აქციებზე დაკავებულთა ნაწილი კვლავ იზოლატორშია - ზოგი გახანგრძლივებული ვადით

აქცია საქართველოს პარლამენტთან, თბილისში 3 ივნისი, 2023 წელი.

ბოლო დღეებში თბილისსა და ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების ნაწილი კვლავ წინასწარი დაკავების იზოლატორებში რჩება, ზოგიერთი - 24-საათზე ხანგრძლივი ვადით.

მათ შორის არიან „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე, ადვოკატი - ედუარდ მარიკაშვილი და „ღია საზოგადოების ფონდის“ თანამშრომელი, უფლებადამცველი - საბა ბრაჭველი, რომლებიც თელავის დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

ედუარდ მარიკაშვილის, საბა ბრაჭველისა და კიდევ სამი დაკავებული აქტივისტის - ნოდარ სიხარულიძის, გრიგოლ ფრანგიშვილისა და ნიკოლოზ რომანაძის - უფლებებს, მათ შორის - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იცავს. ორგანიზაციის იურისტი, ვანო ჩიტაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დაკავების საფუძვლის გარდა, არც დაკავების ვადის 48 საათამდე გახანგრძლივების საფუძველი არსებობდა.

„გავრცელებულ არაერთ ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ ხუთივე მათგანის დაკავება იყო უკანონო. არ არსებობდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები. კანონით, წინასწარი დაკავების ვადაა მაქსიმუმ 24 საათი, მაგრამ შს სამინისტროს შეუძლია, რომ წინასწარი დაკავების ვადა 24 საათიდან 48 საათამდე გაზარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს დრო მტკიცებულებების მოპოვებისთვის სჭირდება. კითხვას ვსვამთ - რაში დასჭირდათ ვადის გახანგრძლივება, როცა ბევრი ვიდეო გავრცელდა ადგილიდან და ასევე პოლიციელებს აქვთ სამხრე კამერები, რაც მათ, წესით, ინფორმაციის სწრაფად მოპოვების საშუალებას აძლევს. ამიტომ ვთვლით, რომ ვადის გახანგრძლივებაც უკანონოა“, - ეუბნება ჩიტაშვილი რადიო თავისუფლებას.

ადვოკატებისთვის ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, თუ როდის დაინიშნება სასამართლო სხდომა.

ასევე ნახეთ საიას შეფასებით, აქტივისტებისთვის დაკავების ვადის გახანგრძლივებას სადამსჯელო ხასიათი აქვს
ასევე ნახეთ პოლიციამ GDI-ს თავმჯდომარე პარლამენტთან ცარიელი ფურცლის დაჭერის გამო დააკავა

ადვოკატმა ჩიტაშვილმა არ იცის, თუ ზუსტად როდის გადის 48-საათიანი ვადა, რადგან დაცვის მხარეს არც დაკავების ოქმი უნახავს და არც საქმის მასალებთან ჰქონია წვდომა. თუმცა, მის ხელთ არსებული სხვა ინფორმაციით, ვარაუდობს, რომ ეს ვადა 4 ივნისს 23:00-დან 00:00 საათამდე გადის. „ამ ვადაში უნდა გაიმართოს სასამართლო, ანდა უნდა მოხდეს მათი გათავისუფლება“, - აღნიშნავს ვანო ჩიტაშვილი, რომლის ინფორმაციითაც, დაკავებულებთან შეხვედრის საშუალება დაცვის მხარეს 3 ივნისს გათენების 06:00-საათამდე არ მიეცა:

  • „დაკავებულებთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მოგვეცა კახეთის გზატკეცილზე მდებარე პოლიციის შენობაში. ნახევარი საათზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ, ბოლოს გვითხრეს, რომ ეს ადამიანები თელავში გადაიყვანეს. დანამდვილებით რაც ვიცით, ამ დროს ედუარდ მარიკაშვილი იყო იმ შენობაში, რადგან მას სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა“;
  • „შემდეგ წავედით თელავში და ღამის სამი საათიდან დილის ექვს საათამდე არ მოგვეცა მარიკაშვილთან, ბრაჭველთან და რომანაძესთან შეხვედრის საშუალება. ესეც კანონდარღვევაა, ბუნებრივია“.

ადვოკატი ვანო ჩიტაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დაკავებულების მიმართ სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებს ბოლომდე მიჰყვებიან - როგორც შიდა სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში - სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართავენ.

საკუთარ სასამართლო პროცესს ელოდება ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელიც ასევე იყო დაკავებული და მალევე გაათავისუფლეს. როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, ასევე მზად არის, რომ დაიცვას ნებისმიერი დაკავებულის უფლებები, რომლებიც იმდენად „უდანაშაულოდ არიან დაკავებული“, რომ მათთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება „არც დღევანდელი დიქტატურის პირობებშია მოსალოდნელი“. თუთბერიძე გვეუბნება ასევე, რომ დაკავებულებიდან ზოგი დუშეთის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი, ერთი კი - სავარაუდოდ, თბილისშია.

ასევე ნახეთ შოთა თუთბერიძე: 20-მდე პოლიციელმა უკანონოდ გამიტაცა

აქციის მონაწილეები 3 ივნისს დააკავეს ბათუმში და მათ შორის არიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები - მირდატ ქამადაძე, ლევან გორგილაძე და თამაზ მახარაძე. წინასწარი ინფორმაციით, გუშინ ბათუმში დაკავებული კიდევ სამი პირი ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებულია.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი კირთაძემ უთხრა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“, ბათუმში გამართულ აქციაზე მოქალაქეები დააკავეს წარწერისთვის Говорит Москва! ეს სიტყვები მანამდე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებთან მიმართებით ევროპარლამენტარმა გამოიყენა.

2 ივნისს პარლამენტის შენობის წინ დაკავებულ კიდევ სამ პირს, მათ შორის - ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევას ედავებიან. როგორც შსს-ს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ორი პირის დაკავების საფუძველი გახდა ამავე კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლები, ერთი კი 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს.

ასევე ნახეთ ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა