შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა, თურქეთს გადასცეს ერდოანის კრიტიკოსი

შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტენსონი (მარცხნივ) და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი. ანკარა, 8 ნოემბერი, 2022.

შვედეთის მთავრობამ რიგგარეშე სხდომაზე გადაწყვიტა, თურქეთს გადასცეს ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მხარდამჭერი. ამის შესახებ შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი SVT იტყობინება. ანკარა PKK-ს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

საუბარია თურქეთის 35 წლის მოქალაქეზე, რომელსაც თურქეთის სასამართლომ 2013 წელს 4 წლითა და შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის.

30 მაისს შვედეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ექსტრადიციის კანონისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად, არ არსებობს რაიმე დაბრკოლება მისი თურქეთში ექსტრადირებისთვის.

შვედეთის უზენაეს სასამართლოში საქმის გარჩევისას თურქეთის მოქალაქე თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ მისი ექსტრადიციის თაობაზე მოთხოვნის რეალური მიზეზი PKK-ს მხარდაჭერა იყო.

მისი თქმით, მან თურქეთი კანონიერად დატოვა მას შემდეგ, რაც ვადაზე ადრე პირობით გაათავისუფლეს და შვედეთში მუშაობის ნებართვა მიიღო.

მაუწყებლის ცნობით, ეს არის PKK-ს მომხრეების პირველი ექსტრადიცია თურქეთში მას შემდეგ, რაც შვედეთმა ნატოში გაწევრიანება მოითხოვა.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ შვედეთმა და მეზობელმა ფინეთმა განაცხადეს, რომ ნატოში გაწევრიანება სურთ და უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში იცავდნენ.

ასევე ნახეთ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მიზანი ნატოში გაწევრიანებაა

მიმდინარე წლის აპრილში ფინეთი ოფიციალურად გახდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 31-ე წევრი. შვედეთი კანდიდატის სტატუსით რჩება. თურქეთი კვლავაც წინააღმდეგია მისი წევრობისა. ანკარა მოითხოვს, რომ შვედეთმა მკაცრი პოზიცია გამოიჩინოს PKK-ს მიმართ და თურქეთს გადასცეს 100-ზე მეტი ქურთი აქტივისტი, რომლებმაც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს.

ასევე ნახეთ თურქეთი: შვედეთმა ჯერ კიდევ უნდა დააკმაყოფილოს მოთხოვნები ნატოში გასაწევრიანებლად

მაისში შვედეთის პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლებიც აძლიერებს ქვეყნის ანტიტერორისტულ კანონებს, მათ შორის - ითვალისწინებს რვა წლამდე პატიმრობას ექსტრემისტულ ორგანიზაციებში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულთათვის. ცვლილებები 1 ივნისიდან შევიდა ძალაში.