ლუკაშენკამ სოფია საპეგა შეიწყალა

რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა 2021 წლის მაისში დააკავეს თავის მეგობართან, რამან პრატასევიჩთან ერთად.

ბელარუსის ციხეში მყოფი რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა შეწყალებულ იქნა ქვეყნის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ბრძანებულებით. საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ იუწყება, რომ ის ციხიდან გაათავისუფლეს და პრიმორიეს ოლქიდან ჩასულ რუსეთის დელეგაციას გადასცეს.

პრიმორიეს გუბერნატორმა ოლეგ კოჟემიაკომ მადლობა გადაუხადა ლუკაშენკას და თქვა, რომ საპეგამ მიიღო შანსი, „ხელახლა დაიწყოს ცხოვრება“.

სოფია საპეგა, რომელიც მაშინ 24 წლის იყო, 2021 წლის მაისის ბოლოს დააკავეს თავის მეგობართან, ბელარუსის ოპოზიციური ტელეგრამის არხის, NEXTA-ს ყოფილ მთავარ რედაქტორთან, რამან პრატასევიჩთან ერთად. თვითმფრინავი, რომლითაც ისინი ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდნენ, იძულებით დასვეს მინსკში მას შემდეგ, რაც გავრცელდა ყალბი ცნობა, რომ თვითმფრინავი დანაღმული იყო.

ბელარუსის სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სოციალური სიძულვილის გაღვივების, ძალადობის ან პოლიციის თანამშრომლების მიმართ ძალადობის მუქარის ბრალდებით. საპეგას ასევე ბრალად ედებოდა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის უკანონო შეგროვება და გავრცელება. გამომძიებლების თქმით, საპეგა მოდერატორი იყო ოპოზიციური ტელეგრამის არხზე, რომელიც ბელარუსის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების პერსონალურ მონაცემებს აქვეყნებდა.

მიმდინარე წლის აპრილში სოფია საპეგა რუსეთში ექსტრადირებაზე დათანხმდა. მანამდე მან შეწყალების მოთხოვნით მიმართა ლუკაშენკას, მაგრამ მაშინ მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.