Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი: შვედეთმა ჯერ კიდევ უნდა დააკმაყოფილოს მოთხოვნები ნატოში გასაწევრიანებლად


თურქეთი აფასებს შვედეთის ნაბიჯებს ნატოში გაწევრიანებისთვის თანხმობის მისაღებად, მაგრამ ჯერ კიდევ "ნახევარ გზაზეც" არ არის იმ ვალდებულებების შესრულებისკენ, რომლებიც ანკარის მხარდაჭერის მისაღებად იკისრა, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 22 დეკემბერს.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ შვედეთის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, არ გადასცეს თურქეთს 2016 წლის წარუმატებელ გადატრიალებასთან სავარაუდო კავშირებისთვის ძებნილი პირი, "მოწამლა" სამხედრო ალიანსში შვედეთის წევრობაზე მოლაპარაკებების პოზიტიური ატმოსფერო.

შვედეთმა და ფინეთმა წელს შეწყვიტეს სამხედრო მიუმხრობლობის ხანგრძლივი პოლიტიკა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადაწყვიტეს ნატოში გაწევრიანება. ახალი წევრის მისაღებად ალიანსის ამჟამინდელი 30 წევრის ერთსულოვანი თანხმობაა საჭირო. თურქეთი ამ ეტაპზე თავს იკავებს და ფინეთისა და შვედეთისგან მოითხოვს, გაუსწორდნენ იმ ჯგუფებს, რომლებსაც ის ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს და სურს ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებში ეჭვმიტანილი ადამიანების ექსტრადირება.

ნატოს 28 ქვეყნის პარლამენტებმა უკვე მოახდინეს შვედეთისა და ფინეთის წევრობის რატიფიცირება. მხოლოდ თურქეთს და უნგრეთს არ მიუციათ თანხმობა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ტობიას ბილსტრომთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჩავუშოღლუმ თქვა, რომ თურქეთის მთავრობა ჯერ კიდევ ელოდება „კონკრეტულ გადაწყვეტილებებს“ ექსტრადიციებისა და ქონების გაყინვის შესახებ.

„დოკუმენტი არსებობს და უნდა განხორციელდეს. ჯერ შუა გზაზეც არ ვართ. დასაწყისში ვიმყოფებით“, - თქვა მან მემორანდუმზე, რომელსაც თურქეთმა, შვედეთმა და ფინეთმა ხელი მოაწერეს ივნისში. მემორანდუმის თანახმად, ორი ქვეყანა შეთანხმდა, მოაგვარონ თურქეთის უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის ქურთი მეამბოხეებისა და იმ ადამიანების დეპორტაციისა და ექსტრადირების მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებული არიან აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი სასულიერო პირის, ფეთულა გიულენის ქსელთან. თურქეთის მთავრობა გიულენს 2016 წლის გადატრიალების მცდელობის მოწყობაში ადანაშაულებს, რასაც ის უარყოფს.

ბილსტრომის ვიზიტი თურქეთში გაიმართა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც შვედეთის უმაღლესმა სასამართლომ უარი თქვა ჟურნალისტ ბულენ ქენესის ექსტრადირებაზე. ქენესს თურქეთი გადატრიალების შემსრულებელთა შორის ასახელებს.

ქენესი, რომელმაც თავშესაფარი მიიღო შვედეთში, ინგლისურენოვანი გაზეთის, Today's Zaman-ის რედაქტორი იყო. გაზეთი გიულენის ქსელს ეკუთვნოდა და ის მთავრობამ დახურა.

„მოლაპარაკება (თურქეთსა და შვედეთს შორის) კონსტრუქციულად გრძელდებოდა, - განაცხადა ჩავუშოღლუმ, - მაგრამ ამ ბოლო (ინციდენტმა), ქენესის ექსტრადიციის უარყოფამ, სამწუხაროდ, სერიოზულად მოწამლა ეს ატმოსფერო.”

ბილსტრომმა გაიმეორა, რომ შვედეთს გადაწყვეტილი აქვს შეასრულოს თავისი ვალდებულებები და თქვა, რომ სტოკჰოლმი ანტიტერორისტული კანონმდებლობის გაძლიერების პროცესშია. „ჩემი გზავნილი მინისტრ ჩავუშოღლუს და თურქი ხალხის მიმართ ცხადია: შვედეთი ასრულებს დანაპირებს. ჩვენ სერიოზულად ვუყურებთ შეთანხმებას. ჩვენ წამოვიწყეთ ნაბიჯები ყველა პუნქტზე და გავაგრძელებთ მის განხორციელებას“, - განაცხადა შვედმა მინისტრმა.

XS
SM
MD
LG