწვია შეგუბება და ნაკადი დაიძრა.
ასევე ნახეთ „ორ ვერსიაზე ვფიქრობთ“ - გეოლოგი შოვის სტიქიაზეშოვში ღვარცოფი და მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე განვითარდა. სტიქიის ზონიდან 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა მინიმუმ 21 ადამიანი, ეძებენ 12-ს.
ასევე ნახეთ რა მოესწრება 8-10 წუთში, როცა ღვარცოფი მოდის? ასევე ნახეთ რამ გამოიწვია სტიქია შოვში — გარემოს ეროვნული სააგენტო პირველად შეფასებას აქვეყნებს