Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არა ფობიას!” მოუწოდებს შსს-ს, გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები და ითანამშრომლოს "პრაიდის კვირეულის" ორგანიზატორებთან


"თბილისი პრაიდის" მხარდამჭერი აქცია პარლამენტის წინ. 2021 წლის 6 ივლისი
"თბილისი პრაიდის" მხარდამჭერი აქცია პარლამენტის წინ. 2021 წლის 6 ივლისი

პლატფორმა "არა ფობიას!” მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, უსაფრთხოების ზომები გააძლიერონ, გაატარონ პრევენციული ღონისძიებები და ითანამშრომლონ მიმდინარე "პრაიდის კვირეულის" ორგანიზატორებთან. ამის შესახებ საუბარია პლატფორმის განცხადებაში, რომელიც დღეს, 4 ივლისს, გავრცელდა:

"მიუხედავად იმისა, რომ წელს (მსგავსად წინა წლისა) პრაიდის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს რომ მხოლოდ დახურულ სივრცეში ჩაეტარებინათ ღონისძიებები და არ გაემართათ ღირსების მარში, ამ დრომდე გამოვლენილი აგრესია, მუქარა და ძალადობისკენ მოწოდებები კვირეულის მიმართ ისეთივე მასშტაბური და ინტენსიურია, როგორც ეს 2021 წლის ივლისში იყო.

ძალადობას და აგრესიას საზღვარი არ აქვს, ხოლო მოძალადეთა (განსაკუთრებით ძალადობის ორგანიზატორთა) დაუსჯელობა მხოლოდ და მხოლოდ ზრდის დაუცველ გარემოს ყველასთვის. ამას საგანგაშოდ ემატება ბოლო დროს ხელისუფლების მხრიდან გახშირებული ჰომოფობიური რიტორიკა".

პლატფორმა მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს:

  • "გაზარდონ უსაფრთხოების ზომები, კერძოდ, მობილიზება გაუკეთონ პოლიციელთა საკმარის რაოდენობას თითოეულ ღონისძიებაზე, რათა შეძლონ დროული რეაგირების მოხდენა ნებისმიერ პოტენციურ ძალადობის აქტზე პრაიდის ორგანიზატორებისა თუ მონაწილეების წინააღმდეგ;
  • გაატარონ პრევენციული ღონისძიებები, კერძოდ კი გამოავლინონ ძალადობისკენ მოწოდების და მუქარის შემთხვევები, ხოლო უკვე იდენტიფიცირებულ შემთხვევებზე დროულად დაიწყონ გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა მათი გამხმოვანებლების წინააღმდეგ;
  • აქტიურად ითანამშრომლონ პრაიდის ორგანიზატორებთან და ჰქონდეთ მათთან უწყვეტი კომუნიკაცია უსაფრთხოების გეგმის შესამუშავებლად".

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები:

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • უფლებები საქართველო
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • თანასწორობის მოძრაობა
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA).

მიუხედავად იმისა, რომ "პრაიდის კვირეული" უკვე სამი დღეა, დაიწყო, შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების ზომების გაძლიერებასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს პარლამენტში ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ პოლიცია მობილიზებულია "პრაიდის" უსაფრთხოების დაცვისთვის.

"ამ დღეებშიც იმართება შესაბამისი შეკრებები და პოლიცია არის მობილიზებული იმისთვის, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული", - თქვა მან პრესკონფერენციაზე.

"პრაიდის კვირეულის" დაწყებას 2 ივლისს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქო და დაწერა, რომ დროა „ლგბტ პროპაგანდის კანონით დარეგულირებაზე ვიმსჯელოთ". განცხადებაში ასევე წერია, რომ ეს არის „გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობა“, რომელსაც უარყოფითი გავლენა ექნება დახურულ სივრცეში ჩატარების დროსაც.

2-იდან 8 ივლისამდე საქართველოს დედაქალაქში "თბილისი პრაიდის კვირეული" ტარდება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური შინაარსის ღონისძიებები, მათ შორის - საერთაშორისო ლგბტქი კონფერენცია და პრაიდის ფესტივალი. კვირეულის სლოგანია "სიყვარულს ვერ დაამარცხებ".

"პრაიდის კვირეული ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანებისთვის ერთმანეთის დანახვის, გაერთიანების, თავისუფალი თვითგამოხატვისა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის უნიკალური შესაძლებლობაა. პრაიდის კვირეულის ჩატარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პოლიტიკურია საქართველოში, სადაც ქვიარ მოძრაობის გავლენიანი მოწინააღმდეგეები გამიზნულად უშლიან ხელს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თესავენ სიძულვილს და ავრცელებენ პუტინისტურ იდეოლოგიას", - ნათქვამია "თბილისი პრაიდის" განცხადებაში.

"პრაიდის კვირეული" შარშანაც გაიმართა. 2022 წლიდან ორგანიზატორებმა უარი თქვეს „ღირსების მარშის“ ჩატარებაზე. 2021 წელს კი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ რუსთაველის გამზირი მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს და გამვლელებს. 5 ივლისს მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.

აქამდე დაკავებული არ არის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორი.

XS
SM
MD
LG