მოხალისეების ცნობით, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ასობით ადამიანი გაუჩინარდა

უკრაინა, მიკოლაევის რეგიონი, დატბორილი სოფელი აფანასიევკა

დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ხერსონის დატბორილ რეგიონში, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, 374 ადამიანის ბედი უცნობია. ამის შესახებ გამოცემა „Агентство“ მოხალისეებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემა წერს, რომ დაკარგულიდან ორი, სავარაუდოდ, გარდაიცვალა. კიდევ ერთი ადამიანი ახლახან ნამდვილად დაიღუპა.

მოხალისეთა კოორდინატორის თქმით, 9 ივნისს რამდენიმე ათეულმა ადამიანმა შეძლო წყალდიდობის ადგილებიდან გამოსვლა და მოხალისეთა რუკაზე 315 განაცხადია მონიშნული, როგორც ევაკუირებული.

მოხალისეების თქმით, უდიდეს დასახლებაში, ქალაქ ოლეშკში, მათ არ უშვებენ.

ევაკუაციის შესახებ 1 700-ზე მეტი მოთხოვნა რჩება მოხალისეთა მონაცემების ბაზაში. თითოეული მოთხოვნის უკან შესაძლოა, რამდენიმე ადამიანი ელის გადარჩენას.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10 ივნისის მდგომარეობით, 27 ადამიანი ითვლება დაკარგულად. დაიღუპა ხუთი ადამიანი, მოხდა ორ-ნახევარ ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

ხერსონის ოლქში წყალდიდობის ზონაში 47 დასახლებაა, აქედან 33 კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 14 კი - რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

კახოვკის კაშხალი დაინგრა 6 ივნისის ღამეს. უკრაინა, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებენ. რუსული მხარე ბრალდებებს უარყოფს და ჰესის გარღვევას „უკრაინის მიზანმიმართულ დივერსიას“ უწოდებს.

ამერიკელი ანალიტიკოსები თვლიან, რომ ამ კაშხლის ნგრევა აფეთქებამ გამოიწვია, თუმცა ისინი არ გამორიცხავენ, რომ ამას ხელი შეუწყო ადრეულმა დაზიანებამ ან წყლის წნევის მატებამ.