ნიკა გვარამია: შემდეგი გაჩერება - სტრასბურგი! ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ

ფოტო არქივიდან: ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია, "მთავარი არხის" პატიმრობაში მყოფი დირექტორი, რომლის საქმეც უზენაესმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო, აპირებს სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს. ამ შინაარსის განცხადება ფეისბუკზე, მის გვერდზე გამოქვეყნდა.

"შემდეგი გაჩერება - სტრასბურგი! რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს, რა ძალისხმევადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ. ჯერ - ჩემს სიმართლეს, შემდეგ - სხვების დანაშაულს!" - წერია ნიკა გვარამიას სახელით გამოქვეყნებულ პოსტში.

ასევე ნახეთ კობახიძე: თუ ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებს, გამოდის, რომ ეთანხმება მის შეფასებას [რეზიდენტი]

გუშინ, 19 ივნისს, "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამიას ადვოკატების საკასაციო სარჩელი უზენაესმა სასამართლომ განსახილველადაც არ მიიღო (დაუშვებლად ცნო).

ასევე ნახეთ გვარამია პატიმრობაში რჩება - უზენაესმა საქმე დაუშვებლად ცნო - აცხადებს "მთავარი არხი"

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.

ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აშშ-ის საელჩომ ამერიკაში დაგეგმილ პროგრამაში მონაწილეთა სიიდან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ამოიღო.

2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.