შოვში დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა

შოვი

რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესების განვითარებით დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა. მაშველებმა ოთხი ცხედარი დღეს აღმოაჩინეს.

სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე უცნობია, მოხდა თუ არა ნაპოვნი ცხედრების იდენტიფიცირება.

გუშინ, 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. დღეს, 4 აგვისტოს, სტიქიის ზონაში გაემგზავრა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დილის 10:00 საათზე მედიას უთხრა, რომ ვერ უკავშირდებიან შოვში მყოფ 35 ადამიანს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ამბობს, რომ მეწყერმა ჭალაში არსებული კოტეჯები სრულად გაანადგურა. განახლებული ინფორმაცია მან მედიას მიაწოდა.

"სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ ფაქტობრივად არაფერი არის. არის კოტეჯების ფრაგმენტები. ჯერჯერობით იმ ადგილებამდე ვერ მივედით იქიდან გამომდინარე, რომ მიწის მასის ძალიან სქელი ფენაა და მეხანძრე-მაშველები ეფლობიან. სწორედ ამიტომ ხდება ახლა ტექნიკის შეყვანა, რომ გზა გაიჭრას და იქამდე მივიდეთ", - თქვა სამაშველო სამსახურის უფროსმა.

ასევე ნახეთ სამაშველოს უფროსი: სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ ფაქტობრივად არაფერი არის

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დილის 6 საათიდან ოპერაციაში ისევ ჩაერთო სასაზღვრო სამსახურის 2 ვერტმფრენი. სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი.

ასევე ნახეთ შსს: სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი

შსს-ს ცნობითვე, მეორე დღეა, უწყვეტი რეჟიმით გრძელდება ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც ჩართულია 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები და მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მდინარის სტიქიური დაგუბებით გამოწვეული მეწყრული პროცესი მოკლე პერიოდის განმავლობაში განვითარდა, დიდი გეოგრაფიული არეალი დაფარა და ამ არეალის და ჩამოსული მასის გათვალისწინებით, სტიქიის მასშტაბი უპრეცედენტოა.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ კურორტ შოვის ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, განადგურებულია. ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა დააზიანა შოვისკენ მიმავალი გზები და წაიღო 2 ხიდი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში დღეს დილიდან განახლდა გზის გაწმენდა, ამ ეტაპზე 21 ერთეული ტექნიკა მუშაობს და იწყება დროებითი ხიდის მოწყობა.