Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამ დრომდე ვერ უკავშირდებიან შოვში მყოფ 35 ადამიანს - ინფრასტრუქტურის მინისტრი


შოვი
შოვი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ ამ დრომდე [10:02 საათი] ვერ ხერხდება შოვში მყოფ 35 ადამიანთან დაკავშირება. განახლებული ინფორმაცია მან მედიას მიაწოდა.

"ამ მომენტისთვის გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომლებიც უსაფრთხო ადგილას იმყოფებოდნენ მაშველებთან ერთად. სამაშველო ოპერაცია გრძელდება სრული მასშტაბით, ვერტმფრენების გამოყენებით და უშუალოდ მაშველების ჩართულობით. რაც შეეხება ადამიანებს, ვისთან დაკავშირებაც ვერ ხერხდება, 35-ია ასეთი ადამიანია. პროცესი გრძელდება, ხდება გადამოწმება, გადაზუსტება", - თქვა მან.

გუშინ, 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. დღეს, 4 აგვისტოს, სტიქიის ზონაში გაემგზავრა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დილის 6 საათიდან ოპერაციაში ისევ ჩაერთო სასაზღვრო სამსახურის 2 ვერტმფრენი. სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი.

შსს-ს ცნობითვე, მეორე დღეა, უწყვეტი რეჟიმით გრძელდება ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც ჩართულია 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები და მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მდინარის სტიქიური დაგუბებით გამოწვეული მეწყრული პროცესი მოკლე პერიოდის განმავლობაში განვითარდა, დიდი გეოგრაფიული არეალი დაფარა და ამ არეალის და ჩამოსული მასის გათვალისწინებით, სტიქიის მასშტაბი უპრეცედენტოა.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ კურორტ შოვის ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, განადგურებულია. ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა დააზიანა შოვისკენ მიმავალი გზები და წაიღო 2 ხიდი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში დღეს დილიდან განახლდა გზის გაწმენდა, ამ ეტაპზე 21 ერთეული ტექნიკა მუშაობს და იწყება დროებითი ხიდის მოწყობა.

XS
SM
MD
LG