Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადმინისტრაციის ცნობით, ხერსონის ოლქში წყლის ქვეშაა 600კმ² ტერიტორია


კახოვკის ჰესის ნგრევის შედეგად წყლით დატბორილი რაიონი ქალაქ ხერსონში. 2023 წლის 7 ივნისი
კახოვკის ჰესის ნგრევის შედეგად წყლით დატბორილი რაიონი ქალაქ ხერსონში. 2023 წლის 7 ივნისი

დღეს დილის მონაცემებით, უკრაინის ხერსონის ოლქში წყლის ქვეშაა 600კმ² ტერიტორია. ამის შესახებ ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ პროკუდინმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, დილის მდგომარეობით, დატბორვის საშუალო დონე 5,61 მეტრია.

კახოვკის ჰესის ნგრევის შედეგად, წყლის ქვეშ მოქცეული 600 კვადრატული კილომეტრიდან 32% მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზეა და 68% - მარცხენაზე, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომელიც მარჯვენა ნაპირზე მდებარე ქალაქ ხერსონში იმყოფება, ამბობს, რომ ხალხი დაღლილია, მაგრამ პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფილი არიან და ოლქის დატოვება ბევრ მათგანს არ სურს.

უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრჰიდროენერგოს“ ინფორმაციით, გასულ 24 საათში, კახოვკის წყალსაცავში წყლის დონე თითქმის ერთი მეტრით შემცირდა. კომპანიის ცნობით, დილის 8 საათისთვის, ნიკოპოლის რაიონში წყლის დონე 13,05 მეტრს შეადგენდა. დაშლას განაგრძობს კახოვკის ჰესის წყლის გამშვები კაშხალი და ჰესის შენობასა და ჩამკეტ ჯებირს შორის არსებული ტიხარი.

რუსული სააგენტო „ტასი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ხერსონის ოლქის 15 დასახლებულ პუნქტში დატბორილია 14 000-მდე სახლი, 5 სასაფლაო, ცხოველთა სასაკლაო და ეროვნული პარკის ტერიტორია. ევაკუირებულია 4280 ადამიანი. საუბარია მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ამ ტერიტორიაზე ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება ვერ ხერხდება.

  • 6 ივნისს, უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რუსეთმა ააფეთქა "მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი" და ეს არის ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ევროპაში ადამიანის ხელით გამოწვეული უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა.
  • კახოვკის კაშხალი მდებარეობდა ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი, უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.
  • პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა უარყო რუსი სამხედროების მიერ ჰესის აფეთქება და მომხდარს უწოდა "კიევის რეჟიმის მიზანმიმართული დივერსია".
  • ანალიტიკოსების ნაწილი ერთ-ერთ ვერსიად იმას განიხილავს, რომ კაშხალი შესაძლოა, თავად დაინგრა საბრძოლო მოქმედებებით გამოწვეული დაზიანებების შედეგად.
  • კაშხლის ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის გამო საჭირო გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია.
  • უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ომის წესების და კანონების დარღვევის და ეკოციდის მუხლებით.
  • რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტერაქტის მუხლით.
  • როგორც უკრაინის ხელისუფლება, ისე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კახოვკის ჰესი აღდგენას არ ექვემდებარება.
XS
SM
MD
LG