საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს საქართველოში მოქმედ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა ერთობლივ განცხადებას „პრაიდის კვირეულთან“ დაკავშირებით.
განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ მეტეხის ეზოში წაიკითხა.
„ჩვენ ერთმანეთთან ძალადობით არ ვწყვეტთ საკითხებს, არც არავის არასდროს მოვუწოდებთ ძალადობისკენ და გვაქვს გულწრფელი სურვილი, ძალადობით, ცბიერებითა და მოტყუებით არავინ მოგვახვიოს თავს ის, რაც ჩვენთვის მიუღებელია“, - წერია განცხადებაში.
წერილის თანახმად, „ე.წ. ლგბტ მოძრაობის“ ნამდვილი მიზანია „გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პოპულარიზაცია“:
„მათ შორის, მოზარდ თაობაში პროპაგანდა, ერთნაირსქესიან წყვილთა ოჯახებად დარეგისტრირება, ბავშვების აყვანა და, ზოგადად, კულტურული კოდის ცვლილება. დღეს ყველაფერი ხელის გულზე დევს და კარგად ვხედავთ ბავშვებში ამ პროპაგანდის დასაწყისის მცდელობებს“.
როგორც სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ „საკითხის საკანონმდებლო წესით დარეგულირებას“.
7 ივლისს გავრცელდა თბილისის სინაგოგის განცხადება „პრაიდის კვირეულთან“ დაკავშირებით. ამ განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:
„ჩვენც მიგვაჩნია, რომ ლგბტ პროპაგანდა დაუშვებელი და მიუღებელია, განსაკუთრებით მიუღებელია მათი გაუკუღმართებული ქმედებების პროპაგანდა მოზარდებთან და ახალგაზრდებთან, რადგან უარყოფით გავლენას ახდენს მოზარდების ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ცნობიერებაზე და ამ ქმედებებს ძალადობის გარდა სხვა შეფასებას ვერ მიუსადაგებ... მოგიწოდებთ ქვეყნის მოქალაქეებს - ნუ აჰყვებით წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციებს და მოარიდეთ მათ ახალგაზრდები“, - წერია თბილისის სინაგოგის განცხადებაში.
განცხადება გაავრცელა ეზიდთა სასულიერო საბჭომაც "ტრადიციული ოჯახური ფასეულობების შესახებ".
"შეიმჩნევა ტრადიციული ოჯახური ფასეულობების დაკნინების ტენდენცია, რაც ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციას ახდენს. ცხადია, ეს შეუთავსებელია ჩვენს მორალთან და უპირისპირდება ჩვენს ტრადიციაში განმტკიცებულ ღირებულებებს. ჩვენი რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე, ჩვენ არ მივესალმებით ლგბტქ+ ფასეულობების პროპაგანდას. ამასთანავე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძირითადი საკონსტიტუციო უფლებები, პატივს ვცემთ ადამიანის ამოსავალ უფლებებს და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დევნასა და ძალადობას".
7 ივლისს გაავრცელა განცხადება "პრაიდის კვირეულის" შესახებ საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ.
"ჩვენი ვალია დავიცვათ საზოგადოება და მომავალი თაობები ამგვარი უმსგავსოებისა და გარყვნილებისგან, რაც ადამიანის ამქვეყნად მოვლენის არსს სრულებით ეწინააღმდეგება და რომლის გამოც ხვალ გამჩენის წინაშე განვიკითხებით", - წერია განცხადებაში.
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება „პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით“ 2 ივლისსაც გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ეს არის „გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობა“, რომელსაც უარყოფითი გავლენა ექნება დახურულ სივრცეში ჩატარების დროსაც.
„დღეს შეიძლება განსაკუთრებულად დროული იყოს მოწოდება საზოგადოებისადმი, გვემსჯელა საკანონმდებლო გზით ზემოაღნიშნული პრობლემის დარეგულირების შესახებ”, - წერია განცხადებაში.
2-იდან 8 ივლისამდე საქართველოს დედაქალაქში "თბილისი პრაიდის კვირეული" ტარდება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური შინაარსის ღონისძიებები, მათ შორის - საერთაშორისო ლგბტქი კონფერენცია და პრაიდის ფესტივალი. კვირეულის სლოგანია "სიყვარულს ვერ დაამარცხებ".
ასევე ნახეთ "არა ფობიას!” მოუწოდებს შსს-ს, გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები და ითანამშრომლოს "პრაიდის კვირეულის" ორგანიზატორებთან"პრაიდის კვირეული ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანებისთვის ერთმანეთის დანახვის, გაერთიანების, თავისუფალი თვითგამოხატვისა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის უნიკალური შესაძლებლობაა. პრაიდის კვირეულის ჩატარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პოლიტიკურია საქართველოში, სადაც ქვიარ მოძრაობის გავლენიანი მოწინააღმდეგეები გამიზნულად უშლიან ხელს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თესავენ სიძულვილს და ავრცელებენ პუტინისტურ იდეოლოგიას", - ნათქვამია "თბილისი პრაიდის" განცხადებაში.
"პრაიდის კვირეული" შარშანაც გაიმართა. 2022 წლიდან ორგანიზატორებმა უარი თქვეს „ღირსების მარშის“ ჩატარებაზე. 2021 წელს კი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ რუსთაველის გამზირი მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს და გამვლელებს. 5 ივლისს მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.
აქამდე დაკავებული არ არის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორი.
ასევე ნახეთ „თბილის პრაიდის“ განცხადებით, ფესტივალთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება