Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: თუ ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებს, გამოდის, რომ ეთანხმება მის შეფასებას [რეზიდენტი]


ფოტო არქივიდან: ირაკლი კობახიძე და სალომე ზურაბიშვილი
ფოტო არქივიდან: ირაკლი კობახიძე და სალომე ზურაბიშვილი

მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ შეიწყალებს პატიმრობაში მყოფ "მთავარი არხის" დირექტორს. მას ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს. ნიკა გვარამიას საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გახსოვთ, თავის დროზე როგორ მოიხსენიებდა გვარამია სალომე ზურაბიშვილს, როცა ის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. ერთი სიტყვა შემიძლია გავიხსენო, მეორეს უბრალოდ არ გავიხსენებ, ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. მას უწოდებდა რეზიდენტს. თუ სალომე ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებს, გამოდის, რომ გვარამიას შეფასებას მის მიმართ ეთანხმება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება. როგორც ჩანს, პრეზიდენტს გარკვეული წითელი ხაზები აქვს, რაც ძალიან კარგია და იმედია, რომ ეს წითელი ხაზები არ გადაიკვეთება", - აცხადებს კობახიძე.

გუშინ, 19 ივნისს, "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამიას ადვოკატების საკასაციო სარჩელი უზენაესმა სასამართლომ განსახილველადაც არ მიიღო (დაუშვებლად ცნო).

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.

ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აშშ-ის საელჩომ ამერიკაში დაგეგმილ პროგრამაში მონაწილეთა სიიდან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ამოიღო.

2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.

XS
SM
MD
LG