რუსეთის სახელმწიფოსა და მის შეიარაღებულ ძალებს ერთდღიანმა შეუმდგარმა პუტჩმა რეპუტაციულთან ერთად დიდი მატერიალური და სამხედრო-ტექნიკური ზიანიც მიაყენა. რუსეთის პრეზიდენტმა მოსახლეობისადმი მიმართვაში, რომელიც 26 ივნისს ღამით გადაიცა, აღიარა, რომ „ვაგნერის“ ამბოხებისას დაიღუპნენ სამხედრო მფრინავებიც.
დაღუპული გმირი-მფრინავების გამბედაობამ გადაარჩინა რუსეთიო, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა, თუმცა არაფერი უთქვამს არც დაღუპული პილოტების და არც განადგურებული ავიატექნიკის რაოდენობის შესახებ, არადა, სულ რაღაც ერთ დღეში რუსეთის არმიამ დაკარგა 13 მფრინავი, 6 შვეულმფრენი და ერთი თვითმფრინავი Ил-22М - ე.წ. საჰაერო მართვის დაცული ცენტრი.
24 ივნისს Telegram-ის არხებზე გამოჩნდა ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ ავიაკატასტროფის დროსაა გადაღებული. ვიდეოზე ასევე ჩანს ჩამოვარდნის ადგილზე გადაღებული ნამსხვრევები, მათ შორის, თვითმფრინავის კუდის მონაკვეთის შედარებით მთელი ფრაგმენტი. ფრაგმენტზე ჩანს ნომერი - 75917, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის Ил-22М-ს სერიული ნომრით 2964010105.
როგორც ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის რუსულენოვანი საიტი იუწყება, სამხედრო ბლოგერებს ეს თვითმფრინავი ადრე შენიშნული აქვთ ივანოვო-სევერნის სამხედრო აეროდრომებზე ქალაქ ივანოვოს მახლობლად, ასევე მიგალოვოში (ტვერი).
ივანოვოში მდებარეობს შორეული რადიოლოკაციური მონიტორინგის საბრძოლო თვითმფრინავების 2457-ე ბაზა, რომელსაც შეიძლება მიეკუთვნებოდეს ჩამოგდებული Ил-22М, რადგან იქ უფრო ადვილი იქნებოდა ასეთი თვითმფრინავის ელექტრონული აღჭურვილობის მომსახურება, ხოლო მიგალოვოს აეროდრომზე დისლოცირებულია სამხედრო სატრანსპორტო ავიაცია.
საჰაერო სამეთაურო პუნქტი
Ил-22М ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული დანაკარგია რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის. ამ თვითმფრინავის აღსანიშნავად ზოგჯერ იყენებენ აბრევიატურას ВЗПУ, რაც ასე იშიფრება: დაცული საჰაერო მართვის პუნქტი. ამ შემთხვევაში „დაცულობა“ არ გულისხმობს ფიზიკურ დაცვას, საუბარია საკომუნიკაციო არხებზე, რომლებიც მდგრადია რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების ზემოქმედების მიმართ.
პრორუსული Telegram-არხების მტკიცებით, ვაგნერელების ჩამოგდებული თვითმფრინავი რუსეთ-უკრაინის ომში ასრულებდა რადიოსიგნალის რეტრანსლაციის ამოცანებს, ანუ ფაქტობრივად მუშაობდა მაღალი სიმაღლის ანტენად, რომელიც აკავშირებდა სახმელეთო სამეთაურო პუნქტს ჯარებთან.
„ეს თვითმფრინავი არის საჰაერო სამეთაურო პუნქტი, საიდანაც შეიძლება ჯარების მართვა საბრძოლო მოქმედებების დროს. რადგანაც ეს პუნქტი ჰაერშია, შეუძლებელია მისი განადგურება ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტებით. თვითმფრინავის მეორე უპირატესობა ის არის, რომ სიმაღლიდან უფრო ადვილია ხმელეთზე მყოფ საბრძოლო ნაწილებთან კავშირის უზრუნველყოფა. განსაკუთრებით წინა ხაზის ავიაციასთან, რომელიც კომუნიკაციისთვის პრობლემურ დაბალ სიმაღლეზე დაფრინავს“, - წერს BBC.
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, პოლკოვნიკ იური იგნატის თქმით, ომის მსვლელობისას რუსული Ил-22М რეტრანსლატორი ერთხელ უკვე დააზიანეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის საზენიტო რაკეტებმა.
„ასეთი თვითმფრინავი მუშაობს A-50 რადიოლოკაციურ თვითმფრინავთან ერთად. მისი განადგურება ჩვენთვისაც კარგი ამბავია, ყოველი (ლიკვიდირებული) ტექნიკა, როგორც ვერტმფრენები, ასევე თვითმფრინავები, კარგი ამბავია უკრაინისთვის. ეს პრობლემებს უქმნის ოკუპანტებს. გარდა ამისა, არ დაივიწყოთ პილოტები. პილოტები ყველაზე ღირებული მიღწევაა, რადგან პილოტს მარტივად ვერ მოამზადებ, ამას წლები სჭირდება“, - ამბობს იური იგნატი.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური წყაროები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, არ არის გამორიცხული, რომ Ил-22М-ის ბორტზე ყოფილიყვნენ მაღალი რანგის სამხედროები, რომლებიც ფრონტზე საბრძოლო მოქმედებებს ხელმძღვანელობდნენ.
- Ил-22 შეიქმნა სსრკ-ში, ჯერ კიდევ 1970-იან წლებში. საჰაერო სამეთაურო პუნქტის იდეის ხორცშესასხმელად. თავდაპირველად განიხილებოდა რამდენიმე თვითმფრინავი, რომელთა შორის იყო Ан-10, Ан-12 და Ил-18. ყველა მათგანს შეეძლო ჰაერში დარჩენა დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი გაკეთდა საკონსტრუქტორო ბიურო „ილიუშინის“ წარმატებული სამოქალაქო თვითმფრინავის სასარგებლოდ.
- Ил-18 ძალიან საიმედო თვითმფრინავია, რომლის ბევრი მოდელი აშენდა 1958-1978 წლებში. ლოგიკურია, რომ 1970-იანი წლებიდან ეტაპობრივად დაიწყო ამ ტიპის თვითმფრინავების მოხსნა სამოქალაქო მიმოსვლიდან და მათ ბაზაზე სამხედრო თვითმფრინავის შექმნა. შედეგად, Ил-18-ის ბაზაზე გაკეთდა რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავი, რომელთა შორისაა, Ил-22М-ის გარდა, აგრეთვე ნავსაწინააღმდეგო Ил-38, მზვერავი Ил-20 (ერთ-ერთი ასეთი ჩამოაგდო სირიის საჰაერო თავდაცვამ 2018 წელს) და რადიოელექტრონული ბრძოლისთვის განკუთვნილი თვითმფრინავი Ил-22ПП. თვითმფრინავებიდან მთლიანად ამოღებულია სამგზავრო სალონი და მის ნაცვლად დამონტაჟებულია სპეციალური აპარატურა. Ил-22М-ის შემთხვევაში, თვითმფრინავში ასევე დაემატა სამუშაო ადგილები სამეთაურო პერსონალისთვის.
- საერთო ჯამში, 1970-იან წლებში დაახლოებით 30 Ил-22 გაკეთდა. ბევრი მათგანი მომდევნო წლებში იქნა მოდერნიზებული. ამჟამადაც მიმდინარეობს უახლესი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა Ил-22 СУРТ მართვისა და რეტრანსლაციისთვის.
უკრაინაში შეჭრამდე რუსეთის შეიარაღებული ძალების ბალანსზე იყო 12 ცალი Ил-22М და 10 ცალი Ил-22 (შედარებით ძველი მოდიფიკაციის) თვითმფრინავი.
უკრაინასთან ომის მსვლელობისას, როგორც უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა პოლკოვნიკმა იური იგნატმაც შენიშნა, მინიმუმ ერთი თვითმფრინავი Ил-22М დაზიანდა. გაზეთი „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ 2022 წლის ოქტომბერში წერდა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მწყობრიდან გამოიყვანა Ил-22, რომელმაც შეძლო ბაზაზე დაბრუნება, თუმცა მისი შემდგომი ბედის შესახებ დღემდე არაფერია ცნობილი.
ვერტმფრენები რადიოელექტრონულ ომში
რუსული ავიაციისთვის ასევე საკმაოდ დიდი დანაკარგია ორი ჩამოგდებული რადიოელექტრონული დაზვერვის ვერტმფრენი.
Ми-8МТПР-1 ვერტმფრენები რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი უახლესი პროდუქტია. ეს საფრენი აპარატები აღჭურვილია რადიოელექტრონული სისტემა Рычаг-АВ-ით, რომელიც შექმნილია სახმელეთო და საჰაერო რადარებთან, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საავიაციო იარაღთან საბრძოლველად. გარდა ამისა, ასეთი ვერტმფრენები ახორციელებენ ელექტრონულ დაზვერვას.
Рычаг-АВ - საიდუმლო ტექნოლოგიაა და მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ზოგადი ხასიათისაა, ამიტომ მისი ეფექტიანობის შეფასება საკმაოდ რთულია.
რუსეთი ტრადიციულად დიდ ყურადღებას უთმობს რადიოელექტრონულ ომს, ამიტომ ბოლო წლების განმავლობაში ამ ვერტმფრენებს აქტიურად იღებდა შეიარაღებაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. Military Balance-ის 2022 წლის ცნობარის მიხედვით, 2022 წლისათვის მათი რაოდენობა 30-ს აღემატებოდა.
"სულელი ზენიტჩიკი"
მოიერიშე Ка-52 და Ми-35, ისევე როგორც სამხედრო-სატრანსპორტო Ми-8, ასევე საკმაოდ ღირებული საფრენი მანქანებია, მაგრამ ომის დროს ასეთი აპარატები ხშირად ხვდებიან ფრონტის ხაზის მახლობლად და, შესაბამისად, ხშირად ნადგურდებიან.
არ არის გამორიცხული, რომ ამ აპარატებიდან იერიში მიიტანეს „ვაგნერის“ ბოევიკებზე. ყოველ შემთხვევაში, ასე ამტკიცებს მეამბოხეთა მეთაური ევგენი პრიგოჟინი. „ვაგნერის“ დაჯგუფებას (რომელმაც ფაქტობრივად დაიკავა დონის როსტოვი და ვორონეჟის გავლით მოსკოვისკენ მიიწევდა) შეიარაღებაში ნამდვილად ჰქონდა საზენიტო სარაკეტო სისტემები „Панцирь-С1“.
გარდა ამისა, ვიდეოში, რომელიც სავარაუდოდ გადაღებულ იქნა ვორონეჟის მახლობლად, დაბალ სიმაღლეზე მფრინავ Ка-52-ს, სავარაუდოდ, გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემიდან ესროლეს.
ამბოხებულთა მოქმედება შეიძლება იმით აიხსნას, რომ Ми-8 ვიზუალურად თითქმის არაფრით განსხვავდება Ми-8МТПР-1-ისგან, ამიტომ იოლია მისი საშიშროებად აღქმა, მაგრამ, როგორც სამხედრო ექსპერტები შენიშნავენ, დიდი Ил-22-ის ჩამოგდებას, რომელიც არცერთ მოიერიშე თვითმფრინავს არ ჰგავს, არანაირი აზრი არ ჰქონდა.
რუსეთის პირველი არხის კორესპონდენტმა ირინა კუქსენკოვამ თავის ტელეგრამარხზე ევგენი პრიგოჟინის სიტყვებზე დაყრდნობით დაწერა, რომ დამნაშავე ყოფილა „ვაგნერის“ მეზენიტე.
როცა პრიგოჟინს სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბში ჰკითხეს, რატომ ჩამოაგდეს თვითმფრინავი, რომელსაც არ შეუძლია იერიშის მიტანა, მან ასე უპასუხა: „სულელი მეზენიტე, რაც ჰაერში ფრინდებოდა, ყველაფერს აგდებდა“.
კრემლში ხვდებიან, რომ თავდაცვის სამინისტროსათვის მიყენებული რეპუტაციული და მატერიალური ზიანი მნიშვნელოვანია, ხოლო მთავარი მეამბოხისა და მისი რაზმების დაუსჯელად დატოვებამ შეიძლება სათავე დაუდოს სამხედრო ელიტისა და პოლიტიკური ხელისუფლების შეუქცევად გაუცხოებას. ალბათ ამიტომაც ვლადიმირ პუტინი ყველანაირად ცდილობს ძალოვანი უწყებების, განსაკუთრებით კი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების გულის მოგებას.
„რთულ ვითარებაში თქვენ იმოქმედეთ მკაფიოდ, ჰარმონიულად, საქმით დაამტკიცეთ თქვენი ერთგულება რუსეთის ხალხისადმი და სამხედრო ფიცისადმი, გამოავლინეთ პასუხისმგებლობა სამშობლოს ბედისა და მისი მომავლის წინაშე“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა 26 ივნისს კრემლში გამართულ თათბირზე, სადაც მან ასევე აღნიშნა:
„სახელმწიფო სათანადოდ დააფასებს ყველა იმ ადამიანის ღვაწლს, ვინც მონაწილეობა მიიღო საბრძოლო მუშაობის ამ ნაწილში. დაფასებაში სახელმწიფო ჯილდოებს ვგულისხმობ. უკვე ვუთხარი თავდაცვის მინისტრს და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო: მათგან, ვინც სათანადოდ იჩენს თავს საბრძოლო საქმეში, უახლოეს მომავალში უნდა ჩამოყალიბდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის ხერხემალი“.