ზელენსკი უკრაინის ჩრდილოეთის საზღვრებს აძლიერებს, კიევი  "სტრატეგიული ინიციატივის" კურსზე ლაპარაკობს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. 29 ივნისი, 2023 წელი

30 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავის გენერლებს ჩრდილოეთ საზღვრის გაძლიერება უბრძანა მას შემდეგ, რაც რუსეთში ცოტა ხნის წინ მომხდარი ამბოხების მეთაური ბელარუსში ჩავიდა.

ამავე დროს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ უკვე 15 თვის განმავლობაში მიმდინარე სრულმასშტაბიან ბრძოლაში უკრაინის ძალებმა რუსეთს "სტრატეგიული ინიციატივა" წაართვეს. მალიარმა თავის სატელევიზიო კომენტარში თქვა, რომ უკრაინელი მებრძოლები მიიწევენ ყველა მიმართულებით დონეცკის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ბახმუტის გარშემო.

რამდენიმე საათში მას მერე, რაც უკრაინის გენერალურმა შტაბმა ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთით წარმატების შესახებ განაცხადა, მალიარმა თქვა, რომ კიევის ძალებმა "სტრატეგიული ინიციატივა იგდეს ხელთ". მისი განცხადება დამოუკიდებელ წყაროს არ დაუდასტურებია. მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ფრონტზე არსებული სიტუაცია განიხილა აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთან, გენერალ მარკ მილისთან.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა 30 ივნისის დილას განაცხადა, რომ რუსეთის "მთავარი ძალისხმევა" კვლავ კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტისა და მარინკის მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც "მძიმე ბრძოლები გრძელდება". ამავე განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა "მიაღწიეს წარმატებას [და] ძლიერდებიან" და "დევნიან [რუსებს] ადრე დაკავებული პოზიციებიდან".

ზელენსკიმ თქვა, რომ მან თავის სამხედრო მეთაურებს უბრძანა, გაეძლიერებინათ უკრაინის ჩრდილოეთის სამხედრო არეალი მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ვაგნერის" დაქირავებული ჯგუფის მეთაური ევგენი პრიგოჟინი ბელარუსშია. პრიგოჟინის მეომრებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს რუსეთის უკრაინაში შეჭრაში. შემდგომ მან ათასობით ჯარისკაცი მიმართა მოსკოვისკენ, როცა 24 ივნისს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მოაწყო აშკარა ამბოხება, რასაც ბევრი მიიჩნევს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მმართველობის ყველაზე თავხედურ გამოწვევად ორი ათწლეულის მანძილზე.

ასევე ნახეთ რუსების თითქმის მესამედი განაგრძობს პრიგოჟინის მხარდაჭერას - გამოკითხვა