Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთი ოფიციალურად გახდა ნატოს წევრი


ნატოს და ფინეთის დროშები ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ. ჰელსინკი. 4 აპრილი, 2023 წელი
ნატოს და ფინეთის დროშები ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ. ჰელსინკი. 4 აპრილი, 2023 წელი

ფინეთი ოფიციალურად გახდა ნატოს წევრი. მისი დროშა დღეს, 4 აპრილს, აღიმართა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინასთან. ფინეთი ალიანსის 31-ე წევრი სახელმწიფოა. მან ტრადიციულ ნეიტრალიტეტზე უარის თქმა და ნატოში შესვლა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გადაწყვიტა.

ბრიუსელში ოფიციალურ ცერემონიას ესწრებოდა ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე. როგორც მან განაცხადა, ქვეყნის ისტორიაში დასრულდა სამხედრო კავშირებს მიღმა ყოფნის დრო და ახალი ერა იწყება.

ნატოში შესვლის პროცესის დასრულების ოფიციალურ დოკუმენტს დღეს ბრიუსელში მოაწერა ხელი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ და ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თანდასწრებით გადასცა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს.

ბლინკენის განცხადებით, ნატოს გაფართოება ერთადერთი რამაა, რისთვისაც პუტინს მადლობა უნდა გადაუხადონ, რადგან მიაღწია იმას, რისი თავიდან აცილებაც სურდა.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო(მარცხნივ) ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის(ცენტრში) თანდასწრებით აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს გადასცემს ნატოში ფინეთის შესვლის ოფიციალურ დოკუმენტს
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო(მარცხნივ) ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის(ცენტრში) თანდასწრებით აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს გადასცემს ნატოში ფინეთის შესვლის ოფიციალურ დოკუმენტს

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დაახლოებით სამ თვეში, 2022 წლის 18 მაისს, ფინეთმა შვედეთთან ერთად წარადგინა ნატოში შესვლის ოფიციალური განაცხადი.

შვედეთისგან განსხვავებით, ალიანსში ფინეთის მიღების ოქმის რატიფიცირებას მხარი დაუჭირეს 30-ივე წევრი სახელმწიფოს პარლამენტებმა. სულ ბოლოს, 2023 წლის მარტში, ეს გააკეთეს უნგრეთმა და თურქეთმა, რომლებსაც ამ დრომდე არ მიუციათ საბოლოო თანხმობა ნატოში შვედეთის მისაღებად.

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ ნატოში თავისი ქვეყნის ოფიციალურად შესვლის ცერემონიაზე განაცხადა, რომ განაგრძობენ მუშაობას ალიანსში შვედეთის რაც შეიძლება მალე მისაღებად, რადგან ამის გარეშე ფინეთის წევრობა არასრული იქნება.

ნატოში ფინეთის გაწევრიანებას სიტუაციის მორიგი გამწვავება უწოდა კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. მან დღეს მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნატოს გაფართოება ხელყოფს რუსეთის ინტერესებს და უსაფრთხოებას, ამიტომ მიიღებენ ტაქტიკურ და სტრატეგიულ კონტრზომებს რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. შეკითხვას, როგორი იქნება კონტრზომები, პუტინის პრესმდივანმა უპასუხა, რომ ისეთი, როგორსაც რუსეთი საჭიროდ ჩათვლის.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ნატოში ფინეთის შესვლა და რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან ალიანსის საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერება და აქტივობა ზრდის უკრაინაში კონფლიქტის გაფართოების საფრთხეს. ამასთან, შოიგუს თქმით, ნატოს აქტივობა გავლენას არ მოახდენს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგზე". რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, რასაც წინ უძღოდა მოთხოვნა, რომ უკრაინა არასდროს გამხდარიყო ნატოს წევრი.

XS
SM
MD
LG